საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-35(კ-კს-22) 23 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური).
აღწერილობითი ნაწილი:
2017 წლის 20 ივლისს მ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 12 ივნისის Nგ-1/306/2017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით მ. მ-ეის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად, ხოლო 2017 წლის 30 ნოემბრის დადენილებით მ. მ-ეის საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად და მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სატტისტიკური ნომერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ეის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, მოპასუხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ დადგინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა, არსებობდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მ. მ-ეის 2017 წლის 22 მაისის განცხადების განხილვისა და მისი დაკმაყოფილების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივლისის N180 დადგენილების მე-9, მე-10 მუხლებზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ეის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მესამე პირის - ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ბ“ პუნქტიდან გამომდინარე, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, რომლის დამუშავების წესი და პირობები განსაზღვრულია ამავე კანონის მე-6 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა: ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან. ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით. თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მ. მ-ეის მიერ გამოთხოვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეეხებოდა გარდაცვლილ პირს - ლ. პ-ას. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების დაცვა კი უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის
გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ე არ წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული „მონაცემთა სუბიექტის“ ცნების დეფინიციიდან გამომდინარე. მ. მ-ეის მოთხოვნიდან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს გარდაცვლილი ლ. პ-ა. გარდაცვლილი პირის მონაცემთა დამუშავების საფუძველი კი არ არსებობს, ვინაიდან მ. მ-ე არ წარმოადგენს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ოჯახის წევრს (მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მეუღლეს), ამასთან, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასული არ არის 30 წელი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მ. მ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 12 ივნისის Nგ-1/306/2017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მ. მ-ეის 2017 წლის 22 მაისის განცხადების განხილვისა და მისი დაკმაყოფილების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად განმარტა პერსონალური ინფორმაციის წვდომის უფლება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანდაცვის პერსონალმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტის შესახებ უნდა დაიცვას პირის გარდაცვალების შემდეგაც. გამონაკლისის სახით, შთამომავლებს შეიძლება ჰქონდეთ უფლება, ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე, რომელიც ამცნობს მათ ჯანმრთელობის შესაძლო რისკის შესახებ. ამასთან, ჯანდაცვის პერსონალი მოვალეა, დაიცვას სამედიცინო საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი პირის გარდაცვალების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა დამუშავებას, გარდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა შემთხვევაში გამონაკლისი შემთხვევების არსებობისა, დასაშვებად მიიჩნევს გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, ან თუ არსებობს მისი მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემდგომ მისი მონაცემების, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება დასაშვებია ასევე, თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელებისათვის. მაგალითად, შესაძლოა, ანდერძის ნამდვილობისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მისი შემდგენის ჯანმრთელობის მდგომარეობას ანდერძის შედგენის მომენტში,მინდობილობის გაუქმებისა ან საჩივრის დაწერისას საღგონებაზე არსებობის ფაქტის დადგენის თვალსაზრისით. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები ასევე, შესაძლებელია, გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის. დაუშვებელია იმ გარდაცვლილი პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელმაც გარდაცვალებამდე წერილობით გამოხატა ნება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების აკრძალვის შესახებ. თუმცა, აღნიშნული აკრძალვა არ მოქმედებს, როდესაც სახეზეა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზიანი ადგება მის კანონიერ უფლებას, ვინაიდან ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზეა დამოკიდებული მისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მართალია, იგი არ წარმოადგენს ლ. პ-ას მემკვიდრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისი მემკვიდრის - ს. გ-ას ჩართვის თაობაზე. აღნიშნულზე უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით. კასატორის მოსაზრებით, მისი კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილება შესაძლებელია და სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს კანონის ვიწრო განმარტებით. 2017 წელს „სს ...მა“ დოკუმენტაციის არარსებობის გამო უთხრა უარი ინფორმაციის გაცემაზე და სადავოდ არ გაუხდია სუბიექტის უფლებამოსილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. მ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით მისთვის დავალებული მტკიცებულების წარუდგენლობის პირობებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. ამავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან ამ პუნქტში მითითებულ სხვა შემთხვევებში ("ა-ი" ქვეპუნქტები). ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი.
პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, სადავო პერიოდში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის N180 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაზე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ". აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვალდებულია, განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
მითითებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს ინსპექტორს განცხადებით, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მეორე პუნქტში მოცემულია იმ სავალდებულო მონაცემთა ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, აპარატი ამოწმებს წარდგენილი განცხადების შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებთან. მეორე პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, აპარატი მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ან/და განცხადებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები. მე-3 პუნქტის თანახმად კი, თუ მონაცემთა სუბიექტი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს ან/და არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ინსპექტორს უფლება აქვს, განცხადება დატოვოს განუხილველად, რის შესახებაც ეცნობება მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ემ 2017 წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. განმცხადებელმა მოითხოვა სს „...ის“ (ყოფილი სს „...“) მიერ ლ. პ-ას ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტების განმცხადებლისთვის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა და შესაბამის უმოქმედობაზე რეაგირება. მ. მ-ემ მიუთითა, რომ 2003-2006 წლებში მოვლა-პატრონობას უწევდა ლ. პ-ას, რომელიც მკურნალობდა შპს „...“ და გარდაიცვალა 2007 წელს. მას შემდეგ, რაც შპს „...“ შეუერთდა სს ...ს“, განმცხადებელმა არაერთგზის, მათ შორის, მიმდინარე წლის 28 მაისს მიმართა სამედიცინო დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა გადასცემოდა ლ. პ-ას ავადმყოფობის ისტორიის ასლები, რაზეც უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ შპს „...ს“ სამედიცინო დაწესებულებისთვის ლ. პ-ას სამედიცინო დოკუმენტაცია არ გადაუცია. განმცხადებლის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულება მიზანმიმართულად უმალავდა ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რათა არ გამჟღავნებულიყო მ. მ-ეის მიერ ლ. პ-ას მოვლა-პატრონობის ფაქტი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 29 მაისის Nგ-1/288/2017 გადაწყვეტილებით მ. მ-ეის 2017 წლის 22 მაისის განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი: განმცხადებელს დაევალა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, მის სახელზე გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარდგენა, რომელიც მ. მ-ეს მიანიჭებდა გარდაცვლილი ლ. პ-ას უფლებების დაცვის უფლებამოსილებას.
ხარვეზის შევსების მიზნით, მ. მ-ემ 2017 წლის 5 ივნისს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, სადაც მიუთითა, რომ ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი იყო მისი კანონიერი უფლებების დაცვა. იგი ითხოვდა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეხებოდა მის კანონიერ ინტერესს. განმცხადებლის განმარტებით, სიცოცხლის პერიოდში იგი მოვლა-პატრონობას უწევდა ლ. პ-ას, რაც გამოიხატებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვაშიც. სამედიცინო დაწესებულებაში ინახებოდა ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი განცხადებები და მათზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, მას გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი. წარდგენილი განცხადებით მ. მ-ემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან მოითხოვა სამედიცინო დაწესებულების მიერ მ. მ-ეისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი რეაგირება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მათი გადამალვის ფაქტზე. მ. მ-ეის მიერ წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა ხარვეზის დადგენის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 29 მაისის Nგ-1/288/2017 გადაწყვეტილებით დავალებული დოკუმენტი - (სამკვიდრო მოწმობა), რომელიც მ. მ-ეს მიანიჭებდა გარდაცვლილი ლ. პ-ას უფლებების დაცვის შესაძლებლობას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 12 ივნისის Nგ-1/306/2017 გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა მ. მ-ეის 2017 წლის 22 მაისის განცხადება. წარმოების ფარგლებში შესწავლილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მე-15, 21-ე, 26-27-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ეს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით. მ. მ-ეის მიერ 2017 წლის 22 მაისის და 2017 წლის 5 ივნისის განცხადებებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მიუთითებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით მონაცემთა სუბიექტისათვის მინიჭებული უფლებების დარღვევაზე. კერძოდ, აღნიშნული განცხადებებით და შესაბამისი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ. მ-ე ითხოვდა ლ. პ-ას ავადმყოფობის ისტორიის ასლს და მის მიერ წარდგენილ განცხადებებში არ ფიქსირდებოდა რაიმე მითითება ლ. პ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მისი განცხადებების ასლების გამოთხოვაზე. ამდენად, მ. მ-ეის მიერ სამედიცინო დაწესებულებისადმი მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის წაყენების ფაქტი არ დგინდება. ამასთანავე, ინსპექტორი სახელზე 2017 წლის 22 მაისს წარდგენილ განცხადებაში მ. მ-ე ითხოვდა რეაგირებას სს "...ის" მიერ ლ. პ-ას ავადმყოფობის ისტორიის გადამალვის ფაქტზე და არა მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების (მის განცხადებების) გადამალვის ფაქტზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. მ-ე არ წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა სუბიექტს. მისი მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომ მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს გარდაცვლილი ლ. პ-ა. ამასთან, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაცია შეეხებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს და მისი დამუშავების წესი განსაზღვრულია კანონის მე-6 მუხლით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის დაცვით მიუთითა მ. მ-ეის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარდგენის ვალდებულებაზე, რამდენადაც, არ დასტურდებოდა მისი უფლებამოსილება, დაეცვა გარდაცვლილი პირის - ლ. პ-ას უფლებები. მ. მ-ე არ წარმოადგენს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ოჯახის წევრს (მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მეუღლეს), ამასთან, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასული არ არის 30 წელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებით დავალებული მტკიცებულება მ. მ-ეს ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია, შესაბამისად, არსებობდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საგულისხმოა, რომ კასატორი თავადვე ადასტურებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტად მისი მიჩნევის შეუძლებლობას, ამასთანავე, განსახილველი დავის ფარგლების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა მისი მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას სადავოდ არ გაუხდია ინფორმაციის მოთხოვნაზე მისი სათანადო სუბიექტად მიჩნევის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე