Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-739(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ-ემ 2018 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს №354/კ და 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურისა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს - 440 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თიანეთის მაგისტრატ სასამართლოს, რომელმაც 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ეის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციიპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანება ა. ქ-ეის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელე ა. ქ-ეის წარმომადგენელმა უარი თქვა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 880 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატრებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება №354/კ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანების ძალაში დატოვების შესახებ.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს ა. ქ-ეის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა 2018 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების გამოცხადების დღემდე - 2019 წლის 11 ივლისამდე, თვეში 440 ლარის ოდენობით; მოპასუხეს ასევე დაევალა ა. ქ-ეის სასარგებლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა 440 ლარის ოდენობით; ა. ქ-ეის სარჩელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 აგვისტოს №354 /კ ბრძანების და 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანების ბათილად ცნობის და იმავე თანამდებობაზე, კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის ...ის ადმინისტრაციული ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით, ხოლო ა. ქ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ა. ქ-ეის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; შესაბამის ნაწილში გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ქ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანება და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თიანეთის გამგეობაში შტატი, რომელზედაც ა. ქ-ე იყო დასაქმებული, დღეის მდგომარეობითაც არსებობს, ხოლო საშტატო ერთეულის დაკავება სხვა პირის მიერ, დაუშვებელია მიჩნეულ იქნეს სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძვლად.

კასატორის მითითებით, თიანეთის მერიამ ერთხელ უკვე იმსჯელა შტატების შემცირებისას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებასა და ნ. გ-ისთვის უპირატესობის მინიჭებაზე და მიუთითა ერთადერთ გარემოებაზე - უმაღლესი განათლების არქონაზე, რაც კასატორის მოსაზრებით, შესაბამისი თანამდებობისთვის სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენდა. ამდენად, მოცემული საქმის ადმინისტრაციული ორგანოსთვის კვლავ განსახილველად დაბრუნება დაუსაბუთებელია და ლახავს მოსარჩელის ინტერესებს. კასატორის მოსაზრებით, იგი უნდა აღდგეს სამსახურში და მიიღოს იძულებითი განაცდური სრული ოდენობით, ხოლო თუ სასამართლო განაცდურის ნაწილში კასატორის მოსაზრებას არ გაიზიარებს, კომპენსაცია უნდა იქნეს განსაზღვრული ყოველთვიური ხელფასის ჯამით გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ქ-ეის, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისას შტატების შემცირების საფუძვლით, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 110-ე მუხლი ასევე ადგენს, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში ა. ქ-ე 2018 წლის 1 მარტიდან სწორედ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, რადგან გათავისუფლებულ პირს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, სრულად აღიქვას მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ქ-ეის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების შედეგად საქმეზე დასრულებულია ერთი სასამართლო დავა, რომლის ფარგლებში მიღებული 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა-დადგენა და შეფასება (კერძოდ: 1. გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე იყო თუ არა ა. ქ-ე ინფორმირებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; 2. ა. ქ-ე დაექვემდებარა თუ არ შეფასებას, დადებით შემთხვევაში რა შეფასება მიიღო და თუ არ დაემქვემდებარა შეფასებას - რატომ? 3. დაექვემდებარა თუ არა ა. ქ-ე მობილობას და იყო თუ არა იგი მობილობის პროცესში ჩართული). საბოლოოდ კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს №354/კ გასაჩივრებული ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 1 მარტის №114/კ ბრძანება და ა. ქ-ე 2018 წლის 1 მარტიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოძიების მიზნით წარუდგინა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების რეზიუმეები და თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები. 2018 წლის 12 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამატებით გადაგზავნილი იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების ნუსხა. საჯარო სამსახურის ბიურომ, თავის მხრივ, მოიძია ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გადაუგზავნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გაიგზავნა მობილობის წესით დასასაქმებელ კანდიდატთა სია, მათ შორის სიაში მითითებული იქნა ა. ქ-ეც.

საკასაციო პალატა საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ქმედებები მოხელის მობილობის გზით დასასაქმებლად და დადასტურდა ა. ქ-ეის მობილობის წესით დასაქმების შეუძლებლობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ორი საჯარო მოხელიდან ერთი მათგანის თანამდებობაზე დატოვების, ხოლო მეორის მობილობის დაქვემდებარების, შემდეგ კი გათავისუფლების ნაწილში. მართალია, ა. ქ-ეის სამსახურიდან განთავისუფლება დაეფუძნა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ უპირატესობა მიენიჭა უმაღლესი განათლების მქონე პირს, არ მიუთითებს ა. ქ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთებულობაზე, რადგან დადგენილია, რომ უმაღლესი განათლების ქონა შესაბამის თანამდებობაზე სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს. ამრიგად, საკითხზე თავიდან მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუქმდა არა კონკრეტული საშტატო ერთეული, არამედ ორი შტატიდან მხოლოდ ერთი და დარჩა ერთი საშტატო ერთეული. გაუქმებამდეც და გაუქმების შემდეგაც ყველა მათგანზე დასაქმებულ პირებს ერთი და იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები გააჩნდათ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის გამოყენებით. ყოველივე ზემოაღნიშნული სადავო ბრძანების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, კასატორის ა. ქ-ეის მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.

ასევე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ა. ქ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე