№ბს-321(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 სექტემბერს მ. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №51 1771 ბრძანების (მ. თ-ისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მ. თ-ის მერის წარმომადგენელთა ... ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენის შესახებ) გამოცემის დავალება და მოსარჩელე მ. თ-ის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის 2019 წლის 22 აგვისტოდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული დასკვნების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევდა, რომ მ. თ-ის ქცევა შეუსაბამო იყო საჯარო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ქცევის წესებთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - მ. თ-ის პოზიციის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას კონფლიქტი ჰქონდა თანამშრომლებთან, რითაც ფერხდებოდა სამუშაო პროცესი, თუმცა სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ მან მარტის თვეში მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი შეტანის საფუძვლით, რის შემდეგაც შეექმნა პრობლემები და მის თანამშრომლებს - ი. ხ-ეს, ი. კ-ეს და მ. ყ-ის სურდათ მისი სამსახურიდან გაშვება. ამდენად, კასატორის შეფასებით, მითითებული თანამშრომლების (რომლებსაც მ. თ-ის სამსახურიდან გაშვების დაინტერესება ჰქონდათ) მონაწილეობით, მის მიმართ განხორციელებულ დისციპლინურ წარმოებაში, დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დისციპლინური წარმოების წესები.
კასატორის პოზიციის თანახმად, უსაფუძვლო იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის გამო, ვინაიდან, პირველი სახდელის დადებიდან გასული იყო 1 წელი და იგი გაქარწყლებულად ითვლებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 ოქტომბრის № 51 1967 ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ. თ-ის შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებულ №147 ხელშეკრულებაში განსაზღვრულ შრომით ფუნქციებს დაემატა გამგებლის წარმომადგენლის ფუნქცია. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 დეკემბრის № 51 2424 ბრძანების თანახმად მ. თ-ის მიენიჭა ... ადმინისტრაციულ ერთეულში ...თანამდებობა.
2018 წლის 21 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მოეწყო ადგილზე გასვლა სამსახურში თანამშრომლების დასწრების შემოწმების მიზნით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ სამსახურში იყო 50%-იანი დასწრება, ოთხი თანამშრომლიდან სამსახურში იყო ორი. ტაბელირების ჟურნალიდან დადგინდა მ. თ-ის მიერ სამი დღის განმავლობაში სამსახურში არასტაბილური გამოცხადება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის №ID_8 ინსპექტირების დასკვნით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა ... (... ადმინისტრაციულ ერთეულში) მიერ ჩადენილი იყო მსუბუქი დისციპლინარული გადაცდომა, რაც გამოიხატა მ. თ-ის, როგორც ... ადმინისტრაციულ ერთეულში წარდგენილი თანამშრომლის მიერ სამუშაო ადგილის შეუთანხმებლად დატოვებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №51 1925 ბრძანებით მ. თ-ის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ... ადმინისტრაციული ერთეულში წარმომადგენლის ი. ხ-ეის 2019 წლის 04 ივლისის №1999-51 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2019 წლის 29 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №ID_1, საიდანაც ირკვევა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 17, 22 და 24 ივლისს ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი. კ-ესთან, მ. ყ-ითან და ი. ხ-ესთან, რომელთაც გააკეთეს 2019 წლის 04 ივლისის №1999-51 მოხსენებითი ბარათის ირგვლივ განმარტება და დაადასტურეს მ. თ-ის მხრიდან მათთან კონფლიქტური ურთიერთობები, ძალადობა, შეურაცხყოფა, მუქარა, დამცირება. ი. ხ-ეის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მ. თ-ი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს, რაც აფერხებდა სამუშაო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. მ. თ-ის მხრიდან, მუდმივად ხდებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. იგი ყალბს უწოდებდა მიწის მიღება - ჩაბარების აქტებსა და ასევე პრეზიდენტ ე. შ-ეის მიერ დამოწმებულ სარეგისტრაციო მოწმობებს და შესაბამისად ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა მოსახლეობაში, უარს აცხადებდა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე, რაც აფერხებდა მოქალაქეთა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოებები დადასტურდა ი. კ-ეის და მ. ყ-იის ახსნა - განმარტებებითაც.
მ. თ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სამსახურში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა და თანამშრომელთა შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები (როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული კუთხით) დასტურდება მისი კოლეგების - ი. ხ-ეის, ი. კ-ეის, მ. ყ-ის ახსნა-განმარტებებით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს №1 ინსპექტირების დასკვნით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ სახეზე იყო მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომლებთან კონფლიქტში, რის გამოც ფერხდებოდა სამუშაო პროცესი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; დისციპლინური გადაცდომის შედეგად დარღვეული იყო შრომის შინაგანაწესის, ასევე სამუშაოთა აღწერილობის ფორმით დადგენილი მოთხოვნები. ასევე იკვეთებოდა „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების დარღვევა; დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც შეფარდებული იყო 2018 წლის 07 სექტემბერს №51 1925 ბრძანების საფუძველზე, რაც კვლავ მოქმედებაში იყო, რადგან არ არსებობდა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრეს მოხსნის დოკუმენტი. დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ არსებობდა არადამაკმაყოფილებელი შუალედური შეფასება. დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ ხელმძღვანელობის პირის მიერ არაერთხელ იყო მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრის თაობაზე, რაც არ იყო გათვალისწინებული, რასაც მოწმობდა ინსპექტირების დასკვნა №ID-1 და წინამდებარე დასკვნა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №51 1771 ბრძანების საფუძველზე, მ. თ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 22 აგვისტოდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
მითითებული კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთერთი ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
85-ე მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება №200 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების (შემდგომ – ეთიკისა და ქცევის წესები) დადგენის მიზანია საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას. ქცევის ზოგადი წესებით, მათ შორის, დადგენილია, საჯარო მოსამსახურის პროფესიონალიზმის, თავაზიანობის, კოლეგიალობისა და კომუნიკაციის (მუხლები 20-22) სტანდარტები და მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. თ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო გარემოში კოლეგების მიმართ უპატივცემულო და კონფლიქტური სიტუაციის გამომწვევ დამოკიდებულებას. მის მიერ უხეშად და სისტემატიური ხასიათით არის დარღვეული საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის ნორმები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას - დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში. მ. თ-ის დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება შეფარდებული ჰქონდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 სექტემბრის №51 1925 ბრძანებით, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №51 1771 ბრძანების საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, მისი სამსახურიდან გათავისუფლების უსაფუძვლობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მისთვის პირველი სახდელის შეფარდებიდან გასული იყო 1 წელზე მეტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი