Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1184(კ-19) 01 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...“ (სს „...ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 თებერვალს შპს ,,...მ“ (დღეის მდგომარეობით, სს „...“) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივლისის N0457775 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ს“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების - გ. მ-ას და ა. ს-იის სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 13 სექტემბრის N04/69654 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ს“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტი ნინო ღამბაშიძის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 26 იანვრის N04/4550 და 2017 წლის 13 იანვრის N04/2067 გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტები - გ. მ-ა, ა. ს-იი და ნ. ღ-ე არიან ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით მოსარგებლე პირები. აღნიშნული დადგენილების დანართი N1 მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე დადგენილების 1.3. დანართი. სააგენტოს განმარტებით, ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო შემთხვევა არ დაექვემდებარება ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადგილი არ აქვს. სამედიცინო დაწესებულების მიერ N1458618719, N2992687374, N2915681815 შემთხვევების ფარგლებში პაციენტების უცნობად რეგისტრაცია გამოწვეულ იქნა ამ უკანასკნელისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სამედიცინო პორტალში შესაბამისი ფუნქციების არარსებობით. ამასთან, რადგან 3 თვის დასრულებისთანავე აღნიშნულ პაციენტებზე გაკეთებული ძველი შემთხვევების დასრულებულად დაფიქსირება ვერ მოხერხდა და პაციენტები დარეგისტრირდნენ ,,უცნობის“ სტატუსით, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფინანსური ჯარიმა შეტყობინებების დასრულებულად დაფიქსირების წესის დარღვევისთვის.

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, შესრულებულ მომსახურებად ითვლება პერიოდულად, მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ ორი თვის გასვლის და მომდევნო ყოველი 3 თვის დასრულების შემდეგ წარდგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება შუალედური ანაზღაურების მისაღებად. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით კი, შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, დადგენილების მე-19 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შუალედურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მსგავსი ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, სამედიცინო პორტალი არ ითვალისწინებს, შესაძლებლობას, შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების წესის დარღვევისას, შემთხვევის დახურვამდე განახორციელოს პაციენტის შესახებ შეტყობინების ხელმეორედ გაკეთება. ამრიგად, პაციენტები აგრძელებდნენ რა მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, სისტემაში შესაბამისი ფუნქციის არარსებობის გამო, სამედიცინო დაწესებულებისთვის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა იმავე პაციენტებზე შეტყობინების დაფიქსირება ,,უცნობის“ სტატუსით (როგორც აღინიშნა, იმავე სახელებითა და გვარებით პროგრამა არ იძლევა ღია შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაკეთების საშუალებას). მიუხედავად ამისა, კომენტარის ველში დაფიქსირებული ინფორმაცია სრულად იძლეოდა პაციენტების იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, პაციენტების სტატუსის ცვლილება განხორციელდა მიმდინარე შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებამდე, რაც, ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეიძლება გახდეს ისევ მხოლოდ დამატებითი ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ამასთან, საყურადღებოა, რომ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ისეთი შემთხვევები, როდესაც შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება. კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინებები განხორციელებულია. მითითება იმაზე, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, დაუსაბუთებელია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების სტატუსი გარკვეული დროის მონაკვეთში უცნობია, მათ შესახებ სრული ინფორმაცია დაფიქსირებული იყო კომენტარის ველში. ზემოაღნიშნულ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, პროგრამის შესაბამის გრაფებში ტექნიკური ხარვეზების არსებობა არ შეიძლება გამხდარიყო გაწეული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, პაციენტებს კლინიკაში გაეწიათ სრული და ხარისხიანი მომსახურება, რაც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს და პაციენტების შესახებ შეტყობინებების ხარვეზით გადაცემის გამო შემთხვევების სრულად ანაზღაურებაზე უარის გაცხადება მართლსაწინააღმდეგოა და არ შეესაბამება სამართლის ძირითად ნორმებს.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ივლისის №04/57775 და 2016 წლის 13 სექტემბრის №04/69654 გადაწყვეტილებების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის №04/2067 გადაწყვეტილების შპს ,,...ს’’ 2016 წლის 5 ოქტომბრის №1567/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №04/4550 გადაწყვეტილების შპს ,,...ს’’ 2016 წლის 18 აგვისტოს №1314/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ივლისის №04/57775 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №04/4550 გადაწყვეტილება შპს „...ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №1314/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; შპს „...ს“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 13 სექტემბრის №04/69654 და 2017 წლის 13 იანვრის №04/2067 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და შპს ,,...მ“.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შპს ,,...მ“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს ,,...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, პაციენტების - გ. მ-ასა და ა. ს-იის შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დატოვებულია შეტყობინება, რომელიც არ მოიცავს არც ერთ საიდენტიფიკაციო მონაცემს. მოსარჩელე განმარტავს, რომ სისტემაში ასეთი შემთხვევებისათვის, შესაბამისი ფუნქცია არ არსებობს და „უცნობის“ სტატუსის დატოვება გამოიწვია აღნიშნულმა გარემოებამ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს 241/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის" მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის პირობების მიხედვით, „ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება მკურნალობის ეპიზოდი/შემთხვევა, თუ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარმოდგენილია მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ ორი თვის გასვლის და მომდევნო ყოველი 3 თვის დასრულების შემდეგ, ამასთან, პირველი ორი თვის და შემდგომში, ყოველი სამი თვის შემდეგ, შეტყობინების სისტემაში უნდა დაფიქსირდეს ახალი შეტყობინება ახალი თარიღით, კომენტარის ველში წინა შეტყობინების ნომრისა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თარიღის მითითებით“. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის ფარგლებში, ყოველი წინა შემთხვევა ფიქსირდება დასრულებულად და გამოსავალის ველში მიეთითება „აგრძელებს მკურნალობას“. გარდა აღნიშნულისა, თუ მიმწოდებელი წინა შეტყობინებას არ დააფიქსირებს დასრულებულად შესაბამისი წესების დაცვით, მოდულში ტექნიკურად შესაძლებელია დაფიქსირდეს კონკრეტული პაციენტი პირადი ნომრის გარეშე (როგორც ,,უცნობი“), თუმცა შესაძლებელია მიეთითოს რომელიმე საიდენტიფიკაციო მონაცემი, როგორიცაა სახელი, გვარი, მშობლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სამედიცინო ბარათის ნომერიც კი, რაც ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევის მიმდინარეობისას განხორციელებული არ არის და პაციენტი იდენტიფიცირებულია მხოლოდ შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისას. ამდენად, გაურკვეველია აღნიშნული შეტყობინებებით დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული თუ სხვა რომელიმე პირის სამედიცინო შემთხვევის შესახებ მონაცემები. პირის უცნობის სტატუსით დაფიქსირების პირობები განსაზღვრულია დადგენილებით და იგი მხოლოდ გარკვეული გარემოებების დროს უნდა განხორციელდეს (დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირობების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტი შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია, როგორც პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, თუმცა რეალურად პირი დაზღვეული არ არის ან პირი არის დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარი), მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი“).

კასატორის მითითებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე დაწესებულებას, ელექტრონულ მოდულში არასწორად და მთელი რიგი ხარვეზებით ჰქონდა გადაცემული პაციენტთა მკურნალობისა და ვინაობის შესახებ თითქმის ყველა ინფორმაცია, რაც გახდა შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში (№ბს-1184(კ-19)) მოწინააღმდეგე მხარის - „...ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო სს „...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში (№ბს-1184(კ-19)) კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ასევე ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ივლისის №04/57775 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №04/4550 გადაწყვეტილება შპს „...ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №1314/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; შპს „...ს“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 13 სექტემბრის №04/69654 და 2017 წლის 13 იანვრის №04/2067 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ასევე სს „...მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. შესაბამისად, გადაწყვეტილება სს „...ის“ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, კეროძოდ, ნინო ღამბაშიძის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს მხოლოდ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლები გ. მ-ასა და ა. ს-იის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს. პაციენტთათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

დადგენილია, რომ გ. მ-ა და ა. ს-იი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებით დამტკიცებულ „,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესი“ მიზნად ისახავს პროგრამის ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება მკურნალობის ეპიზოდი/შემთხვევა, თუ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარმოდგენილია მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ ორი თვის გასვლის და მომდევნო ყოველი 3 თვის დასრულების შემდეგ, ამასთან პირველი ორი თვის და შემდგომში, ყოველი სამი თვის შემდეგ, შეტყობინების სისტემაში უნდა დაფიქსირდეს ახალი შეტყობინება ახალი თარიღით, კომენტარის ველში წინა შეტყობინების ნომრისა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თარიღის მითითებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ-ას შემთხვევაში, 2015 წლის 1 დეკემბერს 14:34 საათზე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა შეტყობინება (მკურნალობის მომდევნო 3 თვიანი ეტაპი), რომლის მიხედვით, შემთხვევის ნომერია: 1458618719, სამედიცინო ისტორიის ნომერია: 17549. პაციენტი დარეგისტრირებულია „უცნობის“ სტატუსით, კომენტარში კი, მითითებულია: გადმოყვანილია შპს ,,...იდან’’ კატასტროფის ბრიგადით. პაციენტი კლინიკაში მიღებულია 2014 წლის 28 აგვისტოს 00:53 საათზე, ძველი შეტყობინების კოდებია: 3634269999; 1388551689. შემთხვევა №1458618719-ის დახურვის შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელდა 2016 წლის 4 მარტს 13:17 საათზე, სადაც მითითებულია პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ა.შ.), სამედიცინო ისტორიის ნომერი: 17549, კომენტარში კი მითითებულია: ,,...იხურება მკურნალობის 3 თვიანი მესამე ეტაპი, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას’’.

ასევე დადგენილია, რომ ა. ს-იის შემთხვევაში 2015 წლის 1 დეკემბერს 14:22 საათზე, სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა შეტყობინება, რომლის მიხედვით, შემთხვევის ნომერია: 2992687374, სამედიცინო ისტორიის ნომერი: 19173. პაციენტი დარეგისტრირებულია „უცნობის“ სტატუსით, კომენტარში მითითებულია: ,,გადმოყვანილია შპს ,,...იდან’’. პაციენტი კლინიკაში მიღებულია 2014 წლის 21 სექტემბერს 05:41 საათზე; ძველი შემთხვევების კოდებია: 3930896528; 838991736. შემთხვევა №2992687374-ის დახურვის შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებულია 2016 წლის 4 მარტს 13:25საათზე, სადაც მითითებულია პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ა.შ.), სამედიცინო ისტორიის ნომერი: 19173, კომენტარში კი მითითებულია: ,,...იხურება 3 თვიანი მკურნალობის მესამე ეტაპი, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას’’.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაკეთებული შეტყობინებები გ. მ-ას და ა. ს-იის შემთხვევებთან დაკავშირებით, იძლეოდა პაციენტების იდენტიფიცირების საშუალებას და ამ ნაწილში არ არსებობდა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №04/4550 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 02.12.2019წ. N38232 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2019წ. N38232 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე