საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-987(კ-20) 12 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს მთვარობა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები - ე. ა-ე, თ. ა-ე, ი. ა-ე, მ. ა-ე (მოსარჩელეები), სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ა-ემ, თ. ა-ემ, ი. ა-ემ და მ. ა-ემ 2018 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 8 ნოემბრის №GOV 7 18 00037002 წერილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 30 ნოემბრის №01-10387 წერილის ბათილად ცნობისა და ე. ა-ეის, თ. ა-ეის, ი. ა-ეისა და მ. ა-ეის განცხადების მიმართ, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ე., თ., ი. და მ. ა-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 8 ნოემბრის №GOV 7 18 00037002 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ე. ა-ეის, თ. ა-ეის, ი. ა-ეისა და მ. ა-ეის განცხადების მიმართ, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის 285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით, მოსარჩელეებისათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. ზემოაღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 ოჯახის მიერ ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, რაც შემდგომ სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულება, ხოლო 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით მოხდა საკომპენსაციო თანხის გადახდა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, არ ყოფილან და ისინი არც სასამართლოს მოუწვევია დაინტერესებულ მხარედ. შესაბამისად, მოსარჩელეების 2018 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილი განცხადება, საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 8 ნოემბრის №GOV 7 18 00037002 წერილით გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რადგან საქართველოს მთავრობა ვერ იმსჯელებდა მათზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებების მომზადების დროს. ზემოაღნიშნული 49 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. „რ. ს-ეის, ზ. ს-ეის და სხვების N3გ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით, მათი განსახლების უზრუნველყოფა დაავალა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან თანხები შესაბამისი ოდენობით მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანაა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, ფორმდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით, რომლის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება. აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, ცხადაია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რითაც არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა. მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის გახლდათ, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მიემართა საქართველოს მთავრობისათვის. ამ გარემოებათა გამო, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით არ დააკმაყოფილა სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი. ერთის მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებზე, რომლების საფუძველზეც ეკომიგრანტ პირებზე გაიცა საკომპენსაციო თანხები, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოდ მხოლოდ საქართველოს მთავრობას მიიჩნევს, რაც კასატორის მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. ამასთანავე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ, სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული წერილის კანონიერებაზე, რადგან აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 16 მარტის №GOV 7 18 00037002 წერილის კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეების, როგორც სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით წარდგენილი 2018 წლის 31 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 38-40) განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ასევე საქართველოს მთავრობისათვის მოსარჩელეთა, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალების საფუძვლიანობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის 750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე 3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაევალა; ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნულ სასამართლო წარმოებაში მოსარჩელეთა ოჯახი მხარეს არ წარმოადგენდა.
2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში ჩამოსახლებული სტიქიით დაზარალებულ 75 ოჯახიდან დაკმაყოფილებული არ იყო ხულოს რაიონის სოფელ ...იდან ჩამოსახლებული ე. ა-ეის ოჯახი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებით სტიქიით დაზარალებულებისათვის, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს ტერიტორიაზე თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ინდივიდუალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ან კომპენსაციის გაცემა მოითხოვეს. როგორც უკვე ითქვა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 8 ნოემბრის №GOV 7 18 00037002 წერილით ზემოაღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს 2018 წლის 30 ნოემბრის №01/10387-ს წერილით (ს.ფ. 19) დადგენილია, რომ მოსარჩელეთა განცხადების გადაგზავნას მათ დაინტერესებაში არსებული საკითხის განხილვა/შეფასება არ გამოუწვევია და აღნიშნულით არ განხორციელებულა მოსარჩელეთა უფლებების რეალიზაცია, უფრო მეტიც, მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებაში ისინი არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო საშუალებას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი, ხოლო შემდგომ განემარტათ მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის, სამინისტროს მიერ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტზე, რომლის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მთავრობის უფლებამოსილებაზე, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა დაავალოს უფლებამოსილ სამინისტროს, რაც არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მთავრობის მიერ საკითხის განხილვის კონკრეტული უწყებისთვის დავალების შემთხვევაში, მას უწყდება ანგარიშვალდებულება გადასაწყვეტი საკითხისა თუ დაინტერესებული პირის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მიეკუთვნება მთავრობის კომპეტენციას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეთა განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, განცხადებაში მითითებული საკითხების შეფასების შედეგად უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის/კომპენსაციის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის განხილვის თაობაზე მოსარჩელეთა განცხადება სამინისტრომ კი მხოლოდ იმ საფუძვლით არ განიხილა, რომ სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების გამოცემას, ისინი მხარეს არ წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მოსარჩელეთა დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. მართალია მოსარჩელეებს შორის ე. ა-ე, თ. ა-ე და ი. ა-ე, მ. ა-ე არ ყოფილან, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი არ ქმნიდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით დაევალა მისი მითითების შესაბამისად, კონკრეტული მოქმედების განხორციელება ანალოგიურ პირობებში მყოფი სტიქიით დაზარალებული ოჯახების საკითხის გადასაწყვეტად. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადო შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ ფაქტს, გაითვალისწინოს საჯარო და კერძო ინტერესი, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინიციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, გადაეწყვიტა მოსარჩელეების ინდივიდუალური საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ე. ა-ეის, თ. ა-ეის, ი. ა-ეისა და მ. ა-ეის განცხადების მიმართ, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ნ. ქადაგიძე
ბ. სტურუა