ბს-583(კ-21) 17 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-იმა 05.05.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.04.2020წ. N10000664415 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.04.2020წ. N10000664415 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. თ-ის 25.04.2019წ. განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2020წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში ვერ აისახებოდა. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელი ორგანო კონტრდაზვერვის დეპარტამენტია, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაციის ნამდვილობა და ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი მომზადების ფაქტობრივი საფუძვლები. პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ ინფორმაცია ადასტურებდა სადავო აქტის კანონიერებას. ამასთანავე, პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2020წ. N370(კ-19) გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიცავს განმარტებებს ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობებთან, გადაწყვეტილების მიღების წესთან და კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 14.11.2019წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა სააგენტოს უფლებამოსილებას მიეღო იგივე შინაარსის გადაწყვეტილება და კვლავ უარი ეთქვა მ. თ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. თ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლები, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, ამასთანავე, წერილი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რისი გაცნობის შესაძლებლობაც მხარეს არ აქვს. მ. თ-ი აკმაყოფილებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ყველა ნორმატიულ წინაპირობას. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი 2017 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, 07.07.2017წ. და 19.12.2017წ. მის სახელზე გაცემულ იქნა დროებითი ბინადრობის ნებართვები, იგი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს „...ის“ დირექტორი, 49%-იანი წილის მესაკუთრე და დანარჩენი 51% წილის მართვაზე უფლებამოსილი პირი, შპს ეწევა აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას, შპს რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. კასატორმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მას ერთხელ უკვე ჰქონდა მიმართული სასამართლოსათვის და მაშინ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მ. თ-ითან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. კასატორი თვლის, რომ საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა რეალურად არ მომხდარა და ფორმალურად გამოიცა იგივე შინაარსის აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 10.04.2020წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მ. თ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 12.01.2022წ. Nბს-583(კ-21) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ. თ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ ყოველთვის არ ქმნის განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შედეგი, არამედ მისი დასაბუთებაც. განსახილველ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. თ-ის მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, რადგან დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში კონკრეტული დოკუმენტაცის წარდგენა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოში მ. თ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, შპს „...ის“ ფუნქციონირების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987). ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, მ. თ-ის არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას.
კასატორის მითითება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ასევე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 14.11.2019წ. გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც სასკ-ის 23-ე და 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს მ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება;
3.კ. ჩ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 15.07.2021წ. N11220221331 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი