საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-991(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იი. ტ-ემ 2020 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2020 წლის 11 მაისის №1000708468 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ი. ტ-ეს მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ტ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 მაისის №1000708468 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ტ-ეს სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განმცხადებელს 2020 წლის 10 აპრილის №1000708468/7 წერილით დაუდგინდა ხარვეზი და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დაევალა 2020 წლის 11 მაისამდე, სააგენტოსთვის წარედგინა დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, გარდა ამისა, ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე დაევალა, საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა. განმცხადებელმა 2020 წლის 9 მაისის წერილით მხოლოდ ნაწილობრივ წარადგინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტები; კერძოდ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად არ იყო წარდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 10 აპრილის №1000708468/7 წერილით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტების სრულად წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე - 5 ნაწილის მიხედვით, განცხადება დატოვა განუხილველად.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობის მიხედვით, დამსაქმებლის წლიური ბრუნვა შეადგენდა „0“ ლარს, სააგენტოს განმცხადებლისთვის უნდა მოეთხოვა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტი, კერძოდ ცნობა იმის თაობაზე, რომ: ა) მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით, კასატორის მოსაზრებით, იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლში 2020 წლის 6 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება და დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები, სააგენტოში საქმის განხილვისას, როგორც ხარვეზის დადგენის (2020 წლის 10 აპრილი), ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე (2020 წლის 11 მაისი) აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა არარსებული საკანონმდებლო დათქმებით. ამასთან საგულისხმოა, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული ცვლილება შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც „დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად“, რაც მოსარჩელის შემთხვევაში არ იყო სახეზე. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ცნობის ნაცვლად სხვაგვარი ცნობის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტურად შეუძლებელია შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილის, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად, ამდენად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტოს 2020 წლის 11 მაისის N1000708468 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს შრომითი ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. 131 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს განცხადების განხილვის პროცესში სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-5 მუხლით დადგენილია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, დოკუმენტების წარდგენისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წარდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 მაისის №1000708468 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ი. ტ-ეს 2020 წლის 9 აპრილის განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დარჩა განუხილველად.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 10 აპრილის წერილით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სააგენტოში 2020 წლის 11 მაისის ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული წერილის თანახმად, განმცხადებელს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიეთითა, რომ მის მიერ წარსადგენი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ამასთანავე დაევალა საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები მატერიალური ფორმით წარდგენა.
დადგენილია, რომ ი. ტ-ემ 2020 წლის 9 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა 2019 წლის 2 ივლისის შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩლე ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დასაქმებულია ა(ა)იპ „...ში“, ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით და ძალაშია 2022 წლის 2 იანვრამდე. განცხადებას ასევე დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 თებერვლის ცნობა, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (06.02.2020 წლის მდგომარეობით) შპს „...ის“ 2019 წლის წლიური ბრუნვა წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით შეადგენს „0“ ლარს, ასევე დაურთო შპს „...ის“ მიერ 2020 წლის 25 მარტს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ი. ტ-ე მუშაობს შპს „...ში“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელად და მის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, კერძოდ, შეადგენს ხელზე ასაღები 1300 (ათას სამასი) ლარს, ხოლო შპს „...ის“ 2020 წლის 16 მარტის ცნობით დასტურდება, რომ შპს „...ში“ დასაქმებულია ერთი უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე. მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტებისა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 მაისის N1000708468 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული ი. ტ-ეს 2020 წლის 9 აპრილის N1000708468 განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნათლად არ გამოკვეთა ხარვეზის დადგენის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 თებერვლის ცნობა, რომელიც არ ასახავდა განმცხადებლის მიერ წარსადგენ ინფორმაციას და სახეზე იყო განმცხადებლის მხრიდან დაშვებული შეცდომა, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის, მიხედვით ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისთვის გაეწია სამართლებრივი დახმარება, გაეცნო მისი უფლებები, ასევე მიეთითებინა განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას (№520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი) და ასევე მიუთითა იმ ნორმატიულ დანაწესზე, რომელიც ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენის სავალდებულოობას, თუმცა განმცხადებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის დადგენისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის გარეშე მიიღო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან საგულისხმოა, რომ ი. ტ-ეს მიერ შრომითი ბინადრობის მოსაპოვებლად დამატებით წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაშია ზემოაღნიშნული მუხლის ნორმატიულად განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რამდენადაც, 2020 წლის 25 მარტს გაცემული ცნობით, ი. ტ-ეს საქართველოში შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. ამასთან, 2020 წლის 17 სექტემბრის ცნობით დადასტურებულია, რომ შპს „...ის“ 2019 წლის შემოსავლები შეადგენდა 384 924 ლარს, 2020 წილს 31 აგვისტოს მდგომარეობით მიღებული შემოსავლები შეადგენდა 1 257 646,48 ლარს, წლის ბოლომდე დაახლოებით მისაღებ შემოსავლად განსაზღვრული იყო 240 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 08 აპრილის ცნობით დადასტურებულია, რომ საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტს შეადგენს ა(ა)იპ „...სა“ და კერძო სპონსორების დაფინანსება. თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას, წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება და მითითებული გარემოების გათვალისწინება არ დასტურდება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სადავო აქტის მიღებისას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 პუნქტის მე-3 და მე-4 პუნქტების არარსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. იმ პირობებში როდესაც საკანონმდებლო აქტი, კერძოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სავალდებულო პირობებს, კანონქვემდებარე აქტში, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე სახის პროცედურული საკითხის რეგულაციის არარსებობაზე მითითება არარელევანტურია.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა განმცხადებლის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 10 აპრილის წერილით (ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდა 22.04.2020 წელი) განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებები, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ი. ტ-ეს მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 08.10.2021წ. №16046 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა