საქმე #ბს-1066(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 22 დეკემბერს რ. ფ-იმა, ს. ფ-იმა და ლ. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. რ. ფ-იის ოჯახი 1992 წლამდე ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ...ში, საიდანაც იძულებულები გახდნენ წამოსულიყვნენ, რის შემდეგაც 1993 წლიდან ოჯახი ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #...-ში, კულინარიულ სასწავლებელში ცხოვრობს. რ. ფ-იის განმარტებით, იგი 2002 წელს დაქორწინდა ლ. ა-აზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი - ლ. ფ-იი (...) და ს. ფ-იი (...), 2012 წელს კი მოსარჩელე და მისი მეუღლე განქორწინდნენ, რის შემდეგაც ბავშვებს ზრდის რ. ფ-იი.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ წლების მანძილზე არაერთხელ მიმართეს სამინისტროს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 2020 წლის ოქტომბერში კი სააგენტომ ჩაატარა მათი ოჯახის შემოწმება, რა დროსაც რ. ფ-იი არ დახვდათ მისამართზე პოლონეთში დროებით სამუშაოდ წასვლის გამო, შემოწმების შედეგად მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საფუძვლით სააგენტოს დირექტორის უარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2619/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ფ-იის, ს. ფ-იის, ლ. ფ-იის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2619/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე რ. ფ-ითან, ს. ფ-ითან, ლ. ფ-ითან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #...-ში მდებარე კულინარული სასწავლებელი ნგრევად ობიექტად მიიჩნია და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი კრიტერიუმების გარეშე განიხილა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2619/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რ. ფ-ის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ისე ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კერძოდ, საკითხის განხილვის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ იქნა დადგენილი რ. ფ-იის საზღვარგარეთ წასვლა დროებითი იყო თუ არა, არ ჩატარებულა განმეორებითი მონიტორინგი საბა და ლ. ფ-იების მამასთან ცხოვრება/არცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით, ასევე, არ იქნენ გამოკითხული სადავო მისამართზე მცხოვრები პირები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, შეიქმნება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას.
კასატორი ხაზს უსვამს, რომ სააგენტომ სრულად გამოიკვლია მის ხელთ არსებული ინფორმაცია და საკითხი სრულყოფილად შეისწავლა. განსახილველ შემთხვევაში, მხარე თავად არიდებდა თავს სააგენტოსთან თანამშრომლობას, რაც მთელ რიგ საკითხებს ბუნდოვანს ხდიდა. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია რ. ფ-იი მიუთითებდა, რომ საბა და ლ. ფ-იები მასთან ცხოვრობდნენ, ხოლო დ. ფ-ი მის ყოფილ მეუღლესთან, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერში სამივე ბავშვი დედასთან - ლ. ა-ასტან ერთად ფიქსირდება ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #...-ში. ამასთან, სააგენტო მიუთითებს ლ. ფ-ითან დაკავშირებით სკოლის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში თბილისში სწავლობდა, ხოლო შემდეგ გადავიდა რუსთავის სკოლაში.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ რ. ფ-იი 2019 წლის 27 ივლისიდან 2020 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში იმყოფებოდა პოლონეთში და მას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეკისრებოდა ვალდებულება საქართველოდან გასვლის მიზეზებისა და პერიოდულობის შესახებ შეეტყობინებინა სააგენტოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2619/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ფ-იი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ოჯახი შედგება სამი წევრისაგან, თავად მოსარჩელე და შვილები: ... წლის ... ...ს დაბადებული ლ. ფ-იი და ... წლის ... ...ს დაბადებული ს. ფ-იი. მოსარჩელეთა რეგისტრირებული მისამართია: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. #..., ...ი ...ი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით კი, 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ლ. ა-ას ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: თავად ლ. ა-ა, ლ. ფ-იი, ს. ფ-იი, დ. ფ-ი. მოქმედი სარეიტინგო ქულა - 55270 და ოჯახი იღებს შემწეობას. ასევე დადგენილია, რომ ლ. ა-ა და რ. ფ-იი 2012 წლის 20 სექტემბერს განქორწინდნენ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ოქტომბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის #62 ოქმის შესაბამისად, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთ ასეთ ობიექტს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #...-ში, ...ი ...ი. მონიტორინგის სამსახურს მოსარჩელე რ. ფ-იი ადგილზე არ დახვდა. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2021 წლის 30 მარტის #03-2724 წერილის მიხედვით, რ. ფ-იი საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა უფიქსირდება 14.05.2017 წელს და შემოსვლა 20.06.2017 წელს, ასევე, 27.07.2019 წელს და შესაბამისად, მას შეუჩერდა შემწეობა 2019 წლის ოქტომბრის თვიდან. რ. ფ-ის საქართველოში დაბრუნება უფიქსირდება 22.12.2020წ. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის #03-2619/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რ. ფ-ის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. გ-ამ და ლ. ქ-ამ განმარტეს, რომ მონიტორინგის დროს რ. ფ-იი არ იმყოფებოდა საქართველოში იყო პოლონეთში, ვერ ჩამოვიდა პანდემიის გამო, მაგრამ ადგილზე იყო რ.-ს დედა და შვილი - ს. ფ-იი. ლ. ფ-იი დროებით, 2 წლის განმავლობაში იყო თბილისში სპორტის გამო, თუმცა ამჟამად სკოლაშიც ქუთაისში სწავლობს. ს. და ლ. ცხოვრობენ რ. ფ-ითან, მესამე ვაჟი - დ. ფ-ი კი ცხოვრობს დედასთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი არ ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #...-ში, მე-4 სართულზე, #31 ოთახში. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე რ. ფ-იი არ იმყოფებოდა საქართველოში და ლ. ფ-იი ადგილზე არ დახვდათ, არ გამორიცხავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, სათანადოდ არ გამოკვლეულა მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ იქნა დადგენილი რ. ფ-იის საზღვარგარეთ წასვლა დროებითი იყო თუ არა, არ ჩატარებულა განმეორებითი მონიტორინგი ს. და ლ. ფ-იების მამასთან ცხოვრება/არცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით, ასევე, არ გამოკითხულან სადავო მისამართზე მცხოვრები პირები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა