Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1088(კ-22) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 12 ივლისს მ. ხ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: კომისიის 2018 წლის 13 ივნისის №203 განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისათვის კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქალაქ წყალტუბოში ...ის ქუჩის №47-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და ამავე მიწაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის №203 განკარგულება. ამავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ წყალტუბოში ...ის ქუჩის №47-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მ. ხ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მ. ხ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით, მდებარეობს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წყალტუბოს ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილს განეკუთვნება და პერსპექტივაში სარეკრეაციო ზონად განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა - რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების სამთო - სათხილამურო ვენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს საკრეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონება ტერიტორიებისა.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ხ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.

დადგენილია, რომ ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩის №47-ის მიმდებარედ მდებარეობს მ. ხ-ის მფლობელობაში არსებული ქონება. კერძოდ, 4394 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. ეზოში მოწყობილია ვაზის ხეივანი, რომელიც წარმოადგენს მრავალწლიან ნარგავს. მ. ხ-ი ათეული წლებია ცხოვრობს ოჯახთან ერთად ზემოაღნიშნულ მისამართზე. საქმეში დაცული უძრავი ქონების შეფასების შესახებ 2019 წლის 08 მაისის №003/19 დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულია 102 000 ლარად.

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს მ. ხ-მა განცხადებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის №203 განკარგულებით მ. ხ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მ. ხ-ის მიერ სადავო მიწის მთლიანად ათვისების ფაქტი. დამატებით, კომისიამ გაითვალისწინა მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე, 2007 წლამდე. კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. საკასაციო პალატამ 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეზე №ბს-808(კ-20) განმარტება გააკეთა ამ საკითხთან მიმართებით: „...რომ კომისიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება ან სრულად უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე, არამედ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელთან მიმართებითაც დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული წინაპირობების არსებობა.“ შესაბამისად, თუკი კომისია მოსარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნევდა, ამ ნაწილში უნდა ეღიარებინა მისი საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების/კანალიზაციის ობიექტები და ა.შ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩის №47-ის მიმდებარედ სს ,,...ის“ კუთვნილი კომუნიკაციები განთავსებული არ არის (სს „...ის“ 2018 წლის 30 მარტის №550/24-9 წერილი). ზემოაღნიშნულ მისამართზე სს ,,ე...ას’’ კუთვნილი ელექტრული ქსელი განთავსებული არ არის. ასევე მიწის ნაკვეთზე არ გადის შპს ,,ს...ის’’ იმერეთის რეგიონალური ოფისის ექსპლუატაციაში არსებული ბუნებრივი აირის ქსელი;

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილების, კასატორის მითითებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით, მდებარეობს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წყალტუბოს ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილს განეკუთვნება და პერსპექტივაში სივრცით-ტერიტორიული პირობების გათვალისწინებით, სარეკრეაციო ზონად განისაზღვრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, სივრცითი მოწყობისა და განაშენიანების შესახებ კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნტის, თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა“.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია რიგი მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კერძოდ, შეაფასოს მ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე, გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთის შესაბამობის საკითხი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან და შემდეგ კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისიპრების საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საკუთრების უფლების აღიარების კომისია ფართო დისკრეციით სარგებლობს, თუმცა საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს არანაირ მსჯელობას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესახებ. შეფასების მიღმაა დატოვებული არის თუ არა შეზღუდვა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნული, ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან სადავო აქტში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე