Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-657(კ-21) 21 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი. ქ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ქ-ის მიმართ და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს - ჯარიმის სახით 28 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ქ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, კერძოდ: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ბ) დაზარალებულის ინტერესები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოებს ეს კრიტერიუმები არ შეუფასებიათ. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და სადავო არაა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტიც.

კასატორი ასევე მიუთითებს „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების XVIII თავზე, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. კასატორის მოსაზრებით, მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სარჩელის უარყოფის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გასაჩივრებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ქ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 2 მაისს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის N896 ბრძანებით დამტკიცებული N1352 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, რომლითაც ი. ქ-იმა აიღო ვალდებულება, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა რვა წლის ვადით; ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს უპირობოდ ეკისრებოდა ვალდებულება, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ი. ქ-იმა 2020 წლის 11 თებერვალს პატაკით მიმართა ...ს მეთაურს და ითხოვა შუამდგომლობა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა დათხოვნილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევით) საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის მიზნით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 მარტის N MOD 9 20 00002407 ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ი. ქ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 2 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ქ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (იხ.სუსგ 11.07.2012წ. საქმე Nბს-175-173(კ-12) და სხვ.).

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე Nას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე Nას-1265-1187-2015).

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ 02.02.2015წ. საქმე Nას-1171-1116-2014; სუსგ 24.03.2014წ. საქმე Nას-1284-1226-2013).

როგორც უკვე აღინიშნა, 2018 წლის 2 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ქ-ის შორის გაფორმებული N1352 კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია.

პალატა ვერ გაიზირებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების XVIII თავის მე-4 პუნქტის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალიწინებული ჯარიმის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ მიჩნევის შესახებ.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 2 მაისს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ი. ქ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ, მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს სახის – ჯარიმის ოდენობა, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ი. ქ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა