Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 126-აპ 5 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განაჩენით ზ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 6 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ.თ-ძეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით მსჯავრდებულ ზ. თ-ძეს დაეკისრა დაზარალებულ ნ. დ-ძის სასარგებლოდ 25000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, დაზარალებულ მ. დ-შვილის სასარგებლოდ _ 900 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა და დაზარალებულ თ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 900 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. თ-ძეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ზ.თ-ძეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით მსჯავრდებულ ზ.თ-ძეს დაზრალებულ მ.დ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულებს _ ნ.დ-ძესა და თ.ქ-ძეს დარჩათ სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით დავის უფლება.

განაჩენით ზ. თ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. თ-ძემ განიზრახა რა, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას, მიზნად დაისახა ამგვარი გზით შემოსავლის მიღება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაუკავშირდა დაზარალებულ ნ. დ-ძეს, რადგან იცოდა, რომ მას გააჩნდა ბინის შესაძენი თანხა, შესთავაზა, რომ აყიდინებდა ბინას ქ.თბილისში 25.000 აშშ დოლარად, რის თაობაზეც მისგან მიიღო თანხმობა, მოიპოვა მისი ნდობა, ვითომ ბინის შესაძენად 2001წ. იანვრის თვეში გამოსტყუა 25.000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 51.000 ლარს და მიიმალა. ე.ი. ზ. თ-ძემ ნ. დ-ძეს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. მანვე ქ.თბილისში, ... მცხოვრებ მოქალაქე დ. ნ-შვილისაგან იქირავა საცხოვრებელი ბინა, რაც მოგვიანებით, 2001წ. 13-15 მაისის პერიოდში, დაზარალებულ თ. ქ-ძეს წარუდგინა თავის საკუთრებად და 1000 აშშ დოლარის საფასურად შესთავაზა გირაოდ. ზ.თ-ძემ დაზარალებულს გამოსტყუა 900 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა 1.864 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. პარალელურად 13-დან 15 მაისამდე დაზარალებულ მ. დ-შვილს ანალოგიური ხერხით თაღლითურად გამოსტყუა 900 აშშ დოლარი იმავე დაპირებით, თითქოს დ.ნ-შვილის ბინა ეკუთვნოდა მას და 1500 აშშ დოლარად გადასცემდა გირაოდ, რითაც დაზარალებულ მ. დ-შვილს მიაყენა 1864 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

მსჯავრდებული ზ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ადრე ნასამართლევი არ არის, არის მარტოხელა დედა, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის მშობლებთან იზრდებიან, არის მძიმე ავადმყოფი, გაკეთებული აქვს ორი სერიოზული ოპერაცია.

დაზარალებული მ. დ-შვილი შესაგებლით ითხოვს ზ. თ-ძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას და განაჩენით დაკისრებული თანხის ანაზღაურებას.

დაზარალებული ნ. დ-ძე ითხოვს ზ.თ-ძისთვის სასჯელის შემსუბუქებას და მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან არ იქნება დაკავშირებული.

პროკურორი ე. ქარჩა-ვა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ზ.თუთაძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივები, თვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზ.თ-ძის მსჯავრდება საქმის მასალებით მთლიანად დადასტურებულია და მას არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ. მისი ქმედება სასამართლოს მიერ სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ზ.თუთაძე ადრე ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მარტოხელა დედა, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ.თუთაძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ზ. თ-ძეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ზაირა თუთაძეს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად