საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-796(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. კ-ამ 2016 წლის 30 დეკემბრის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და „უძრავ ნივთზე რეგისტირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელემ 2015 წლის 13 დეკემბერს შეიძინა ქალაქ თბილისში, ... შესახვევში (ახლანდელი ...№7) მდებარე 57,79 კვ.მ. ფართის ნახევრადსარდაფი იმ მიზეზით, რომ არქიტექტურის სამსახურიდან აღებული ჰქონდა კარის, ფანჯრის და კიბის მოწყობის ნებართვა. სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ - 2016 წლის დეკემბერში შეიტყო, რომ არსებობდა 2016 წლის 17 თებერვლის ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრთა 100%-მა მიიღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო რეგისტრირებულ წითელ ხაზებში ცვლილებების შეტანა. კრებას უნდა დასწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100% და ყველას უნდა მიეცა ხმა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა წითელი ხაზების ცვლილებას, ანუ საერთო საკუთრებას, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, ამხანაგობის კრება არ შემდგარა. შეტანილი ცვლილებით კი, ამხანაგობის წევრებმა განიცადეს ზიანი, ვარგისი მიწა, რომელიც ამხანაგობის წითელ ხაზებში შედიოდა, აღმოჩნდა წითელი ხაზების გარეთ, ხოლო უვარგისი მიწის ნაკვეთი (ხევი, რომელიც გამოუსადეგარია) აღმოჩნდა ამხანაგობის წითელ ხაზებში. კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი რეგისტრაციისათვის. აღნიშნული კრების ოქმი არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ... შესახვევის №5-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ... შესახვევის №7-ში მდებარე 57.79 კვ.მ ფართის ნახევარსარდაფზე (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი - 502 კვ.მ) 2015 წლის 9 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ნ. კ-ას საკუთრების უფლება, ხოლო ... შესახვევის №5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ამხანაგობა „...“-ის საკუთრების უფლება.
2016 წლის 18 მაისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ... შესახვევის №5-ში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის 2016 წლის 18 მაისის №3 კრების ოქმი, რომლის თანახმად, ამხანაგობის წევრებმა, ერთხმად (ხმათა 100%-ით) მიიღეს გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამავე კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა ლ. ბ-ა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ ...-ის“ განცხადება.
უდავო გარემოებას წარმაოდგენს ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ამხანაგობის კრების ოქმი შესაბამისობაში იყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებლის მიერ წარდგენილი 2016 წლის 18 მაისის №3 კრების ოქმით დასტურდება, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და წევრთა მიერ ხმათა 100%-ით იქნა მიღებული გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ამხანაგობის მიერ წარდგენილი საკადასტრო გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ გამოვლენილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და/ან შეწყვეტის საფუძვლები, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ბმა „...“ 2016 წლის 17 თებერვლის ამხანაგობის კრების ოქმზე, რომ იგი არ წარმოადგენდა რეგისტრაციის განხორციელებისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ სადავო აქტს საფუძვლად დაედო არა მის მიერ მითითებული ბმა „...“ კრების ოქმი, არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2016 წლის 18 მაისის №3 კრების ოქმი, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, კასატორის მითითება ... კრების ოქმზე, არარელევანტურია.
ზემოაღნიშნული რეგისტრაციის კანონიერების შეფასებისას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მისი განხორციელების საფუძველი - „...-ის“ კრების ოქმი ძალაშია, არ არის სადავოდ გამხდარი, ხოლო სადავო რეგისტრაცია განხორციელდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შესაბამისად, არ არსებობს ზემოაღნიშნული რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობები.
ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. ზ. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. კ-ას საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 1 ოქტომბერს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე