საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-71(კ-22) 25 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
2019 წლის 12 თებერვალს ფ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №1000643247 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ფ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით კასატორს, ფ. ს-ის დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქუჩა 10, ბინა 18) გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს რ. ნ-ას (იხ. მინდობილობა ს.ფ. 133-137) და 2022 წლის 4 თებერვალს ჩაბარდა პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს რ. ნ-ას ჩაბარდა 2022 წლის 4 თებერვალს. ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 5 თებერვლიდან და შესაბამისად, 10 დღიანი ვადა 2022 წლის 14 თებერვალს 24 საათზე ამოიწურა. ხარვეზის შევსების მიზნით ფ. ს-ის წარმომადგენლის რ. ნ-ას მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც გამოგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 15 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
იქიდან გამომდინარე, რომ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად ექვემდებარება დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი;
2. რ. ნ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ფ. ს-ის (პასპ. ...) საკასაციო საჩივარზე 11/02/2022 წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე