Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1283(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მესამე პირები - თ. მ-ი, ე. გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ლ-ემ 2018 წლის პირველ ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიმართ და ამავე აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის დარგობრივი კომისიის 2018 წლის 12 აგვისტოს №3 სხდომის ოქმის - მოსარჩელის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა (პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა საფუძვლით), დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება - 3000 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ლ. ლ-ე მონაწილეობდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ 2018 წლის ივლისში გამოცხადებულ ღია კონკურსში ფერწერის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. მოსარჩელის აზრით, მას აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარი ეთქვა დისკრიმინაციული მოტივით, რაც უკავშირდებოდა წარსულში მის საქმიანობას აკადემიაში სწავლების განსხვავებული მეთოდისა და მიდგომის, ასევე, პოლიტიკური შეხედულებების გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულად იდევნება აკადემიის მხრიდან, რის გამოც მას არ ეძლევა საშუალება დაიკავოს აკადემიური თანამდებობა და განაგრძოს სწავლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საკონკურსო კომისიის 2014 წლის 19 აგვისტოს №6 სხდომის ოქმით, ფერწერის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის 2 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, 3 კანდიდატიდან უპირატესობა მიენიჭათ ე. გ-ისა და თ. მ-ის. ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა, რომლებიც იცნობდნენ ლ. ლ-ეს და მის მოღვაწეობას, განმარტეს, რომ ლ. ლ-ე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე მოწვეულ პედაგოგად წლების განმავლობაში მუშაობდა, რა დროსაც მისი მხრიდან ხშირი იყო არაკოლეგიალური ქცევა, არაჯანსაღი, სასწავლო პროცესისათვის შეუსაბამო გარემოს შექმნა, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებო პროცესზე. დასახელებული ოქმი ლ. ლ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 3 ივლისს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკომენდაციით მიმართა აკადემიას ლ. ლ-ეის ნაწილში 2014 წლის 19 აგვისტოს №6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მის მიმართ ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, ლ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ლ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლებსა და მის დამატებით ოქმზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1986 წლის 4 დეკემბრის დეკლარაციასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაირღვა საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების უფლება, შრომის, აზრისა და სინდისის თავისუფლება. იგი იდევნება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მიერ სწავლასა და სწავლებაზე განსხვავებული შეხედულებების გამო.

კასატორი ასევე მიუთითებს რომ ქვედა ინსტანციის სასაართლოებმა ფართოდ გამოიყენეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუმცა მათი მიმოხილვა არ პასუხობს კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებებს. სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ აკადემიაში დასაქმებული ადამიანებიდან გარკვეულ ნაწილს აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა მათი დისკრიმინაცია ამ ნიშნით არ ხდება. კასატორის მოსაზრებით კი, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, უნდა დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ლ-ეისთვის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება, რომლის ძირითად საფუძვლად მოსარჩელე დისკრიმინაციული მოპყრობის ასახელებს. ამრიგად, განსახილველი დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო სადავო აქტის კანონიერების შეფასების გარდა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აგრეთვე მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას, რადგან ასეთი ფაქტის დადასტურებაზეა დამოკიდებული მოსარჩელის უფლებებში აღდგენა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. დასახელებული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ამ პრინციპების დაცვას კი, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები უზრუნველყოფენ. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

კონკურსის ჩატარების წესები კი, დადგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელიძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდებით, რომლის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასისტენტ-პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნენ არასახელოვნებო სპეციალობისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, ასევე, სახელოვნებო სპეციალობებისთვის - შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს თსსა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მიზანია შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე რეგისტრირებულ პრეტენდენტთაგან საუკეთესოს გამოვლენა და მისი აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა. საუკეთესოს გამოვლენა გულისხმობს თითოეული კანდიდატის, მისი პროფესიული უნარების, გამოცდილების, სამეცნიერო თუ შემოქმედებითი პოტენციალისა და ა.შ. შეფასებას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნების ჭრილში. კონკურსის მიზანია პრეტენდენტთაგან გამოავლინოს ის კანდიდატი, რომელიც მაქსიმალურად შეეფერება შესაბამის ვაკანტურ თანამდებობას. კომისიის გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პრეტენდენტთაგან საუკეთესო ხელოვანის, მეცნიერის ან პედაგოგის გამოვლენა, რამეთუ მხოლოდ ამ ტიპის შეფასება არ წარმოადგენს კომისიის ძირითად მიზანს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კონკურსანტების პროფესიული და პიროვნული თვისებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა საკონკურსო კომისიის დისკრეციის სფეროა, რაც საკონკურსო კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. განსახილველ შემთხვევაში კომისიის წევრები არ უარყოფენ კონკურსის პრეტენდენტთა პროფესიონალიზმს, ანუ იმ გარემოებას, რისი შემოწმებაც სასამართლოს ობიექტურად შეუძლია. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცემის სუბიექტურ საფუძვლებსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, აღნიშნული კომისიის დისკრეციის სფეროს შეადგენს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომისიამ კანდიდატთა პროფესიული და პიროვნული თვისებების, მათი პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე კოლეგიურად მიიღო გადაწყვეტილება სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ე. გ-ის და თ. მ-ის არჩევის შესახებ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კასატორი თავადვე არაერთ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს თანამშრომლების ნაწილთან უკმაყოფილებას, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ მის სასწავლო პოლიტიკას.

მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში არ ვლინდება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები და კომისიის გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, ხოლო კასატორი ვერ ადასტურებს კონკურსის პროცედურული წესების დარღვევით ჩატარებასა და გამარჯვებული კანდიდატების დაკავებულ თანამდებობებთან შეუსაბამობას, ასევე არ დასტურდება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. შესაბამისად, მართებულია სასამართლოთა დასკვნა, რომ არ არსებობდა სადავო გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

რაც შეეხება კასაციის ძირითად მოტივს, რომ ლ. ლ-ეის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო მისადმი დისკრიმინაციული მოპყრობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კასაციის მიზეზების გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა საქმეში დაცული მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე დისკრიმინაციულ მოპყრობასთან მიმართებით უთითებს, რომ მას უარი ეთქვა აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე სრულიად დაუსაბუთებლად, განსხვავებული შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციის ნიშნით. განსხვავებულ შეხედულებაში მოსარჩელე მოიაზრებს იმას, რომ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სწავლაზე და სწავლებაზე, რაც გულისხმობს მის აკადემიურ თავისუფლებას, რომ მან ასწავლოს სტუდენტებს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და ამისთვის არ იყოს განდევნილი. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურების ერთ-ერთ მტკიცებულებად მოსარჩელე ასევე მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ სტუდენტთა 2008-2009 წლის განცხადებებს. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი დისკრიმინაცია აკადემიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მითითებებით მოსარჩელის მხრიდან მოხდა გონივრული ვარაუდის _ პრეზუმფციის შექმნა შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის მოტივირებული დისკრიმინაციული ნიშნით. ამრიგად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოითხოვოს პირმა არა ყოველგვარი მორალური ზიანისთვის, არამედ მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შემთხვევას ასევე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული სიკეთის ხელყოფა. მოცემულ დავაში ასეთი სიკეთე უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უფლება, მათ შორის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი დადასტურებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ და უნდა იყოს დადგენილი, რომ მისმა ხელყოფამ გამოიწვია ზიანის მიყენება, რაც საბოლოოდ, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადგინოს უფლების დარღვევა ან უარყოს მისი დარღვევის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ არის. შესაბამისად, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე ლ. ლ-ეის მიმართ განსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაცია და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც, ამ ნაწილშიც მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულ უნდა იქნეს სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 15 ოქტომბერს საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. ქ. ბ-ეს (პ/ნ ...) უკან დაუბრუნდეს ლ. ლ-ეის საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 15 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე