გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 155-აპ 10 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა პროკურორ თ.შ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განაჩენში ე. ა-ძის მიმართ. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში საქმე შეწყდა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ე. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით და ერთობლივად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 6 წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ე.აბაშიძეს დაეკისრა დაზარალებულ მ.ონაშვილის მატერიალური დახმარების ვალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ე. ა-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
ე. ა-ძე, 2000წ. 30 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე ქ.თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მართავდა რა საკუთრებაში მყოფ ვაზ-2107 მარკის ა/მანქანას და მოძრაობდა თბილისიდან ქ.რუსთავის მიმართულებით დაახლოებით 70-80 კმ/სთ სიჩქარით, დაარღვია საქართველოს კანონის “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც “დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით”.
იგი ა/მანქანას მართავდა რა მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევით, მსვლელობისას ¹215 სახლთან საპირისპირო მხრიდან მოძრავმა გამოძიებით დაუდგენელმა ა/მანქანამ შორი განათების ფარებით მოუჭრა თვალი. მიუხედავად ხილვადობის გაუარესებისა, მან სიჩქარის შეუცვლელად დაახლოებით 10 წამის განმავლობაში გააგრძელა მოძრაობა, რა დროსაც გადავიდა თავისი სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს და მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის წინა ნაწილით დაეჯახა საავტომობილო გზის ბორდიურთან გაჩერებულ ქვეითად მოსიარულეებს: მ. ო-შვილს, ე. ო-შვილს, ტ. ბ-ძესა და მ. ო-შვილს.
აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულენი: მ. ო-შვილი, ე. ო-შვილი და ტ. ბ-ძე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო მ. ო-შვილმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გადაყვანილ იქნა თბილისის ¹1 კლინიკურ საავადმყოფოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თ.შ-ძე ითხოვს ე. ა-ძის მიმართ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, ე.ა-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელის აშკარა სიმსუბუქის გამო. იგი მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა სამი პირის სიკვდილი და ერთი პირის მძიმე დაზიანება. ასეთ ვითარებაში პირობითი სასჯელის გამოყენება უნდა ჩაითვალოს აშკარად მსუბუქ სასჯელად.
წარმოდგენილია დაზარალებულ მ.ო-შვილის განცხადება, რომლითაც ის ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა.ს-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ.ჯ-ძემ კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი, რასაც მსჯავრდებული ე. ა-ძეც დაეთანხმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ე. ა-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ შეფარდებული სასჯელის _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის სსკ-ის 63-64-ე მუხლებით პირობითი მსჯავრით შეცვლა არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ მხედველობაში სათანადოდ არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ე.ა-ძემ უხეშად დაარღვია გზებზე მოძრაობის კანონის მოთხოვნები, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი – სამი პირის გარდაცვალება და ერთი პირის მძიმე დაზიანება. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ე.აბაშიძის მიმართ სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენება აშკარად შეუსაბამოა ჩანადენის სიმძიმესთან, როგორც მსუბუქი სასჯელი, რაც საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ამჟამად აღარ არსებობს მსჯავრდებულ ე.ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის გამოყენების საფუძველი. ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეერჩეს უფრო მსუბუქი ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განაჩენი ე. ა-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით მსჯავრდების ეპიზოდში, შეფარდებული სასჯელის აშკარა სიმსუბუქის გამო და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
მსჯავრდებულ ე. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიება – შინაპატიმრობა შეეცვალოს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით, რის შესახებაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეცნობოს შინაგან საქმეთა სამმართველოს.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.