საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-119(კ-21) 11 თებერვალი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...ს“ წარმომადგენელმა 2018 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და შპს „...ს“ ...ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №04/26312 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2018 წლის 9 ივლისის №2018/09/07/02 თემატური შემოწმების აქტის (იმ ნაწილში, რომელიც არ იქნა ბათილად ცნობილი საჩივრის განმხილველი კომისიის 2018 წლის 10 დეკემბრის №04/65935 გადაწყვეტილებით), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის №04/65935 გადაწყვეტილების (იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კერძოდ, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერებულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 9 ივლისის №2018/09/07/02 თემატური შემოწმების აქტის მოქმედება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შპს „...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა შპს „...ს“ ...ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბოლატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის 2018 წლის 9 ივლისის თემატური შემოწმების №2018/09/07/02 აქტის მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №2018/09/07/02 თემატური შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომელიც ბათილად არ იქნა ცნობილი საჩივრის განმხილველი კომისიის 2018 წლის 10 დეკემბრის №04/65935 გადაწყვეტილებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის №04/65935 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილებაზე მითითებით, ასევე, იშუამდგომლა საქმეში მის მაგივრად სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს ჩართვაზე. კასატორის მოსაზრებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარეს არ წარმოადგენს, რის გამოც მის მაგივრად უნდა ჩაერთოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
კასატორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ მე-3, მე-19, მე-20, 23-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ არსებობდა ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების ყველა წინაპირობა, რადგან სათანადოდ შევსებული და გაფორმებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების არარსებობა განაპირობებს მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნებას.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დასახელებული დადგენილების №1 დანართის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 კალენდარულ წელს. აღნიშნული ნორმის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადა არ აღემატებოდა შემთხვევის დასრულებიდან 3 კალენდარულ წელს. 5 წლიანი ვადა დადგინდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველის მთავრობის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხუთწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე, ხოლო მანამდე ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ უკუძალა არ შეიძლება მიენიჭოს ნორმატიულ აქტს, თუკი იგი ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. განასხვავებენ ერთმანეთისგან ნამდვილ და არანამდვილ უკუძალას. არანამდვილი უკუძალისას სახეზეა წარსულში დაწყებული და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. შემთხვევის დასრულებიდან 5 კალენდარული წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, ნაცვლად სამისა, შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევები 2013 წლის მდგომარეობითაც იწვევდა პასუხისმგებლობას და დაწესებულებას ეკისრებოდა საჯარიმო სანქციები, ე.ი. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, თუ რა დარღვევების გამო იქნებოდა გამოყენებული სანქციები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა უფლებამონაცვლით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოთი ჩანაცვლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება დაევალა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენდნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისა და ჯარიმის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს „...ს“ ...ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ წარდგენილი, 2013 წლის 23 აგვიტოდან 2015 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 9 ივლისს შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შპს „...ს“ ...ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. 7207 შემთხვევაში თანხმობის ფორმები ვერ იქნა წარმოდგენილი (იხ. აქტის მუხლი 7.1); 2. 184 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები არასწორად იყო შევსებული (იხ. აქტის მუხლი 7.2); 3. 80 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები გადასწორებული იყო (იხ. აქტის მუხლი 7.3); 4. 178 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე არ იყო მოსარგებლის რეკვიზიტები და შეცდომით იყო მითებული თარიღი (იხ. აქტის მუხლი 7.4); 5. 38 შემთხვევაში თანხმობის ფორმას არ ერთვოდა პირადობის მოწმობა (იხ. აქტის მუხლი 7.5); 6. 386 შემთხვევაში ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ ედრებოდა ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს (იხ. აქტის მუხლი 7.6);. 7. 25 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში მითითებული რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებდა მოდულში მითითებულ თარიღს (იხ. აქტის მუხლი 7.7). შემოწმების აქტის თანახმად შპს „...ს“ მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგინა 56019 ლარი და 14 თეთრი, მათ შორის უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 28650 ლარი და 25 თეთრი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 27368 ლარი და 89 თეთრი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ს“ ...ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელმაც ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასინჯვას დაექვემდებარა სადავო აქტის 7.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები. ხელახალი შესწავლის შემდეგ აღმოჩენილი იქნა და გაუქმდა 5 შემთხვევა (2014 წლის 30 ოქტომბრამდე არსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა, რომელსაც თან არ ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი). ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილების შესაბამისად, სადავო აქტზე შპს „...“ გათავისუფლდა საჯარიმო სანქციიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას ახდენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც იმპერატიულად არეგულირებს შემოწმების განხორციელების ხანდაზმულობის ვადას. მითითებული პროგრამის“ (დანართი №1) 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა 2013 წლის 23 აგვისტოდან 2015 წლის 23 აპრილამდე პერიოდი, შემოწმება კი დაიწყო 2018 წლის 7 მაისს. ამდენად, შემოწმებამ სადავო შემთხვევაში მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა შემოწმების 3-წლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სასამართლოების მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ამრიგად, აღნიშნულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, რადგან გასულია ხანდაზმულობის ვადა.
რაც შეეხება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებას, სადავო შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევის, ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, არ დასტურდება, რომ ტექნიკურ ხარვეზებს მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული უმთავრესი მოვალეობის - პაციენტთა მდგომარეობაზე სათანადო რეაგირების დარღვევა, არ დასტურდება ისეთი ზიანის არსებობა, რასაც შედეგად აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სამედიცინო დაწესებულების სანქცირება. გარდა ამისა, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად. საგულისხმოა, რომ მსგავსი დარღვევების გამოვლენის გამო დაწესებულების სანქცირება უსაფუძვლოდ იქნა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის №ბს-671(კ-19) განჩინებითაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტარციულ-სამართელბრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ფაქტებზე მითითებით ვერ უზურუნველყოფს თავისი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 13 აპრილს №09196 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1400.38 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 980.27 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 14 აპრილს №01902 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1400.48 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 980.34 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 13 აპრილს №09196 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400.38 ლარის 70 პროცენტი - 980.27 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 14 აპრილს №01902 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400.48 ლარის 70 პროცენტი - 980.34 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე