Facebook Twitter

№ბს-1192(კ-21) 9 თებერვალი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 14 ნოემბერს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 17 აგვისტოს №04-00-ვ/33338 აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56352 აქტი; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნა სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის 5 წლის, 9 თვისა და 18 დღის პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სპეციალურ სტაჟში ჩათვლის გათვალისწინებით.

სარჩელის თანახმად, თ. ბ-ემ 2 წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში, 6 წელი, 4 თვე და 5 დღე - შინაგან საქმეთა ორგანოებში, 12 წელი და 8 დღე - პროკურატურის ორგანოებში, 5 წელი, 9 თვე და 18 დღე - სასამართლო ხელისუფლების სისტემაში. მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივლისს სპეციალური პენსიის დანიშვნის თაობაზე მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, რომელმაც 2018 წლის 17 აგვისტოს ნაწილობრივ დაუკმაყოფილა მოთხოვნა და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 438,51 ლარის ოდენობით, თუმცა მუშაობის სპეციალურ სტაჟში არ ჩაუთვალა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში მუშაობის სტაჟი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს სპეციალური პენსია 2018 წლის 1 აგვისტოს ნაცვლად, დაენიშნა 2018 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან, ვინაიდან იგი უკვე 65 წლისაა, პენსია დაენიშნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.3 მუხლის და არა ამავე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და 2018 წლის 1 აგვისტოდან, ნაცვლად ამავე წლის 1 სექტემბრისა, დაუნიშნა პენსია, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 17 აგვისტოს №04-00-ვ/33338 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56352 აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელისათვის სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის 5 წლის, 9 თვისა და 18 დღის პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სპეციალურ სტაჟში ჩათვლის გათვალისწინებით, პენსიის დანიშვნა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებასა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ერთიან სისტემაში, რაიონული სასამართლოს აპარატში (...ში) ...ი ...ის, ...ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობას და ითვლება სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის სტაჟად. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობაში მოიაზრება პირის მიერ სასამართლოს აპარატში დაკავებული ნებისმიერი პოზიცია, ვინაიდან კანონი აღნიშნულ ნორმაში არ აკეთებს ჩამონათვალს, კონკრეტულად რა პოზიციებზე დასაქმებული მოხელის ნამსახურობა ჩაითვლებოდა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობის სტაჟში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ იქნა გათვალისწინებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. კანონმდებელმა განსაზღვრა და დააკონკრეტა შესაბამის პირთა წრე (სუბიექტები) და ხაზი გაუსვა სპეციალობით მუშაობის ფაქტს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლში არსებული ჩანაწერი - სპეციალობით მუშაობის სტაჟი კუმულატიურად უნდა იქნეს გამოყენებული ნორმის პირობასთან.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით სააგენტომ წერილობით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც სრულად გაიზიარა სააგენტოს პოზიცია. შესაბამისად, საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებამდე, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, სააგენტო ვერ მოახდენდა მოსარჩელისათვის ...ის რაიონულ სასამართლოში ...ად და ...ედ მუშაობის პერიოდის სტაჟში ჩათვლას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 17 აგვისტოს №04-00-ვ/33338 გასაჩივრებული აქტით თ. ბ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, როგორც პროკურატურიდან დათხოვნილი მუშაკის, განხორციელდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რის გამოც 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 438.51 ლარი.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56352 აქტით თ. ბ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან განმცხადებელმა კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადებითა და საჭირო დოკუმენტებით პირველად მიმართა 2018 წლის 25 ივლისს, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა, 2018 წლის 1 აგვისტოდან (ერთი თვის უკან დახევით) უნდა განხორციელებულიყო, რაც გათვალისწინებული იქნებოდა უახლოეს პერიოდში. რაც შეეხებოდა საჩივრის ავტორისათვის პროკურატურის სტაჟში სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობის პერიოდის ჩათვლას, სააგენტომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ჩანაწერი, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის სტაჟის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი იყო, ვინაიდან ნორმა არ განმარტავდა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში რომელ პოზიციაზე მუშაობა უნდა ჩათვლილიყო სპეციალობით მუშაობის სტაჟში.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად პირი კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკებისთვის კომპენსაციის დანიშვნის წესს ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს, რომელსაც ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 აგვისტოდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია. მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, უნდა ჩაეთვალოს თუ არა მოსარჩელეს პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შემდეგ ...ის რაიონულ სასამართლოში ...ად, სასამართლოს ...ედ და კანცელარიის ...ი ...ის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკისათვის კომპენსაციის დასანიშნად გათვალისწინებულ სამუშაო სტაჟში.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.3 მუხლის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.

დადგენილია, რომ თ. ბ-ე ...ის რაიონული სასამართლოს 19.07.2002 წ. №24 ბრძანებით დანიშნულ იქნა ...ის რაიონულ სასამართლოში ...ად, ამავე სასამართლოს 01.08.2006 წ. №20 ბრძანებით გადაყვანილ იქნა ...ის რაიონული სასამართლოს ...ედ. ამავე სასამართლოს 15.02.2008 წ. №09 ბრძანებით თ. ბ-ე გათავისუფლდა ...ის თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კანცელარიის ...ი ...ის თანამდებობაზე. ამავე სასამართლოს 06.05.2008 წ. №31 ბრძანებით იგი გათავისუფლდა კანცელარიის ...ი ...ის თანამდებობიდან. ამდენად, დადგენილია, რომ თ. ბ-ემ ...ის რაიონულ სასამართლოში იმსახურა 5 წელი, 9 თვე და 18 დღე.

სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაზე (მოსარჩელის მიერ ...ის რაიონულ სასამართლოში მუშაობის პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასამართლოს აპარატი, ხოლო მე-8 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სასამართლოს თავმჯდომარის აპარატი; ბ) მოსამართლის აპარატი; გ) კანცელარია და დ) არქივი. აღნიშნული წესის 24-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში კანცელარია (ექსპედიცია) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ერთიან სისტემაში, რაიონული სასამართლოს აპარატში (მათ შორის, კანცელარიაში) სპეციალობით მუშაობის პერიოდი წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე