საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-999(კ-21) 24 თებერვალი, 2022 წელი
ბს-999(კ-21) დარსაძე თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. დ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. დ-ემ 2020 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და „ზ. დ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული სადავო აქტი უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელეს არასოდეს მოუპოვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბოლოს მან აიღო 2019 წლის 14 მაისს ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საელჩოს მეშვეობით. საქართველოში ცხოვრების პერიოდში არასოდეს ჩაუდენია რაიმე დანაშაული. 2004 წლიდან ბიზნეს საქმიანობას ეწევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაუსვლელად ცხოვრობს ესპანეთში.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის უკანონო ქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. დღეის მდგომარეობით კი, ზ. დ-ე არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ზ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ზ. დ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანება; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში (ზ. დ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა „ზ. დ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 21 თებერვალს მიღებული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ზ. დ-ეის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული დასკვნის მიღებისას სააგენტო, თავის მხრივ, დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 17 იანვრის №MIA 02000128796 წერილსა და ამავე წერილის თანადართულ ზ. დ-ეის სახელზე გაცემულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლს, რომლის მიხედვითაც ეს უაკანასკნელი ფლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა 2010 წლის 11 იანვრის მდგომარეობით.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, ნაცვლად ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დაეყრდნო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ მოსკოვის საიმიგრაციო საკითხების სამმართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვების განყოფილების უფროსის მოადგილის ა.ვ. ...ის 2020 წლის 20 ოქტომბრის №3/207718839629 ელექტრონულ მიმართვაზე წერილობით პასუხს (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს), რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ მოსკოვის მთავარი სამმართველოს ოპერატიული მმართველობის ავტომატიზირებულ მონაცემთა ბაზაში ზ. დ-ეის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე მონაცემები არ არსებობდა. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილით სასამართლო მივიდა მცდარ დასკვნამდე, რომ ზ. დ-ე, დაბადებული 16.02.1973 წელს, ქალაქ ქუთაისში, არ იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
კასატორის მითითებით, რაც შეეხება ზ. დ-ეის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საზღვრის კვეთის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2021 წლის 25 თებერვლის წერილი არასრულია, რამდენდაც საზღვრის კვეთა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არსებითად არაფრის მამტკიცებელია და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია არის 2010 წლის პირველი იანვრიდან ხოლო პასპორტი გაცემულია იმავე წლის 11 იანვარს. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ამგვარი დასკვნისათვის სრულად შეუსაბამოა და შესაბამისად, რაიმე კონკრეტული გარემოების დასამტკიცებლად არასათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც სასამართლოებს უნდა მიეთითებინათ სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა სასამართლომ აღნიშნული საპროცესო დებულება საერთოდ არ გამოიყენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას და მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Va № de Hurk v. №etherla №ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai № [GC] par.26; Jah №ke a №d Le №oble v Fra №ce (dec.); Perez v Fra №ce [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით. აღნიშნული დებულების 38-ე მუხლის მეორე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ზ. დ-ეის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე 2020 წლის 23 იანვრის №1000701763 განცხადება/წარდგინება და მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. სააგენტოს ამგვარ დასკვნას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 17 იანვრის №MIA 02000128796 წერილი და ამავე წერილზე თანდართული, ზ. დ-ეის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი, რომლის მიხედვითაც ზ. დ-ე ფლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა 2010 წლის 11 იანვრის მდგომარეობით. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანებულებით კი, ზ. დ-ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის საფუძვლით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქმის მასალებში დაცულია, ასევე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ მოსკოვის მს-ს საემიგრაციო საკითხების სამმართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვების განყოფილების უფროსის მოადგილის ა.ვ. ვ-ის 2020 წლის 20 ოქტომბრის ელექტრონულ მიმართვაზე წერილობითი პასუხი, რომლითაც ზ. დ-ეს ეცნობა, რომ მის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ მოსკოვის მთავარი სამმართველოს ოპერატიული მმართველობის ავტომატიზირებულ მონაცემთა ბაზაში, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობდა. ზ. დ-ე, დაბადებული 16.02.1973 წელს, ქალაქ ქუთაისში, არ იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2021 წლის 25 თებერვლის №MIA 1 21 00461372 წერილის თანახმად, კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ზ. დ-ეის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 25 თებერვლამდე არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიმართ საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლის მიხედვით, ზ. დ-ეის სახელზე რუსეთის პასპორტი გაცემულია 2010 წლის 11 იანვარს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დასახელებული გარემოებები ქმნის წინაპირობას დასკვნისა, რომ მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა უსაფუძვლოდ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას, მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა, რომლის ნამდვილობაც მოცემულ შემთხვევაში ეჭქვეშ დგება. მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნისადმი კუთვნილება წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა იმ პირობებში, როცა საქმეზე წარმოდგენილია კომპეტენტური ორგანოების წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნის ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით უტყუარად ადასტურებენ ზ. დ-ეის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის არქონის, ასევე საზღვრის კვეთის დაუდასტურებლობის ფაქტს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 27 თებერვლის №64 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება ზ. დ-ეის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე