Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-აპ 5 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით – 2 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით. სსკ-ის მე-60-ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა მთლიანი შეკრების წესით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განაჩენით ხსენებული განაჩენი რ. მ-ძის მიმართ შეიცვალა: სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ეპიზოდში რ. მ-ძე გამართლდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

რ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით – 1 წლით და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით რ. მ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მთვრალმა რ. მ-ძემ 2001წ. 3 აგვისტოს, გვიან ღამით, დედამისის ბინაში მიაკითხა მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფ მ. ს-ძეს, რომელსაც აუტეხა ჩხუბი, აგინა და აიძულა, გაჰყოლოდა თან. მ. ს-ძე იძულებული გახდა, დახმარებისათვის მიემართა პოლიციისათვის და ამ მიზნით მივიდა გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა მე-5 განყოფილებაში. პოლიციაში მივიდა რ. მ-ძეც, რომელმაც უცენზურო სიტყვებით მიმართა პოლიციელებს, პოლიციელ მ. ც-ას კი, რომელიც ახსნა-განმარტებას ართმევდა მ. ს-ძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჩამოახია ფორმის პერანგის საყელო, სამხრეები და მიიმალა.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში მიუთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არავითარი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არც მ. ს-ძისათვის და არც მ. ც-სათვის არ მიუყენებია. მისი აზრით, განაჩენი ემყარება დაზარალებულთა და მოწმეთა ყალბ ჩვენებებს. მ-ძემ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა, თუმცა მოინანია დანაშაული და ითხოვა პატიება.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე.ქ-ამ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განაჩენი რ. მ-ძის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:

მსჯავრდებულ რ. მ-ძის საჩივრის მოტივები იმის შესახებ, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო განაჩენი ემყარება მოწმეთა და დაზარალებულთა ყალბ ჩვენებებს, უსაფუძვლოა და საქმის მასალებით არ დასტურდება.

დაზარალებულების _ მ. ს-ძის, მ. ც-ას, მოწმეების _ გ. ნ-ძის, გ. ხ-ძის, დ. ს-იას და სხვათა ჩვენებებით ნივთმტკიცებების წარმოდგენის ოქმით დადგენილია, რომ მ. ს-ძემ, 2001წ. 3 აგვისტოს ღამით, რ. მ-ძისაგან ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფილმა, დახმარებისათვის მიმართა რა გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა ¹5 განყოფილებას, იქვე მისულმა რ. მ-ძემ უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, მანვე პოლიციელ მ. ც-ას ხელი შეუშალა სამსახურებრივ საქმიანობაში. დაზარალებულისათვის ახსნა-განმატების ჩამორთმევის დროს, მსჯავრდებულმა წინააღმდეგობა გაუწია მ. ც-ას, დაუზიანა ფორმის პერანგის საყელო, მოაგლიჯა სამხრეები, რის შემდეგაც შეძლო გაქცევა და მიიმალა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ძეს საჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს 1 წლით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის შთანთქმის წესის გამოყენებით უნდა განესაზღვროს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულს ყოფილ მეუღლესთან შელაპარაკება და ჩხუბი მოუვიდა ყოფით საკითხებზე, დაზარალებულმა მ. ს-ძემ სააპელაციო პალატის სხდომაზე ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულმა კი პალატის სხდომაზე მოინანია დანაშაული და ითხოვა პატიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განაჩენი რ. მ-ძის მიმართ შეიცვალოს: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შთანთქმის წესის გამოყენებით, რ. მარცვალაძეს მოსახდელად განესაზღვროს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.