საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-813(კ-21) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:გ. მ-იმა 2020 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და „მოსარჩელის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში“ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2020 წლის 8 სექტემბრის №281 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, „გ. მ-იის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე“ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით გ. მ-იისს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სასამართლში სხდომის მდივნად ან თანაშემწედ მუშაობა გამორიცხავდა მოსარჩელის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრინებას, რადგან ასოციაციაში გასაწევრიანებლად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის ვადაში ადვოკატად, პროკურორად ან მოსამართლედ განწესების აუცილებლობა კანონის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი, 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და დასახელებულ ნორმებთან მიმართებით მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ №3/2427-15 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ყოფილი პროკურორი, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანაშემწეც იმავე და არანაკლები დონის სავალდებულო საკორპორაციო კონტროლის პირობებში ინიშნება თანამდებობაზე და ახორციელებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 58-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის ფუნქციები. იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს. აქედან გამომდინარე, მოსამართლის თანაშემწე, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, იყენებს შეძენილ პროფესიულ ცოდნას, სისტემატიურად იმაღლებს კვალიფიკაციას, იძენს და სრულყოფს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც განაპირობებს იმის მტკიცების ვარაუდს, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგები 10 წლის შემდეგაც არ კარგავს იურიდიულ ძალას. ამდენად, მოსარჩელე დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და მოპასუხის დავალებულებას, მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. მ-იისთვის საქართველოს ადვოკათა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2020 წლის 8 სექტემბრის სადავო გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელიც აწესებს აუცილებელ მოთხოვნებს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირისათვის. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტით კი, დადგენილია ადვოკატთა სერტიფიკატის მოქმედების 10-წლიანი ვადა. ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით აღმასრულებელმა საბჭომ მიუთითა, რომ ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს თუ პირი ტესტირების გავლიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ადვოკატთა ტესტირებაგავლილი პირი, არამედ აგრეთვე მოსამართლეთა, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებული პირი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი უნდა განიმარტოს ამავე კანონის სხვა ნორმებთან და უპირველეს ყოვლისა მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან სისტემურ კავშირში, რომლის თანახმად, საპროკურორო და სასამართლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაიწყოს საადვოკატო საქმიანობა. ამდენად, კანონმდებელი სამივე იურიდიულ ფაქტს - ადვოკატთა ტესტირების გავლას, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას უკავშირებს საადვოკატო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას, რაც განპირობებულია ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის მაღალი ფუნქციური დანიშნულებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
საკასაციო სასამართლო ამასთანავე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად; გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველია მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლა, ასევე თუ პირი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად. შესაბამისად კანონის იმპერატიული დანაწესის თანახმად, მითითებული პირობების არარსებობა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან პირისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. მ-იმა 2008 წლის 26 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. იგი 2008 წლის 26 ნოემბრიდან დღემდე არ გაწევრიანებულა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, არ დანიშნულა პროკურორის თანამდებობაზე და არ გამწესებულა მოსამართლედ. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს №279 ცნობის მიხედვით, დასტურდება, რომ გ. მ-ი ...დან ...მდე მუშაობდა მესტიის რაიონულ სასამართლოში ...ის ...ის თანამდებობაზე, ...დან ...მდე მუშაობდა თიანეთის რაიონულ სასამართლოში ...ის ...ის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ...დან დღემდე მუშაობს თელავის რაიონული სასამართლოს ...ის ...ის თანამდებობაზე.
დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ გ. მ-იმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ მოახდინა 2008 წელს ადვოკატთა ტესტირების ჩაბარებით მოპოვებული უფლების რეალიზაცია. მის მიერ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად, რაც მისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობას ქმნიდა. საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში სხდომის მდივნად და თანაშემწედ მუშაობა გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს მიერ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმას, რამდენადაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის ვადაში მოსამართლედ, პროკურორად ან ადვოკატად განმწესების აუცილებლობა კანონის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთანავე, არარელევანტურია კასატორის მითითება სასამართლო პრაქტიკაზე, რადგან მის მიერ დასახელებულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს ყოფილი პროკურორი (პროკურატურის მუშაკთა ტესტირებაჩაბარებული) და არა სასამართლოს თანამშრომელი. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, რაც აგრეთვე გამორიცხავს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. გ. მ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე