Facebook Twitter

№ბს-597(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ეე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე მ. ხ-ეის მიმართ.

მოსარჩელემ მ. ხ-ეისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 16 630,63 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სარჩელი, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება მოიცავდა 2009/2010 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლის პერიოდს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო საგრანტო თანხის ამოწურვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 21 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული - 16 630,63 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმული იყო, ვინაიდან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლების პერიოდს და ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 18 ოქტომბერს, მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდგომ, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 394-ე მუხლებზე, სამინისტროსა და მ. ხ-ეეს შორის 2009 წლის 21 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და აღნიშნავს, რომ სამინისტრომ მ. ხ-ეეს სწავლა დაუფინანსა ლონდონის უნივერსიტეტში 15475,10 ლარისა და 1155,53 ლარის გადარიცხვით. გრანტის მიმღებმა არ შეასრულა ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს გრანტის გამცემს მონიტორინგის უფლების განხორციელებაში. ამასთან მან, მიუხედავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნისა, არ წარმოადგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დაარღვია ხელშკრულების გათვალისწინებული ვალდებულება და ვერ დაადასტურა გრანტის მიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რითაც ასევე დაირღვა ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მ. ხ-ეეს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2010 წელს ჯამში გადაერიცხა 16 630,63 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრანტის გამცემი ვალდებული იყო, გრანტის მიმღებისათვის გადაეცა მიზნობრივი ფულადი სახსრები - სწავლის ღირებულება და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით გამოეყენებინა, გრანტის გამცემი კი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გრანტის თანხის დაბრუნება გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მ. ხ-ეემ - გრანტის მიმღებმა დაარღვია გრანტის შესახებ ხელშეკრულებების პირობები. ამდენად, იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა გრანტის სახით გაცემული თანხა.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დარღვევის საკითხის დასადგენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 21 აგვისტოს დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება მოიცავდა 2009/2010 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2010 სასწავლო წლის პერიოდს, რომლის დასრულების შემდეგაც გრანტის მიმღებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა წარედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა, დასტურდება მისი წარდგენა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი