საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-699(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ლ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - ი. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ლ-იმა 2019 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2019 წლის 1 თებერვლის №... განკარგულების ბათილად ცნობისა და მ. ლ-ის საკუთრებში №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარე 489 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ლ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-იმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, 489 მ2 მიწის ნაკვეთი, რომლის აღირებასაც ის ითხოვს, მდებარეობს 1996 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მისთვის გადაცემულ ორ მიწის ნაკვეთს შორის და წარმოადგენდა რეგისტრაციის გარეშე დატოვებულ საკარმიდამო მიწას. მოგვიანებით აღნიშნულ ქონებას მიენიჭა თვითნებურად დაკავებული მიწის სტატუსი და მომიჯნავე ნათესავები, მათ შორის, მესამე პირად ჩართული ი. ლ-ი ერთმანეთთან მისასვლელად სარგებლობდნენ მ. ლ-ის კუთვნილ ორ უძრავ ნივთს შორის არსებული ასაღიარებელი მიწის ნაკვეთით, თუმცა მ. ლ-ი მუდმივად ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ფართით. ფლობისა და სარგებლობის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საერთო სარგებლობის გზა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გერმანია საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე შესრულებული საკადასტრო მონაცემების, ე. წ. ყვითელი ფენის საფუძველზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა გზას. სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 21 იანვრის 21562 წერილს და თანდართულ სიტუაციურ ნახაზს, სადაც მითითებულია, რომ „შავი ზოლები“ ფიქსირდება გზა/ ქუჩა. ამავე წერილში მითითებულია, რომ წარმოდგენილი გრაფიკული მონაცემები დაუზუსტებელია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის 2017 წლის 24 მარტის N... წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ კასპის რაიონის ... ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწა, შესაბამისად დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა საქმის არსებითი გარემოებების დამდგენი პირდაპირი მტკიცებულება და საკითხი გადაწყვიტა გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. კომისიის მიერ 2019 წლის 1 თებერვლის N... განკარგულება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დასაბუთებას, აქტის გამომცემი ორგანო ეყრდნობა ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომელიც არ ასახავს ასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე არსებულ ვითარებას და გარემოებებს, რა დანიშნულებით არის გამოყენებული და ათვისებული, წარმოადგენს თუ არა საგლეხო მეურნეობის ერთიან მთლიან ობიექტს, არის თუ არა განაშენიანებული, კასატორის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თუ არა, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მიწა სახელმწიფომ ან სხვა პირებმა გამოიყენონ როგორც შიდა საზოგადოებრივი გზა, რომელიც ფაქტობრივად არც სხვა საზოგადოებრივი დანიშნულებისაა და არც კერძო პირებისთვის წარმოადგენს აუცილებელ გზას, ოქმში აღწერილია მხოლოდ მიწის ნაკვეთის ბოლოში არსებული ლითონის ბადე, თუმცა არ არის აღწერილი, რომ მიწის ნაკვეთი სამეურნეო ეზოს გარდა გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავებით, ვინაიდან ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გასწვრივ არის მ. ლ-ის ჭიშკარი, ხოლო ნაკვეთის ბოლოში ასევე შეღობილია ლითონის ბადით და ი. ლ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთია ხეხილით, ანუ ოქმი შედგენილია ისე, რომ არ არის შესწავლილი მყარი სასაზღვრო მიჯნა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ბუნებრივი საზღვარი, რომლითაც დადგინდებოდა თვითნებურად დაკავებული მიწის დანიშნულება. სასამართლომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა საქმეში არსებული არსებითი სახის მტკიცებულებები და გაიზიარა ე.წ. ყვითელი ფენის ჩანაწერი, რომელიც რეალურად არ ასახავს ფაქტობრივ გარემოებას და წარმოადგენს დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემებს.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია თვითნებურად დაკავებული მიწა და მასზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები შემოსაზღვრული იყო თუ არა მყარი მიჯნით, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და მ. ლ-ის საკუთრებას - როგორც საცხოვრებელ, ასევე დამხმარე ნაგებობებს ჰქონდა თუ არა ერთი ჭიშკარი, ე.წ. შავი ზოლები მიმდებარე ნაკვეთებზეც დღეს არსებული მდგომარეობითაც წარმოადგენდა თუ არა გზას/ქუჩას და ამ მიზნით არ დანიშნა ექსპერტიზა, რადგანაც „მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის“ კანონში 2019 წლის 19 დეკემბერს შესული ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელია დანიშნულიყო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა სიტუაციურ ნახაზზე ასახული შავი ზოლები როგორც ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, ასევე მიმდებარედ შეესაბამებოდა თუ არა ეგრეთწოდებულ ყვითელ ფენას და ფაქტობრივ მდგომარეობას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ასახული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გასაჩივრებულ საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 თებერვლის N... განკარგულებაშია მითითებული; კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმში N45 დადგენილად არის მიჩნეული, რომ მიუხედავად იმისა, რომ კასპის რაიონის სოფელ ...ში არ არსებობს სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობები და მიწის განკარგვის გეგმა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემებს, აღიარების კომისიის მიერ უგულველყოფილია არსებითი ხასიათის მტკიცებულება, რომლის ფაქტობრივ გარემოებებში ასახვისა და სათანადოდ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით მიიღებოდა სხვა გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. სწორედ ამ საფუძვლით ეთქვა უარი მ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საზოგადოებრივი სარგებლობის გზას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში №... და №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მ. ლ-ის საკუთრებას (ს.ფ. 51). ამ ორ ნაკვეთს შორის არსებობს სახელმწიფო საკუთრების 489 მ2 მიწის ფართი (ს.ფ. 46-47). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის მიმართვის მიხედვით, სიტუაციურ ნახაზზე დატანილი ობიექტი „შავი ზოლებით“ (სადავო მონაკვეთი), წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (KFW თანადაფინანსებით) პროექტის სისტემური აღწერების შედეგად მიღებულ ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზას, სადაც ფიქსირდება ჩანაწერი ,,გზა/ქუჩა“ (ს.ფ 96-98). ე., გ., ნ. ი-ების, გ. და მ. ლ-ების, მ. ბ-ის, ც. ა-ის, ს. ჩ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად (აქტი), მ. ლ-იმა 1974 წლიდან თვითნებურად დაიკავა №... და №...საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის მდებარე 489 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც დღემდე უწყვეტად ფლობს, როგორც საკუთარს (ს.ფ. 41-43). კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 28 იანვრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მის მიერ შესწავლილი იქნა სადავო საკითხი, გამოიკითხა მეზობლები და დადგინდა, რომ სადავო მონაკვეთი იყო სოფლის საერთო სარგებლობის გზა, რომელიც მ. ლ-იმა გადაკეტა თვითნებურად პირადი სარგებლობისათვის; მოხსენებით ბარათს თან ახლავს ი. ლ-ის განცხადება და მეზობლების ხელმოწერები (ს.ფ 104-105). კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 თებერვლის №... განკარგულებით მ. ლ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სადავო მონაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზას (ს.ფ. 66-67).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან, ასევე საკუთრებასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი ორი მტკიცებულება: დღევანდელი რეგისტრირებული მონაცემები (ე.წ. წითელი ფენა) და საჯარო რეესტრში დაცული საქართველო-გერმანიის ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KFW) შესრულებული (ე.წ. ყვითელი ფენა) საკადასტრო აზომვითი ნახაზები. მათში ასახული მონაცემები არსებითად არ განსხვავდება და ძირითად ნაწილში სრულად ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები (ორთოფოტოზე აღნიშნულია წითელი ფერით) ზუსტად იმავე კონფიგურაციისაა, როგორც ეს ე.წ. ყვითელ ფენაზეა ასახული, რომელიც ასევე დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო საკითხის განხილვისას სასამართლოში წარდგენილ იქნა კასპის რაიონის ... საბჭოთა მეურნეობის 1997 წლის მიწათსარგებლობის გეგმა, რომლის მიხედვით, სადავო ფართზე აღინიშნება საკარმიდამო დანიშნულების ნაკვეთის არსებობა, თუმცა ამ გეგმაზე საერთო სარგებლობის გზების არსებობა საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ იძლეოდა სრულყოფილ და ნათელ წარმოდგენას დავის საგანთან მიმართებაში (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №140310018002473432, საქმე № 3/137-18, ს. ფ. 55).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ სადავო მონაკვეთი მართებულად იქნა მიჩნეული საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზად, როგორც ადგილზე დათვალიერებისა და სოფელში მაცხოვრებლების გამოკითხვით, ისე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (KFW თანადაფინანსებით) პროექტის სისტემური აღწერების შედეგად მიღებულ ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზაში სადავო მონაკვეთზე დაფიქსირებული ,,გზა/ქუჩის“ აღნიშვნის გამო. სწორედ სიტუაციურ ნახაზზე დატანილი ობიექტი „შავი ზოლებით“, რომლის საკუთრებად აღიარებასაც ითხოვს კასატორი, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ,,კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (KFW თანადაფინანსებით) პროექტის სისტემური აღწერების შედეგად მიღებულ ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზას, სადაც ფიქსირდება ჩანაწერი ,,გზა/ქუჩა“ (ს. ფ. 97), რაც წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას. ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას საერთო სარგებლობის გზის არსებობის გამო, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 თებერვლის № 40 განკარგულება მიღებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ-ი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - მ. ლ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 15.09.2020წ. №9843581032 საგადახდო დავალებით ე. ბ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა