Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-127(ს-22) 11 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება

გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება

დავის საგანი - გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ეის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოდან განსახილველად წარედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები მ. მ-ეის, დ. გ-ეისა და ვ. ჩ-იის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1741 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენისათვის.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით დ. გ-ეე, ვ. ჩ-იი და მ. მ-ე ცნობილ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და თითოეულს ჯარიმის სახით დაეკისრა 2000 ლარი, ხოლო მათ მიმართ ამავე კოდექსის 1741 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება შეწყდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ეემ, ვ. ჩ-იმა და მ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებებით მ. მ-ეის, დ. გ-ეისა და ვ. ჩ-იის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება გაასაჩივრა მ. მ-ემ. საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების დავალება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ-ეის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 17 იანვარს იმსჯელა წარდგენილი საჩივრის ფარგლებში და მიიღო დადგენილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

საჩივრის ავტორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 6.2 მუხლზე, რომლითაც თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის შესამოწმებლად. ამავდროულად, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. ანალოგიურ დებულებას შეიცავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. ამდენად, საერთო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. სასამართლო თავად, საკუთარი ინიციატივით წყვეტს კონსტიტუციური წარდგინების უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. მითითებული უფლების რეალიზება მხარეთა შუამდგომლობაზე არ არის დამოკიდებული. ასევე, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო პალატის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის დავალების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერების საკითხის გადასინჯვა.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. მ-ეის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე