საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-583(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - სს „...“, შპს „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ჩ-იმა 2018 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის აღნაგობის უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. ჩ-იის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება სს „...“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „...“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 თებერვლის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაცო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ჩ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა „იჯარის შესახებ“ კანონის მე-8, მე-10, მე-13, მე-16 მუხლების ის დებულებები, რომელთა თანახმადაც, მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გასცეს მეიჯარის თანხმობით; მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით გასცეს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 1997 წლამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობის მიმართ ასევე არასწორად გამოიყენა 1997 წლის 25 ნოემბრის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთანავე არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის დანაწესი, სარეგისტრაციო განცხადების შინაარსი და სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომელთა თანახმადაც, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნორმა, რომელიც აუარესებს პირის მდგომარეობას. კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში მის მიერ წარდგენილი სანოტარო დოკუმენტი არის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც გათვალისწინებული „აღნაგობის უფლება“ გ. მ-ემ დაუთმო მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის აღნაგობის უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, აღნაგობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავში, მე-... მკ/რ მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, 2012 წლის 9 თებერვალს დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრების უფლება. მისივე სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა №..., N..., №..., N..., №..., №..., №... საკადასტრო კოდების მქონე ქონებების გაერთიანების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაცია და გაერთიანებულ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი - №....
საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ჩ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ რუსთავში, მე-... მკ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, აღნაგობის უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის უფლების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: 1) რუსთავის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მიერ 1996 წლის 28 ივნისს გაცემული №43 ბრძანება, რომლითაც მხედველობაში იქნა მიღებული შპს „...ის“ ადმინისტრაციის თანხმობა მშენებლობაზე და შპს „...ისათვის“ ქალაქ რუსთავში, მე-... მკ/რაიონში ბაზრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ქალაქ რუსთავის მერის 1996 წლის 30 იანვრის №25-2 განკარგულების საფუძველზე მოქალაქე გ. მ-ეეს ნება დაერთო, ბაზრის ტერიტორიაზე აეშენებინა 16მ2 ფართის №69 ვაჭრობის ობიექტი; 2) განმცხადებელმა ასევე წარადგინა 2002 წლის 1 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ გ. მ-ეემ ნ. ჩ-იზე გაასხვისა №43 ბრძანების საფუძველზე ნებადართულ 16მ2 ფართის ტერიტორიაზე (ე.წ. „...ის“ ტერიტორია) აშენებული №69 ვაჭრობის ობიექტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა აღნაგობის უფლების წარმოშობის დოკუმენტის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო პალატა პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება). ამავე კოდექსის 234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ერთ-ერთ უფლებას წარმოადგენს აღნაგობის უფლება. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. „საჯარო რეესტრის შესახებ“კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღნაგობის უფლების რეგსიტრაციის მიზნით, ნ. ჩ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი რუსთავის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის №43 ბრძანება შეეხებოდა შპს „...ის“ ადმინისტრაციის თანხმობას მშენებლობაზე და აღნიშნული თანხმობის საფუძველზე, მოქალაქე გ. მ-ეისთვის 16მ2 ფართის №69 ვაჭრობის ობიექტის აშენებაზე ნების დართვას, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული განცხადება შეეხებოდა გ. მ-ეის მიერ, ნ. ჩ-იზე №43 ბრძანების საფუძველზე ნებადართული 16მ2 ფართის ტერიტორიაზე აშენებული №69 ვაჭრობის ობიექტის გასხვისებას. საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მითითებული დოკუმენტაცია, თავისი შინაარსით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღნაგობის უფლების გადაცემა, ხოლო შემდგომ ამ უფლების მოსარჩელეზე გასხვისება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება აღნაგობის კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა, უფრო მეტით, აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება მშენებლობის ნებართვაზე თანხმობა კონკრეტული ობიექტის აშენების მიზნით, ხოლო შემდეგ ამ შენობის გასხვისება მესამე პირზე. ამდენად, მართებულია მარეგისტრირებელი ორგანოს მითითება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრების უფლება, ხოლო აღნაგობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაინტერესებულ პირს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული №43 ბრძანება და შენობის გასხვისების შესახებ სანოტარო აქტი ნ. ჩ-ის აღნაგობის უფლების წარმოშობის რეგისტრაციას საფუძვლად ვერ დაედებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ. ჩ-ის მიერ სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთვოდა აღნაგობის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მართებულად შეჩერდა ნ. ჩ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მიზეზით, იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ცალსახად დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს აღნაგობის უფლების რეგისტრაციას ისე, რომ არ წარუდგენია აღნიშნული უფლების საჯარო რეესრში რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტი, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ფ. დ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ჩ-ის (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 2 ნოემბერს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე