საქმე #ბს-965(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 10 ოქტომბერს დ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლიდან წარმოადგენს ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა გორში, მიტოვებულ ავარიულ ბინაში, რომლის დატოვებაც მოუწიათ. ამის შემდგომ, მოსარჩელის შვილმა, თ. კ-იმა აიღო სესხი და შეიძინა ბინა, თუმცა უსახსრობის და სესხის თანხის დაფარვის მიზნით, მას 2009 წელს მოუწია ბინა გაეყიდა. აღნიშნული ბინა მოსარჩელის შვილმა გაასხვისა მოსარჩელის მეორე შვილის დედამთილზე, რომელმაც ისინი დროებით დატოვა საცხოვრებლად აღნიშნულ ბინაში. 2017 წელს ბინის მესაკუთრემ მათ ბინის დაცლა სთხოვა, ვინაიდან მატერიალური პრობლემების გამო ბინის გაქირავება სურდა. ვინაიდან დევნილთა სამინისტრომ მოსარჩელის ოჯახი ბინით არ დააკმაყოფილა, ისინი იძულებულები გახდნენ ბინის მესაკუთრესთან გაეფორმებინათ ქირავნობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მისი შვილი, თ. კ-ი გარდაიცვალა 2010 წელს, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილიშვილების - ა. მ-ეისა და მ. მ-ეის მამას, ლ. მ-ეს შეეზღუდა მშობლის უფლება, შედეგად, ბავშვების მეურვედ დაინიშნა მოსარჩელე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების განაცხადი და 2017 წელს მიენიჭა 3.5 ქულა, თუმცა მას 2018 წელს უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო. მოსარჩელემ ხელახლა მიმართა სამინისტროს, თუმცა 2018 წლის აგვისტოს თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მას კვლავ უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო.
ამდენად, მოსარჩელემ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 25 სექტემბრის #01-827/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. მ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მე-3 პირებად ჩაებნენ - ა. კ-ი, ვ. კ-ი, მ. მ-ეე და ა. მ-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 25 სექტემბრის #01-827/ო ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა დ. მ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-იმა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის #01-827/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #26), ქ. გორში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ. მ-ის ოჯახს, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ის ოჯახი 2009 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უსასყიდლოდ ცხოვრობდა ნ. ნ-იის ბინაში, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან იძულებულია გადაიხადოს ქირა. ამდენად, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ დ. მ-ის საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მისი შვილის მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში, უსასყიდლოდ, ქირის გადახდის გარეშე. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის ქალიშვილის დედამთილის საკუთრებას, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე და ბინის მესაკუთრე ახლო ნათესავებს წარმოადგენენ.
კასატორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით და პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მან სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა. სააგენტოს მოსაზრებით, საცხოვრებლით უპირატესად უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთ ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნულ პრინციპებს, შეიქმნება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ახლო ნათესავის ბინაში ცხოვრობს, ამდენად, მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს, შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 25 სექტემბრის #01-827/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. მ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. მ-ი და მისი ოჯახის წევრები - ა. კ-ი, ვ. კ-ი, მ. მ-ეე და ა. მ-ეე არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა სახელზეც 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. ასევე დადგენილია, რომ დ. მ-ის ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. დ. მ-იმა 2017 წლის 14 თებერვალს გააკეთა განაცხადი #762 საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულ იქნა ოჯახის წევრების შემადგენლობა: დ. მ-ი, ა. კ-ი, ვ. კ-ი, მ. მ-ეე და ა. მ-ეე, ოჯახის წევრების ფაქტიური საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - გორი, ...ის გზატ. #....
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის #01-827/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #26), ქ. გორში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ. მ-ის ოჯახს, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 1991 წლიდან და ფართი ეკუთვნის მოსარჩელის შვილის - ე. კ-ის დედამთილს - ნ. ნ-ის, რომელმაც აღნიშნული ფართი შეიძინა მოსარჩელის გარდაცვლილი შვილისგან.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ივლისის უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმდა ნ. ნ-ისა და დ. მ-ის შორის, დგინდება, რომ ქ. გორში, ... #..., ბინა #...-ში მდებარე უძრავ ნივთზე, ქირავნობის ღირებულების გადახდა დაწყებულია 2018 წლის 1 იანვრიდან, ასევე მითითებულია, რომ 2009 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე დ. მ-ი უსასყიდლოდ ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. ქირავნობის საფასური შეადგენს თვეში 200 ლარს. დ. მ-ის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა თავად ნ. ნ-იმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დ. მ-ის ოჯახი მის საკუთრებაში არსებულ ბინაში 2009 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უსასყიდლოდ ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა, ფინანსურად გაუჭირდა და თითქმის ერთი წელია ყოველთვიურად ქირის სახით იღებს - 200 ლარს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს შვილის დედამთილის კუთვნილ ბინაში ქირით, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაუდებელი აუცილებლობა არ გააჩნიათ. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ დ. მ-ის ოჯახი ცხოვრობს მისი შვილის დედამთილის სახლში (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იგი იხდის ყოველთვიურ ქირას), არ წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს და არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა