საქმე №ბს-617(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 20 თებერვალს ლ. დ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 დეკემბრის №04-14/8958 გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 16 იანვრის №04/1322 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ლ. დ-იის განცხადებასთან დაკავშრებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 დეკემბრის №04-14/8958 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 16 იანვრის №04/1322 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 20 მაისისათვის ლ. დ-იის სარეიტინგო ქულა 01.12.18 წლიდან - 01.05.19 წლამდე იყო - 23460. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-იის ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად 2019 წლის 15 ნოემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 135270. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 დეკემბრის №04-14/8958 გადაწყვეტილების თანახმად, ლ. დ-ის ეცნობა, რომ ქულათა აღნიშნული რაოდენობა არ ითვალისწინებდა ფულად სოციალურ დახმარებას.
მოსარჩელე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მას რ. პ-ეის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში აქვს მხოლოდ დასაძინებელი კუთხე, იგი და რ. პ-ეე არ არიან ოჯახის წევრები და ერთმანეთის ნათესავები. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ. პ-ეემ შეიფარა და მისცა დასაძინებელი ადგილი, რადგან წარსულში იყო მისი მოსწავლე და არ ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე, ასევე, მიუთითა, რომ რ. პ-ეე გარდაიცვალა.
საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 დეკემბრის №04-14/8958 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში უკავშირდება ფაქტების დადგენას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ უზრუნველყო იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ლ. დ-იის შემთხვევაში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ისე მიიღო გასაჩივრებული აქტი, რომ არ გამოიკვლია ლ. დ-იისა და რ. პ-ეის შემთხვევაში, სახეზე იყო თუ არა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ რ. პ-ეე, საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს, 2020 წლის 12 მაისს გარდაიცვალა. ასევე მიუთითა, რომ ლ. დ-იის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2020 წლის 14 ივლისს, რის შედეგადაც მის ოჯახს მიენიჭა ახალი სარეიტინგო ქულა - 96450.
საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდეგ შეცვლილი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც ისინი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონიერად, დასაბუთებულად იქნა ცნობილი ბათილად და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართებულად დაევალა სააგენტოს ლ. დ-იის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება, რაც ფაქტობრივად აღასრულა კიდეც სააგენტომ. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, არსებითად სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ლ. დ-იის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისე, რომ სრულად იქნა გამოკლვეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ 2020 წლის 14 ივლისს განხორციელდა ოჯახის გადამოწმება, რის შედეგადაც ოჯახს მიენიჭა ახალი სარეიტინგო ქულა - 96450. აღნიშნულით კი შესრულდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. დ-იი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; 2019 წლის 1 მაისამდე მისი სარეიტინგო ქულა იყო 23460.
დადგენილია, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2019 წლის 16 ოქტომბერს განახორციელა ვიზიტი ლ. დ-იის საცხოვრებელ მისამართზე და შეადგინა ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად, ოჯახი შედგება ორი წევრის - რ. პ-ეის (მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი) და ლ. დ-იისგან. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, ოჯახის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 135270, რაც დადასტურდა სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 დეკემბრის №04-14/8958 სადავო გადაწყვეტილებით. ვინაიდან მინიჭებული ახალი ქულა არ იძლეოდა საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, ლ. დ-იმა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივარი წარადგინა სააგენტოში, თუმცა სააგენტოს 2020 წლის 16 იანვრის №04/1322 გადაწყვეტილებით აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს,
არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. აღნიშნული წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ოჯახი არის – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია ლ. დ-იისა და რ. პ-ეის შემთხვევაში, სახეზე იყო თუ არა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ. დ-იის შემთხვევაში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოს მართებულად დაევალა ლ. დ-იის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 14 ივლისს განხორციელდა ლ. დ-იის ოჯახის გადამოწმება, რის შედეგადაც ოჯახს მიენიჭა ახალი სარეიტინგო ქულა - 96450, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება სცილდება მოცემული დავის ფარგლებს და გავლენას ვერ მოახდენს სადავო აქტების კანონიერებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა