საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1207(კ-21) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ც-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემი დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ც-ემ 2020 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, „გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 9 ივლისის №04/15078 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 9 ივლისის №04/15078 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა მ. ც-ეის სასარგებლოდ დედის - დ. ც-ეის 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-მე-17 და „სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8-მე-9 მუხლებზე, რომლებიც იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებს, წყაროსა და ვადებზე. დასახელებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეჩერების საფუძველია იმ გარემოების არსებობა, როცა პენსია გაიცემა მინდობილობით, ხოლო მინდობილობის ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ მომხდარა მინდობილობის განახლება. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
კასატორის მითითებით, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად, დ. ც-ეეს, სს „...ის“ ინფორმაციის საფუძველზე, ერთწლიანი მინდობილობის ვადის გასვლის გამო, 2020 წლის 1 მარტიდან პენსია შეუჩერდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააღრიცხვო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, დ. ც-ეეს, გარდაცვალების გამო (გარდაცვალების თარიღი 21.06.2020წ.) 2020 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია შეუწყდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს და/ან მის რწმუნებით აღჭურვილ პირს, მის სიცოცხლეშივე, პენსიის განახლების შესახებ განცხადებით კომპეტენტური ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, განეხილა განცხადება შეჩერებიდან შეწყვეტამდე პერიოდის (2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე) თანხის ანაზღაურების თაობაზე. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა პენსიის შეჩერების ვალდებულება, ხოლო პენსიის შეწყვეტა გამოიწვია კანონით განსაზღვრულმა შემთხვევამ - პენსიონერის გარდაცვალებამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს გარდაცვლილი პენსიონერის სახელმწიფო პენსის მისი მემკვიდრეების მიერ მიღებას, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო პენსიის მიუღებლობის ან მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის გამო), საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - დ. ც-ეეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2020 წლის 1 მარტიდან, ხოლო 2020 წლის 21 ივნისს იგი გარდაიცვალა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, კერძოდ, ფორმა №IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, რომ დ. ც-ეე 2020 წლის 4 მარტიდან გარდაცვალებამდე (პერიოდში, სხვადასხვა ხანგრძლივობით მკურნალობას გადიოდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კი გამოწვეული იყო ძირითადი და თანხმლები დაავადებების გართულებებით. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2020 წლის 13 ივნისს, მოულოდნელად განვითარებული თავის ტვინის ინფარქტითა და კომით და იმავე წლის 21 ივნისს იგი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილ მოვლენის - ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტზე, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, დეკრეტის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. დასახელებული დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესები“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) არ უნდა განეხორციელებინა სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ უნდა ჩათვლილიყო ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდა გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რასაც შესაძლოა, გამოეწვია გასაცემლის შეჩერება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ჩანაწერი შენარჩუნდა ამჟამად მოქმედ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებშიც“.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზე, რადგან უდავოდ დადასტურებულია, რომ დ. ც-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა შესაძლებლობას, მისი მონაწილეობით განხორციელებულიყო ვადაგასული მინდობილობის განახლება. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, დაწესებული შეზღუდვების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დაევალა, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა, არ განეხორციელებინა სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება. შესაბამისად, სადავო პერიოდისათვის მოსარჩელის დედის, დ. ც-ეისათვის პენსიის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნული დადგენილებების დანაწესებთან. აქედან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 9 ივლისის №04/15078 გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელის დედის - დ. ც-ეისათვის, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება მოკლებული იყო კანონიერ საფუძველს. ამასთანავე, უტყუარად დადგენილია, რომ მოსარჩელემ დ. ც-ეის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა დედის გარდაცვალებიდან - 2020 წლის 21 ივნისიდან მომდევნო თვეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ც-ემ მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი, მისი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, მ. ც-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის გარდაცვლილი დედის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე