Facebook Twitter
საქმე №ბს-763(კ-20) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე


სხდომის მდივანი - ა. ვ-ე

კასატორი (მოსარჩელე) – ლ. რ-ა
წარმომადგენელი – თ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი; წარმომადგენლები – ა. ი-ო, ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 23 ივლისს ლ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2018 წლის 14 მაისს ჩაირიცხა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ...ის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე - ...ის ...ისა და ...ო ...ის სამაგისტრო პროგრამა (...), სადაც სწავლის საფასური შეადგენს 5600 ევროს. ამასთან ერთად, აღნიშნულ პროგრამაზე სწავლების შემთხვევაში დამატებით საჭიროა ცხოვრების ხარჯი თვეში - 1000 ევრო. ვინაიდან სამაგისტრო პროგრამა ერთწლიანია, ჯამში ცხოვრების ხარჯი მოთხოვნილი ჰქონდა 12000 ევროს ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, თავად უნივერსიტეტს და ამ პროგრამას არ გააჩნდა შიდა დაფინანსება, რის გამოც აღნიშნული პროგრამის დაფინანსების მიზნით მიმართა მოპასუხეს, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილია სწორედ იმ მიზნით, რომ საბიუჯეტო სახსრებით დააფინანსოს საზღვარგარეთ განათლების მიმღები სტუდენტები.
სარჩელის თანახმად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკაციების შესწავლის მეორე ეტაპზე (პირველი ეტაპია ფორმალური შესწავლა, მეორე ეტაპია აპლიკაციების არსებითი შეფასება) უარი განაცხადა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მეორე ეტაპზე ჯამურად მინიმუმ 34 ქულის მქონე აპლიკანტებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩლემ მოითხოვა დასაბუთებული წერილის წარმოდგენა, სადაც მოცემული იქნებოდა ქულები კომპონენტების მიხედვით, რომელიც ცენტრმა გადაუგზავნა მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში, სადაც მითითებულია შემფასებლების მიერ მისთვის დაწერილი ქულები, თუმცა არ არის მითითებული რომელმა კომისიის წევრმა რა შეფასება დაწერა. მოსარჩელის მითითებით, შემფასებლების ვინაობის მითითების ნაწილში ცენტრის მხრიდან მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი უარი. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დასაბუთებაში მითითებული კომპონენტების დიდი ნაწილი არის იმგვარი, რომ ტოვებს სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას, თუმცა არსებობს კომპონენტები, რომლებიც ობიექტურ ფაქტობრივ მოცემულობას ეფუძნება (უნდა ეფუძნებოდეს). მაგალითად, ასეთი კომპონენტია განათლების კომპონენტი, სადაც 7 შემფასებლიდან ერთ-ერთმა დაუწერა 0 ქულა მაშინ, როდესაც სხვა შემფასებლებმა - სამმა მათგანმა დაუწერა 8 ქულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) მაღალი აკადემიური მოსწრებით და იმავე წელს ჩაირიცხა ...ში, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ...ის სამაგისტრო პროგრამად აღიარებულ ... პროგრამაზე შედარებით ...ში (LLM). მოსარჩელისთვის საინტერესოა თუ რა კრიტერიუმებით დაწერა შემფასებელმა 0 ქულა ამ ყველაფერში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, იგი ასევე სადავოდ ხდის სხვა კომპონენტებსაც.
ამდენად, მოსარჩელემ ლ. რ-ას ნაწილში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე მოსარჩელის დაშვებისა და კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის მიმართ გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი და დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის №17-18 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეეძლოთ მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებანი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
დანართით ასევე დადგენილია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (9 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 1 ივნისის №1 ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით განაცხადი გადაგზავნილი ჰქონდა 188 კონკურსანტს, მათ შორის, ლ. რ-ას (გერმანია, Europa Institut Saarland University, სამართალი).
მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნული №2 დანართი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე), აღნიშნულ ეტაპზე თითოეული კრიტერიუმი ფასდებოდა ქულობრივი სპექტრით 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე, კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება და გამოცდილება, 2. მოტივაცია და არგუმენტაცია, 3. პრეზენტაბელურობა, 4. სამომავლო გეგმები, 5. სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა).
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2018 წლის 2 ივლისის №4 სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“, ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. კომისიის სხდომას ესწრებოდა 8 კომისიის წევრი. კომისიის მითითებული სხდომის ოქმით (ოქმი №4) დადგინდა კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულები შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - 34 ქულა; სოციალური მეცნიერებები - 33 ქულა; მენეჯმენტი - 32 ქულა; განათლება - 30 ქულა; ინჟინერია - 30 ქულა; არქიტექტურა - 30 ქულა; აგრარული მიმართულებები - 30 ქულა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 30 ქულა; საჯარო მმართველობა - 30 ქულა; ჰუმანიტარული მეცნიერებები - 28 ქულა. ნაშრომები შეაფასა - 7-მა კომისიის წევრმა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის №4 სხდომის ოქმის დანართით დგინდება, რომ ლ. რ-ას შეფასება შეადგენდა 30.4 ქულას, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 29-ე ადგილზე იყო. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 1-დან 7.5-მდე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, ცენტრის ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაზე, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების და ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.
აღნიშნული დადგენილების დანართის - „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 1 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე.
ამასთან, ბრძანების 3.2. პუნქტით დადგინდა, რომ საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, თუ სხდომას დაესწრებოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3.3. პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნებოდა თავმჯდომარის ხმა. 3.4. პუნქტით კი დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დამოუკიდებლად შეაფასებდა თითოეულ კონკურსანტს და გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტის საკონკურსო განაცხადი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა შეეფასებინა საკონკურსო კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგენილია, რომ ხუთივე კრიტერიუმის (1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-10 ქულამდე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ-ა წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროგრამის ბენეფიციარს, რომელმაც „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, წარადგინა ელექტრონული განაცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით, ატვირთა დოკუმენტაცია.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ-ამ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე ლ. რ-ას შეფასება შეადგენდა 30.4 ქულას, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 29-ე ადგილზე იყო. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 1-დან 7.5-მდე. დადგენილი კვოტების გათვალისწინებით მოსარჩელე არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კონკურსის მეორე ეტაპზე, დადგენილ ფორმებში მითითებული კრიტერიუმებისა და ქულობრივი ზღვარის შესაბამისად, კონკურსანტი ლ. რ-ა შეაფასა კომისიის ცხრა წევრიდან შვიდმა წევრმა, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულის დადგენა მოხდა კომისიის ცხრა წევრიდან რვა წევრის მონაწილეობით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ეტაპზე კომისიამ შემოწმება განახორციელა დადგენილ ფორმებთან შეუსაბამოდ და აღნიშნა, რომ ხსენებული კომპონენტების შეფასება შესაძლებელი იყო დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმებით შემფასებლის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 0-10 ქულამდე ქულობრივი სპექტრით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
სასამართლო მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლსა და მე-7 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის სხდომები წარიმართა დადგენილი პროცედურის დაცვით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ მხოლოდ რაოდენობრივად, მექანიკურად არ უნდა ხდებოდეს დადგენილი კრიტერიუმების შეფასება და ზოგადად, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკურსანტის მონაცემთა შესაბამისობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიზანთან. განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა კონკურსანტის კვალიფიკაცია შესაბამისობაში იყო მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან - საზღვარგარეთ შერჩეულ სასწავლო პროგრამასთან, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, შემფასებლების მიერ რიგ შემთხვევებში აკადემიური მიღწევებისა თუ სხვა კომპონენტების თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უფრო მაღალი ქულით მოსარჩელის შეფასება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას და სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება აქვს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროცედურული ნორმების დაცვით და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს მისთვის მინიჭებული ქულის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის წესების დარღვევა გამოიწვია იმან, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ოდენობა არ ემთხვეოდა კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის შემფასებელ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანების მე-3 მუხლით პირდაპირ არის გაწერილი საკონკურსო კომისიისა და მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შემფასებელ კომისიის წევრთა აუცილებელი მინიმალური ოდენობები, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი რაოდენობა არის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა - 9 კომისიის წევრი, ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღებაში მონაწილეობა მიიღო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, კერძოდ 8 კომისიის წევრმა, ხოლო მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შეფასება მოახდინა ასევე, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა - 7 წევრმა, შესაბამისად, ამ კუთხით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ დარღვეულა ნორმატიულად გაწერილი პროცედურები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის №4 სხდომის ოქმი ლ. რ-ას ნაწილში გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება და კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება განხორციელებულია ხსენებული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე უსაფუძვლო იყო ლ. რ-ას მოთხოვნა მის მიერ კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ. სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის მოსარჩელის კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვების დავალებისა და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე ასევე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით ლ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო შეფასების კანონიერების საკითხი, მიეკუთვნება საკონკურსო კომისიის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებაზე №ბს-1312(კ-18), სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „კონკურსანტის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. კანდიდატების შეფასების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში ეს ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე, შპს „სიგმა რადიო-ტელევიზია“ კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Fazia Ali v. the United Kingdom §77).... საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტებისა და ნორმის სუბსუმფციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას...... საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (კომისიის წევრის სუბიექტური შთაბეჭდილება, პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე, საერთო შედეგების შეფასება და სხვ.).“
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, (იხ. სუსგ 08.07.04წ., №ბს-94-11-კს-04; 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10); 25.03.09წ. №ბს1448-1406(კს-08); 20.07.11წ. №ბს-1805-1760(კ-10)) სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასებისას ყველა გარემოება არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას. ნებისმიერი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია შეფასება, შეფასება კი გარკვეულწილად უკავშირდება კომისიის წევრების მიხედულებას, რომელიც წარმოადგენს შეფასებითი კატეგორიების გამოყენების აუცილობელ ელემენტს. შესაბამისად, ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. დისკრეციის სფეროს შეზღუდვა ზოგადად დადებითი პროცესია, თუმცა ამ კუთხით სრული კონტროლის დაწესება გამოიწვევდა ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას. კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებული პირებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისიის კომპეტენციას და სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, არის თუ არა დაცული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრები, მოხდა თუ არა მისი გამოყენება კანონმდებლობის მიზანთან შესაბამისად, დაცულია თუ არა შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბი, თანასწორობის პრინციპი და კონკურსის ჩატარების პროცედურული წესები. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება კომისიის წევრების მიერ კონკურსის ჩასატარებლად განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას. კომისიის წევრის მიერ განხორციელებულ შეფასებაზე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სასამართლო კონტროლი დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასება ემყარება აშკარა და გონივრულ ზღვარს მიღმა არასწორ გააზრებას და შედეგიც, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და მიუღებელია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ-ამ „განათლების“ კრიტერიუმში მიიღო შემდეგი შეფასება: 8; 5; 8; 8; 5; 5; 0. მისმა საშუალო ქულამ ამ კრიტერიუმში შეადგინა 5,6.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ „განათლების“ კომპონენტში 0 ქულის დაწერა არაგონივრულია, რამდენადაც მოსარჩელეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტეტი (ბაკალავრიატი), რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომის ასლით. მისი დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა „...ის“ ... სამაგისტრო პროგრამაზე, მასვე განათლების კრიტერიუმში სხვა შემფასებლებმა დაუწერეს 5 და 8 ქულა, ხოლო იმავე შემფასებელმა, რომელმაც განათლების კომპონენტი შეუფასა 0 ქულით, გამოცდილების კომპონენტი შეაფასა 8 ქულით, მაშინ, როცა გამოცდილება და პრაქტიკა სპეციალობაში გარკვეულწილად მიღებული განათლების ხარისხთანაც არის დაკავშირებული. ამდენად, 0 ქულის დაწერა განათლების კომპონენტში იმ პირობებში, როდესაც წარდგენილია განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, გამოცდილება კომისიის იმავე წევრის მიერ შეფასებულია 8 ქულით და განათლების კომპონენტი კომისიის სხვა წევრების მიერ შეფასებულია გაცილებით მაღალი ქულებით, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში შეფასება მიიჩნია არაგონივრულად. რაც შეეხება დანარჩენ ქულათა შეფასებას კომპონენტების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალსახად არ იკვეთება მათი ირაციონალურობა. სააპელაციო სასამართლო ვერ შეითავსებდა კომისიის ფუნქციას და ვერ შეიჭრებოდა ორგანოს დისკრეციაში და მათ სისწორეს ვერ შეაფასებდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულა სამართლის მიმართულებით შეადგენდა 34 ქულას, ხოლო აპელანტს მიღებული აქვს 30,4 ქულა. ვინაიდან თითოეულ კომპონენტში კომისიის წევრთა მიერ დაწერილი ქულებიდან გამოითვლებოდა საშუალო არითმეტიკული და ყველა კომპონენტში მიღებული საშუალო ქულები ჯამდებოდა, განათლების კრიტერიუმში ნაცვლად 0 ქულისა, უმაღლესი - 10 ქულის დაწერის შემთხვევაშიც კი აპელანტი ვერ დააგროვებდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელ 34 ქულას (10 ქულის დაწერის შემთხვევაში, განათლების კომპონენტში მიღებული საშუალო ქულა შეადგენდა შვიდს, ხოლო ჯამში საშუალო ქულა - 30,8 ქულას. ამრიგად, ბონუს ქულის გათვალისწინებით, საბოლოო შეფასება იქნებოდა 31.8). შესაბამისად, სადავო (განათლების) კომპონენტში უმაღლესი შეფასების შემთხვევაშიც ვერ შეიცვლებოდა ქულების რაოდენობა იმგვარად, რომ ლ. რ-ას მიმართ დამდგარიყო სხვაგვარი შედეგი. ამდენად, მითითებული არგუმენტის გათვალისწინების პირობებშიც, სადავო აქტის ბათილად ცნობა მოსარჩელის ინტერესზე გავლენას ვერ მოახდენდა და იგი ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან გამომდინარე კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, მისი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა, მხოლოდ მაშინ იწვევს, როდესაც დარღვევას არსებითი ხასიათი აქვს და მისი არარსებობა პირისთვის სასურველი, დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, რასთანაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ გვაქვს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეფასების დისკრეციის მხედველობაში მიღებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ არ უნდა შეითავსოს კომისიის ფუნქცია, არ უნდა ჩაანაცვლოს იგი, არამედ უნდა შეამოწმოს პროცედურის დაცულობა, თანასწორობის პრინციპის დაცვა, გამორიცხოს სხვა კონკურსანტებთან შედარებით პირის უარეს მდგომარეობაში ჩაყენება და დისკრიმინაცია, ხოლო შეფასება უნდა შეაფასოს იმის მიხედვით, ხომ არ არის სახეზე აშკარად ირაციონალური და მიუღებელი შეფასება, რომელიც იმთავითვე მიუთითებს შეფასების უსწორობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება გამოცდის ჩატარების წესისა და პროცედურის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობას გამოიწვევდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი თავდაპირველად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება და განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, იმავე ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ მიღებულ გადწყვეტილებებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებებს საქმეზე №ბს-797(კ-18).
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია მაშინ, როდესაც მისთვის განათლების კომპონენტში დაწერილი დაბალი შეფასება არაგონივრულად მიიჩნია და ამავდროულად, მოცემულ საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სხვა კომპონენტებთან დაკავშირებით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა დისკრეციული უფლებამოსილების არსი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანია თითოეულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და არა ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის დაშვება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები. დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ აქტის კანონიერებასთან მიმართებით არ უნდა გაიზიაროს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება, რამდენადაც აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის დასაბუთებულობის ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის, კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა თუ როგორ შეაფასა მან ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. რ-ას საკასაციო საჩივარი; საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით ლ. რ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით ლ. რ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. რ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. რ-ას დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ლ. რ-ას ნაწილში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის #25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობას, ასევე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე მოსარჩელის დაშვებასა და კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის მიმართ გამოცემის დავალებას ითხოვდა, ხოლო საკასაციო სასამართლოში ლ. რ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ლ. რ-ას ნაწილში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის #25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის ლ. რ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მოცემული დავა განიხილა და გადაწყვიტა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის №17-18 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
ამავე დანართის შესაბამისად, სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებასა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
აღნიშნული დანართით ასევე დადგენილია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (9 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი. მითითებული ბრძანების 3.2. პუნქტით დადგინდა, რომ საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, თუ სხდომას დაესწრებოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3.3. პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნებოდა თავმჯდომარის ხმა. 3.4. პუნქტით კი დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დამოუკიდებლად შეაფასებდა თითოეულ კონკურსანტს და გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. 3.6. პუნქტის თანახმად კი, კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტის საკონკურსო განაცხადი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა შეეფასებინა საკონკურსო კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს.
„სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 1 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით, კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე. აღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგენილია, რომ ხუთივე კრიტერიუმის შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-10 ქულამდე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის №4 სხდომის ოქმით დადგინდა კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულები: სამართალი - 34 ქულა.
დადგენილია, რომ ლ. რ-ა წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროგრამის ბენეფიციარს, რომელმაც „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარადგინა ელექტრონული განაცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით ატვირთა დოკუმენტაცია. ლ. რ-ამ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე მისმა შეფასებამ შეადგინა 30.4 ქულა, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 29-ე ადგილზე იყო, რის გამოც იგი არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.
ამასთან, კონკურსის მეორე ეტაპზე, დადგენილ ფორმებში მითითებული კრიტერიუმებისა და ქულობრივი ზღვარის შესაბამისად, კონკურსანტი ლ. რ-ა შეაფასა კომისიის ცხრა წევრიდან შვიდმა წევრმა, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულის დადგენა მოხდა კომისიის ცხრა წევრიდან რვა წევრის მონაწილეობით, „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანების მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც გაწერილია საკონკურსო კომისიისა და მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შემფასებელ კომისიის წევრთა აუცილებელი მინიმალური ოდენობები.
კასატორი სადავოდ ხდის მის ნაწილში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის #25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმის კანონიერებას, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ლ. რ-ამ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი. წარმოდგენილ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე შესაფასებელი კომპონენტების დიდი ნაწილი არის იმგვარი, რომ ტოვებს სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას, თუმცა არსებობს კომპონენტები, რომლებიც ობიექტურ ფაქტობრივ მოცემულობას ეფუძნება (უნდა ეფუძნებოდეს). ასეთ კომპონენტად მოსარჩელე მაგალითისთვის განათლების კომპონენტს ასახელებს, სადაც 7 შემფასებლიდან ერთ-ერთმა დაუწერა 0 ქულა მაშინ, როდესაც სხვა შემფასებლებმა - სამმა მათგანმა დაუწერა 8 ქულა.
განათლების კრიტერიუმში არსებული დაუსაბუთებლად შეუსაბამო ქულები გახდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის არსებითად განხილვის მთავარი საფუძველი, რამდენადაც საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელემ 2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ი ფაკულტეტი (ბაკალავრი), კარგი აკადემიური მოსწრებით და იმავე წელს ჩაირიცხა ...ში, ...ის ... სამაგისტრო პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების კომპონენტში 0 ქულის დაწერა არაგონივრულია, თუმცა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განათლების კრიტერიუმში ნაცვლად 0 ქულისა, უმაღლესი - 10 ქულის დაწერის შემთხვევაშიც კი აპელანტი ვერ დააგროვებდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელ 34 ქულას (10 ქულის დაწერის შემთხვევაში, განათლების კომპონენტში მიღებული საშუალო ქულა შეადგენდა შვიდს, ხოლო ჯამში საშუალო ქულა - 30,8 ქულას. ამრიგად, ბონუს ქულის გათვალისწინებით, საბოლოო შეფასება იქნებოდა 31.8), მიიჩნია, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა მოსარჩელის ინტერესზე გავლენას ვერ მოახდენდა და იგი ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განათლების კომპონენტში 0 ქულის დაწერის არაგონივრულობის ნაწილში, რა დროსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ მიღებულ განათლებას, თუმცა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილს, რომელიც გამორიცხავს მოცემულ საქმეზე მოსარჩელის სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ განათლების კრიტერიუმში ნაცვლად 0 ქულისა, უმაღლესი - 10 ქულის დაწერის შემთხვევაშიც კი აპელანტი ვერ დააგროვებდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელ 34 ქულას.
დადგენილია, რომ ლ. რ-ამ განათლების კრიტერიუმში მიიღო შემდეგი შეფასება: 8; 5; 8; 8; 5; 5; 0 და მისმა საშუალო ქულამ ამ კრიტერიუმში შეადგინა 5,6. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ი ფაკულტეტი (ბაკალავრი), კარგი აკადემიური მოსწრებით. მისი დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ...ის ... სამაგისტრო პროგრამაზე. შესაბამისად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს არის მოკლებული ლ. რ-ას განათლების კომპონენტში 0 ქულით შეფასება. განათლების კომპონენტში ერთ-ერთი შემფასებლის მიერ დაწერილი 0 ქულის შეუსაბამობაზე მიუთითებს იმავე შემფასებლის მიერ გამოცდილების კომპონენტის 8 ქულით შეფასება მაშინ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა სპეციალობაში გარკვეულწილად მიღებული განათლების ხარისხთანაც არის დაკავშირებული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, კონკურსანტის გამოცდილება კომისიის იმავე წევრის მიერ შეფასებულია 8 ქულით და განათლების კომპონენტი კომისიის სხვა წევრების მიერ შეფასებულია გაცილებით მაღალი ქულებით, მართებულია ამ ნაწილში შეფასების არაგონივრულად მიჩნევა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 1 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით, კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე. აღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგენილია, რომ ხუთივე კრიტერიუმის შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-10 ქულამდე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტი იმ შემთხვევაში ფასდებოდა 10-დან 0 ქულით, როდესაც იგი აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკურსის მინიმალურ სტანდარტს, თუმცა არ ირკვეოდა მისი კრიტერიუმთან შესაბამისობა; 2 ქულა იწერებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტის მიმართება კრიტერიუმთან სუსტად იყო წარმოჩენილი; 5 ქულა იწერებოდა, თუ კონკურსანტი კრიტერიუმს აკმაყოფილებდა საშუალო დონეზე; 8 ქულის დაწერის შემთხვევაში კონკურსანტს კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა მაღალ დონეზე; ხოლო 10-დან 10 ქულის მისაღებად კონკურსანტს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა კრიტერიუმი, მისი პოზიცია დამაჯერებელი და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. აღნიშნულის თანახმად, იმისათვის, რომ ლ. რ-ას განათლების კრიტერიუმში მიეღო 0 ქულა, აუცილებელი იყო, რომ კონკურსანტს დაეკმაყოფილებინა მხოლოდ კონკურსის მინიმალური სტანდარტი და სახეზე არ უნდა ყოფილიყო მისი კრიტერიუმთან შესაბამისობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გათვალისწინებით, განათლების კრიტერიუმში ლ. რ-ას 0 ქულით შეფასება წინააღმდეგობაში მოდის შეფასების აღნიშნულ ფორმებთან; სახეზეა აშკარად ირაციონალური და მიუღებელი შეფასება, რომელიც იმთავითვე მიუთითებს შეფასების უსწორობაზე.
მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ შეუსაბამო და არაგონივრულია განათლების კომპონენტში მისი 0 ქულით შეფასება, ასევე დაუსაბუთებელია დანარჩენი შემფასებლების მიერ მოსარჩელის განათლების შეფასება. კონკურსანტის 5 ქულით შეფასებისას არ არის დასაბუთებული რატომ შეფასდა ლ. რ-ას განათლების კომპონენტი საშუალოდ. საქმეზე არ დგინდება განათლების კომპონენტის შეფასებისას რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს კომისიის წევრებმა, როდესაც ერთ-ერთმა შემფასებელმა 0 ქულის დაწერით ფაქტობრივად არ აღიარა მოსარჩელის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება კარგი აკადემიური მოსწრებით, ასევე ის, რომ მოსარჩელე ჩარიცხული იყო ... სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო სამმა მათგანმა 10 ქულიდან 5-ქულიანი შეფასება დაუწერა, სამმა კი - 8-ქულიანი. არ ირკვევა განათლების კომპონენტში უმაღლესი ქულის მისაღებად რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა კონკურსანტს. ამდენად, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, როგორც ცალკეულ შემფასებელთა მიერ დაწერილი ქულების შეუსაბამობა, ასევე ზოგადად განათლების კომპონენტში მიღებული ქულა, მოსარჩელის განათლების გათვალისწინებით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ განათლების კრიტერიუმში ნაცვლად 0 ქულისა, უმაღლესი - 10 ქულის დაწერის შემთხვევაშიც მოსარჩელე ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს, რამდენადაც, განათლების კრიტერიუმში საბოლოო საშუალო ქულის მისაღებად სააპელაციო სასამართლო აფასებს შვიდი შემფასებლიდან მხოლოდ ერთ-ერთის მიერ დაწერილ ქულას, ხოლო საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს დანარჩენი შემფასებლების მიერ დაწერილ ქულებსაც. ამასთან, სარჩელში მოსარჩელეს მართალია მაგალითის სახით განათლების კომპონენტში დაწერილი ქულის დაუსაბუთებლობა მოჰყავს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ იგი ასევე სადავოდ ხდის სხვა კომპონენტებსაც. შესაბამისად, მოსარჩელისთვის დაწერილი და შესაძლო დასაწერი ქულების დაჯამებისას საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს როგორც განათლების კომპონენტში დანარჩენი შემფასებლების მიერ დაწერილი/დასაწერი ქულების, ასევე სხვა კომპონენტებში გათვალისწინებული ქულების ჩართვის შესაძლებლობას (მე-2 ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე), რის გამოც საკასაციო სასამართლო გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ დავაში მოსარჩელისთვის სასურველი შედეგის მიღწევის შეუძლებლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კომპონენტების მიხედვით დანარჩენ ქულათა შეფასებისას სასამართლოს კომპეტენციის გამორიცხვის თაობაზე. მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაში შეჭრა, თუმცა დისკრეციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.02.2013წ. #ბს-448-443(კ-12) განჩინება). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
ამასთან, სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასებისას ყველა გარემოება არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ცალკეულ კომპონენტთა შეფასებისას სასამართლო კონტროლის ფარგლების განსაზღვრისას საგულისხმოა, რომ განათლების კომპონენტის მსგავსად ობიექტურ ფაქტობრივ მოცემულობას უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული ველის შეზღუდვის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა შეფასებისას არსებული კრიტერიუმების ხასიათი და საქმეზე წარმოდგენილი შეფასების ფორმები, სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება კი შესაძლებელი უნდა იყოს მისი დასაბუთებიდან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობა.
„კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ლი ნაწ.), თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი (სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა). ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
ამდენად, დისკრეციულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლის მიზანს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მთლიანად განათლების კომპონენტის საბოლოო შეფასებას, არც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ დასახელებულა ის გარემოებები, რამაც ლ. რ-ას ამგვარი შეფასება გამოიწვია. არ არის დასაბუთებული განათლების კომპონენტში სათანადო შეფასების მისაღებად რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა კონკურსანტს, რამდენადაც, როგორც აღინიშნა მოსარჩელეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კარგი აკადემიური მოსწრებით, რის შემდგომაც ჩაირიცხა ...ში ... სამაგისტრო პროგრამაზე. კომისიის სადავო გადაწყვეტილება განათლების კომპონენტის ნაწილში სცილდება გონივრულობის ფარგლებს, კომისიის გადაწყვეტილებიდან არ დგინდება ლ. რ-ას განათლების ამგვარი შეფასების საფუძვლები.
სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, რაც შესაძლებელი ხდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან. დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი იმპერატიულ ხასიათს ატარებს და ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის დასაბუთებას ავალდებულებს. მართალია, საკონკურსო კომისიის ცალკეული წევრი, საკუთარი შეხედულებისამებრ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებს კონკურსანტს თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით, თუმცა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება კომისიისათვის ლ. რ-ას განათლების დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა, კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან განათლების კომპონენტში 0 ქულით შეფასება სცდება გონივრულობის ფარგლებს, ხოლო კომისიის დანარჩენი წევრების შეფასება არ არის დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე სასამართლო კონტროლის ფარგლებში, სადავო საკითხის შეფასება არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. „გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელის შეფასება ემყარება მეცნიერულ-პროფესიული მოსაზრებების ისეთ აშკარა და გონივრულ ზღვარს გადამცდარ არასწორ გააზრებასა და შეფასებას, რომლის შედეგი ყოვლად დაუსაბუთებელი, ირაციონალური და მიუღებელია სასამართლოსათვის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). სასამართლო კონტროლი დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასება ემყარება აშკარა და გონივრულ ზღვარს მიღმა არასწორ გააზრებას და შედეგიც, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და მიუღებელია. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება კონკურსის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის დადგენას, როგორიც არის - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე, რა დროსაც ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება და არა კონკურსანტის ცოდნის დონის განსაზღვრა ამა თუ იმ პროფესიულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, განსახილველი დავა სასამართლოს აძლევდა სრულ შესაძლებლობას ემჯელა და გადაეწყვიტა სადავო საკითხი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.01.2018წ. №ბს-981-977(2კ-17) და 31.01.2019წ. №ბს-1284(კ-18) განჩინებები).
რაც შეეხება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ლ. რ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემას, მოთხოვნა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ეხება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის პირობებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი, ხოლო სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს 33-ე მუხლი განსაზღვრავს. განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც დადგენილია სადავო აქტის უკანონობა, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადაწყვეტილების მიღება დაავალოს, სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე.
საგულისხმოა, რომ საქმის არსებითად განხილვისას მცდელობა იყო მხარეთა შორის მორიგების მისაღწევად, რა დროსაც მხარეები თანხმდებოდნენ კომისიის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა სწორედ მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. განსახილველი დავის ფარგლებში კასატორის ლ. რ-ას ინტერესს წარმოადგენს კონკურსის მეორე ეტაპზე მისი განაცხადის შეფასება განაცხადის განხილვის დროს არსებული მისი მონაცემების გათვალისწინებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაწყვეტა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს დავალების საფუძველზე ლ. რ-ას საკონკურსო განაცხადის განხილვა უნდა მოახდინოს შემდგომი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, რა დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ლ. რ-ასა და დანარჩენ კონკურსანტთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვა, რაც გამორიცხავს ლ. რ-ასთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას. ამასთან, რამდენადაც ლ. რ-ამ კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობა უნდა მიიღოს კომისიის მიერ საკითხის ხელახლა განხილვის დროს არსებული პროცედურებისა და მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული დამატებით მიუთითებს კონკურსანტის შეფასებას კონკურსის დროისათვის არსებული მდგომარეობით, კანონით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. რ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. რ-ას დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის #25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმი ლ. რ-ას ნაწილში და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალოს ლ. რ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილი წესით.
ამასთან, მოპასუხეს - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ლ. რ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარისა და დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით გადახდილი - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის, სულ - 640 (ექვსას ორმოცი) ლარის ანაზღაურება.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. რ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. რ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის #25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 ივლისის #4 სხდომის ოქმი ლ. რ-ას ნაწილში და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალოს ლ. რ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილი წესით;
5. მოპასუხეს _ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ლ. რ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარისა და დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით გადახდილი - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის, სულ - 640 (ექვსას ორმოცი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


გ. აბუსერიძე