Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1184(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო. ბ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ბ-ამ 2019 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3995814 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №253 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის თბილისში, ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე (ნაკვეთი №...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №253 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3995814 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია. ო. ბ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, კერძოდ, ადგილმდებარეობით, ხე-ნარგავებით, ხედვითი არეალით და ა.შ. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას, რომლის სამშენებლოდ განვითარება არასწორ პრეცედენტს წარმოქმნის მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენების და დაცვის კუთხით. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ ...ში, ე.წ „...ის“ ტერიტორიაზე არსებულმა ქალაქგეგმარებითმა ერთეულმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ფუნქციური ზონის დანიშნულება და დარჩეს მწვანე რეკრეაციულ სივრცედ.

კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო ახდენს საჯარო და კერძო ინტერესების შეფასებას თანაზომიერების პრინციპის დაცვით და უპირატესობას ანიჭებს იმ ინტერესს, რომელიც სამართლებრივად აღმატებულ დაცვის ღირს სიკეთეს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი - მიწის ნაკვეთზე შეთანხმდეს მშენებლობის პროექტი, მეორე მხარეს კი საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანების შენარჩუნებაში. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ი, ე.წ. „...ის“ ტერიტორია, (ნაკვეთი N...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განაშენიანება ნაკლებად შეინიშნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბნრისა და 23 დეკემბერის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ო. ბ-ასთვის თბილისში, ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე (ნაკვეთი№...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მიზეზად ადმინისტრაციული ორგანოები ასახელებენ იმ გარემოებას, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მოცემულ შემთხვევაში კი, შეფასების საგანს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე - არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე საპროექტო ტერიტორიის გამწვანების საფუძვლით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების კანონიერების დადგენა.

სადავო ტერიტორიის შეფასებისას, საკასაციო პალატა კვლავ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი; ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი; გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-9 მუხლები კი დეტალურად განსაზღვრავენ თუ რომელი მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთებს, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთებს და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთს წარმოადგენს ისეთი ტერიტორია, რომელიც მოქცეულია საცხოვრებელ ზონა 1-ის საზღვრებში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლოდ შეზღუდულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. ბ-ას კუთვნილი, ქალაქ თბილისში, ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 1-ში, რაც განისაზღვრა კიდეც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3635768 ბრძანებით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა მითითებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით (მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია). შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საპროექტო ტერიტორია ფუნქციური ზონების მიხედვით, წარმოადგენს არა სამშენებლოდ შეზღუდულ, არამედ სამშენებლო მიწის ნაკვეთს. მიუხედავად მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის დაწესებული პირველი სტატიის დადებითად დასრულებისა, მოსარჩელეს შემდეგ ეტაპზე - არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს, რომელიც ასრულებდა მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებაზე“, რომლითაც განსაზღვრულია სამსახურის მიზნები და ფუნქციები. კერძოდ, დასახელებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. არქიტექტურის სამსახური არის ქალაქ თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლობის, ასევე, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონის, ქალაქის განვითარებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების გზით.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადასტურებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი ანდა შესაძლებელი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად არქიტექტურული პროექტის შეთანხმება საცხოვრებელ ზონა 1-ში მდებარე საპროექტო მიწის ნაკვეთზე მაშინ, როცა დადგენილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მართალია, მშენებლობის ნებართვის წინა სტადიაზე გაცემული გადაწყვეტილება ავტომატურად არ გულისხმობს შემდეგი ეტაპების გავლას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე შესაფასებელ გარემოებას ერთმანეთისაგან გამოყოფს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაასაბუთეს არის თუ არა შესაძლებელი ნებართვის მაძიებელს უარი ეთქვას მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე ან მესამე სტადიაზე წინა სტადიით გათვალისწინებული საფუძვლით და რა ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ შესაძლებლობას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის განაშენიანების საერთოდ დაუშვებლობას, რადგან გამწვანებული ტერიტორია, რომელიც სარეკრეაციო ზონაშია მოქცეული წარმოადგენს არა შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, სადაც არ შეიძლება მშენებლობა, არამედ სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთს, სადაც რიგი მოთხოვნების გათვალისწინებით, მშენებლობა ნებადართულია.

ამრიგად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ახალი, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2020 წლის 10 ნოემბრის №01356 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე