Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-652(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ქ-ე

მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ქ-ემ 2018 წლის 3 დეკემბერს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. 2019 წლის 19 თებერვალს თ. ქ-ემ დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა როგორც მოპასუხეთა წრე, ისე მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხეებად მიუთითა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გურიის რეგიონული ოფისი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს N1/4-516 ბრძანების, უძრავი ქონების - ფართით 12695 კვ.მ. (შემდეგში 10 716 კვ.მ.), ს/კ ...რეგისტრაციის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილების (ნახაზთან ერთად), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრის №1-1/47 ბრძანების ბათილად ცნობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თაიმურაზ ქინქლაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №1/4-516 ბრძანება უძრავი ქონების - ფართით 12695 კვ.მ (შემდეგში 10716 კვ.მ) ს/კ. ...რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილება ნახაზთან ერთად და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 31 ოქტომბრის №1-1/47 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, აპელანტ-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები.

სააპელაციო სასამართლო მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ განახორციელა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის შედარება საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების დაუზუსტებელ მონაცემებთან. იგი შემოიფარგლა წარდგენილი ელექტრონული ნახაზის მასთან დაცულ მხოლოდ ელექტრონულ მონაცემებთან შედარებით, რითაც ვერ დაადგინა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თ. ქ-ეის საკუთრება საჯარო რეესტრში დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციამდე. უდავოა, რომ თუ ზედდება არსებობს ამჟამად, ის იარსებებდა სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის დროსაც, მაგრამ იმ პერიოდში საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურს ასეთი რამ არ დაუფიქსირებია და შეუფერხებლად განახორციელა ფაქტიურად ახალი მესაკუთრის (სახელმწიფოს) რეგისტრაცია ისე, რომ რეგისტრირებული დარჩა ძველი მესაკუთრეც, რითაც ფაქტობრივად საკუთრების უფლება დარჩა საკუთრების ობიექტის გარეშე, რაც დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის მოსარჩელის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ნახაზის კონფიგურაციითა და ფართობით დადგენილია ..., ...საკადასტრო ერთეულებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაფიქსირებული ზედდების პირობებში იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთში ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოექცა მანამდე თ. ქ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხებს არ წარმოუდგენიათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის განმარტებით, სადავო ნაკვეთზე ადრეულ წლებში იდგა ფერმის შენობა, რომელიც დანგრეული იყო, ხოლო მოსარჩელემ ნაკვეთის შეძენის შემდეგ ხელახლა ააშენა ფერმა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცულ საკადასტრო რუკაზე დატანილი ექსპლიკაციის გათვალისწინებით, პრივატიზების საგანი არ გამხდარა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

კასატორის აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაციაში არ არის დაცული ოქმში მითითებული უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შეუძლებელი იყო ..., ...საკადასტრო ერთეულებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოაგენს, რომ 2005 წლის 01 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ გამგეობასა და ინდივიდუალურ მეწარმე ,,თ. ქ-ეს’’ შორის გააფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის №... ხელშეკრულება (რეგისტრაციის №...), რომლითაც თ. ქ-ემ სარგებლობაში მიიღო 12 ჰა. მიწა ორ ნაკვეთად, კერძოდ 1 ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ..., ფართობი -1.8 ჰა და მე-2 ნაკვეთი ს/კ-ით ..., ფართობი 9.499 ჰა. ორივე ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენისა და დამადასტურებელი 2006 წლის 29 აგვისტოს № ... და № ... ოქმებით ირკვევა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად წინამდებარე ოქმები გაიცა თ. ქ-ეზე, მასზე, რომ მან შეიძინა მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება სარეგისტრაციო ნომრით №..., რომელიც მდებარეობს ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთები ფართებით - 9.499 ჰა და 1.18 ჰა; რის შემდეგაც, აღნიშნული მიწები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირდა თ. ქ-ეის სახელზე.

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს №... განცხადებით თ. ქ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით თ. ქ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოგზავნილი იქნა №... წერილი, რომლის მიხედვით სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია №... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტება განხორციელდეს წარმოდგენილი საკადასტრო - აზომვითი ნახაზის მიხედვით, რომლის საკადასტრო საზღვრები ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის - ...საკადასტრო საზღვრებთან, შესაბამისად, თ. ქ-ეს მიეცა ვადა 30 კალენდარული დღე კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოსადგენად. 2018 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 8 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოითხოვა სადაო უძრავი ქონების რეგისტრაცია - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №1/4-516 ბრძანების საფუძველზე. 2019 წლის 9 აგვისტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებული ამონაწერის თანახმად, ირკვევა, რომ ოზურგეთის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით ..., დაზუსტებული ფართით-12 695 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, მესაკუთრეა სახელმწიფო. 2018 წლის 11 ივლისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ცვლილებების რეგისტრაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...რეგისტრირებულ მონაცემებში, წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, 2018 წლის 29 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ოზურგეთის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით ..., დაზუსტებული ფართით- 10 716 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი № 1, № 2, მესაკუთრეა სახელმწიფო.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. ქ-ეის საკუთრება საჯარო რეესტრში დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციამდე. უდავოა, რომ თ. ქ-ეის უფლების რეგისტრაცია წინ უსწრებდა სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის დროს, რადგან მოსარჩელის მიერ უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წელს 29 აგვისტოს №... და №... ოქმების საფუძველზე, რის შედეგადაც, საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურმა შეუფერხებლად განახორციელა ფაქტობრივად ახალი მესაკუთრის (სახელმწიფოს) რეგისტრაცია ისე, რომ რეგისტრირებული დარჩა ძველი მესაკუთრეც.

ზემოხსენებული განმარტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის არსებობის პირობებში, სახეზეა ჩანაწერთა კონკურენცია. ასეთ შემთხვევაში კი, უპირატესობა ენიჭება იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის დარეგისტრირებული. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაციაში არ არის დაცული ოქმში მითითებული უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (WSG 84 კოორდინატთა სისტემისა და UTM კორექციაში). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12)), სადაც განიმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.

ასევე საყურადღებოა, რომ ამჟამად არ არსებობს მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის UTM პროექციაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცულ საკადასტრო რუკაზე დატანილი ექსპლიკაციის გათვალისწინებით, პრივატიზების საგანი არ გამხდარა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მათ შორის არსებული მიწის ნაკვეთი. რისი გათვალისწინებითაც, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია, ... საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება განხორციელდეს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას (იხ. ს.ფ. 310, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...), რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ნახაზის კონფიგურაციითა და ფართობით დადგენილია ..., ...საკადასტრო ერთეულებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ

იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ

საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე