Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

ბს-950(კ-19) 26 ოქტომბერი, 2021 ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „...“
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...მა“ 2016 წლის 26 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 3 ივნისის №MIA 6 16 01355424, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 3 აგვისტოს №MIA 3 16 01945561 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის ..., სანომრე ნიშნით ..., საიდენტიფიკაციო კოდით ...რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის 2016 წლის 3 ივნისის №MIA 6 16 01355424 გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 3 აგვისტოს №MIA 3 16 01945561 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის ..., სანომრე ნიშნით ..., საიდენტიფიკაციო კოდით ...რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაში, რომლითაც ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა დაუბრუნდა მის ამჟამინდელ მფლობელს, შპს „...ს“ დირექტორს ს. ს-ის, აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ არის დადასტურებული ავტომანქანის წარმომავლობა და როგორც 2016 წლის 21 იანვრის, ასევე 2016 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის პირვანდელი ნიშნები, გარდა ცალკეული ფრაგმენტებისა გამოვლენილი ვერ იქნა. სატრანსპორტო საშუალების წარმომავლობის დაუდგენლობის გამო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს 2016 წლის 3 ივნისის MIA 61601355424 გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე, თუმცა სასამართლომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის მიუხედავად, სრულიად უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციას წარმოადგენს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა; მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაში ცვლილებები არის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა; მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს სარეგისტრაციო ნიშანს; მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი; 25-ე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები. ამრიგად ცხადია, რომ ერთი მხრივ, სარეგისტრაციო ნიშნების (სარეგისტრაციო მოწმობის) გაცემა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის) პროცედურას, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება არის სავალდებულო, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია/რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა ვერ განხორციელდება, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ დგინდება სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურების სააგენტოს უარი რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე კანონიერია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს მსჯელობის საგანია სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისთვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), რომლის უფლებამოსილებასაც ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო მე-12 პუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხები წესრიგდება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული სასამართლო აქტით; „ბ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად - გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე პუნქტის „ბ.ზ.“ ქვეპუნქტის თანახმად - სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება;
მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება სააღრიცხვო მონაცემები, მათ შორის „ვ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN, ძარის ნომერი, შასის ნომერი ან/და სააღრიცხვო ნომერი. ძარის ან/და შასის ნომრის აღრიცხვა სავალდებულო არ არის VIN-ის არსებობის ან სააღრიცხვო ნომრის მინიჭების შემთხვევაში); იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი, ამავე ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით ... საიდენტიფიკაციო კოდით ..., რომლის სარეგისტრაციო მოწმობის დაბრუნებასაც (ტ. 1,ს.ფ. 72) ითხოვდა მოსარჩელე, 2001 წლიდან რეგისტრირებული იყო ჯერ თ. ც-ას, შემდეგ ი. მ-ას სახელზე, ხოლო შპს „...მა'' აღნიშნული ავტომანქანა 2008 წლის 22 დეკემბერს 12000 აშშ დოლარად (19800 ლარი) ი. მ-ასგან შეიძინა. 2016 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ი. მ-იმა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ითხოვა ავტომანქანა ..., სახელმწიფო ნომრით ... ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი ... სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ავტომანქანის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №1569 განჩინებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. მ-იის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით ... საიდენტიფიკაციო კოდით ... დაუბრუნდა მის იმჟამინდელ მფლობელს შპს „...ს''-ს. ს-ის. მითითებული განჩინების საფუძველზე 2016 წლის 31 მაისს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ს. ს-იმა ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით ... საიდენტიფიკაციო კოდით ... სარეგისტრაციო მოწმობის დაბრუნების მოთხოვნით. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, ს. ს-ის უარი ეთქვა 2016 წლის 31 მაისის №1321173 განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის განჩინებაში მითითებულია, რომ ვერ იქნა დადგენილი ავტომანქანა ... პირვანდელი საიდენტიფიკაციო კოდი, შესაბამისად, ვერ მოხდა ავტომანქანის იდენტიფიცირება და რეკვიზიტების შედარება სარეგისტრაციო მონაცემებს შორის. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხარის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 აგვისტოს MIA 31601945561 გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ დირექტორის ს. ს-იის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.“, „ბ.ბ.“, „ბ.ზ.“ ქვეპუნქტებით სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის განხორციელებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელემ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №1569 განჩინება, ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით ... საიდენტიფიკაციო კოდით ... მისი იმჟამინდელი მფლობელის შპს „...ისთვის“ დაბრუნების შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მითითებული განჩინებით დადგინდა, რომ სიყალბე მოსარჩელეს არ ჩაუდენია, ავტომანქანა არ ირიცხებოდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემთა ბაზაში, 2001 წლიდან დღემდე აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია კოდით ... და საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიამ 2016 წლის 27 მაისის განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად. მე-4 ნაწლის მიხედვით კი, თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი).
პალატის მოსაზრებით, ზემოაღიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას - გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 205190513) დაუბრუნდეს 19.06.2019წ. №16062 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა