Facebook Twitter

საქმე #ბს-1022(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 13 ოქტომბერს გ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად წარმოადგენს აფხაზეთიდან, კერძოდ, გულრიფშიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, მოსარჩელის ძმა დაიღუპა 1992 წლის 29 ოქტომბერს აფხაზეთში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და დღემდე სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობს ნაცნობებთან და ახლობლებთან. მან 2016 წელს მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, ამასთან წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა მას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1037/ო ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1037/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გ. ა-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1037/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გ. ა-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1037/ო ბრძანების თანახმად, გ. ა-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ მან საცხოვრებელთან დაკავშირებით წარადგინა არსებითად მცდარი ინფორმაცია. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის #36 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-ის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომლის დამუშავების შედეგად მას წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7 ქულა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა, რომ კანონმდებლობა მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სამინისტროსათვის არსებითად მცდარი ინფორმაცია, რამდენადაც სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, ხოლო არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა იმ გარემოებას, მოსარჩელე გ. ა-ი რომელ მისამართზე ცხოვრობდა განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს, შესაძლებელი იყო 56 ერთოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარდგენილი იყო 294 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. ამდენად, სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს, მიუხედავად საჭირო ქულის არსებობისა. კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა სხვა განმცხადებელსაც ჰქონოდა 7 ქულა, შესაბამისად სააგენტოს არჩევანი ჰქონოდა გასაკეთებელი იდენტურ ქულიან განმცხადებლებს შორის. კერძოდ, შესაძლოა ყოფილიყო განმცხადებელი ნაკლები ქულით, მაგრამ რთული საცხოვრებელი პირობების გამო, ჰქონოდა სასწრაფო და აუცილებელი განსახლების პრიორიტეტული საჭიროება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს თანამშრომლებს. ადგილზე მისვლისას მათ ბინა დაკეტილი დახვდათ, რის შემდეგაც გასაუბრება მოხდა მეზობლებთან, რომლებმაც განაცხადეს რომ გ. ა-ის არ იცნობდნენ და ბინა #21 ამჟამად გაქირავებული იყო. დამატებითი მოკვლევის ფარგლებში კი აღმოჩნდა, რომ მოსარჩელე სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის დებს საკუთრებაში აქვთ ბინები, ხოლო დედა კომპენსირებულია.

კასატორი მიუთითებს, რომ თუ მხარის რეალური საცხოვრებელი მისამართი გაურკვეველია, სააგენტო ვერ დაადგენს დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მის რეალურ საჭიროებებს. ასეთ ვითარებაში კი გადაუდებელი განსახლების საჭიროების შეფასებაც შეუძლებელი გახდება, რაც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების უმთავრესი კრიტერიუმია.

ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, დევნილ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 6 ქულაზე მეტი, თუმცა მისთვის უარის თქმის საფუძველი გახდა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1037/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და მოპასუხისთვის გ. ა-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ა-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომლის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.5 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი „შშმპ“ ზოიერად გამოხატული - 1 ქულა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, ომში დაღუპული წევრი (ა. ა-ი), გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3 ქულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის #36 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 10 აგვისტოს გამოსცა #03-1037/ო ბრძანება მოსარჩელე გ. ა-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მან საცხოვრებელთან დაკავშირებით წარადგინა მცდარი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე შეფასებულ იქნა 7 ქულით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. მოსარჩელეს კი არ წარუდგენია სამინისტროსთვის მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, რის გამოც არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია იმას, მოსარჩელე გ. ა-ი რომელ მისამართზე ცხოვრობდა განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე.

რაც შეეხება კასატორის მითითებებს მოსარჩელის დების საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ნათესავთა საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ნათესავი არის ვალდებული, ამ უკანასკნელს დაუთმოს მისი საცხოვრისი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა