საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-358(კ-21) 28 სექტემბერი, 2021წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - თ. ე-ი, ზ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ე-იმა და ზ. ს-ემ 2019 წლის 2 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს „ზ. ს-ეის განცხადების დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე“ აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის №154 განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება - ქ. თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი №25-ის მიმდებარედ 586 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. ე-ის და ზ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 იანვრის №154 განკარგულება „ზ. ს-ეის განცხადების დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე“ და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, აღიარების კომისიის 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 6 იანვარს გაიცა N5025 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ქ.თბილისში, ... IV მ/რ, N25 კორპ. მიმდ., საერთო ფართობი - 91.00 კვ.მ. მიწის ნაკავეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით აღიარებულ იქნა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ... საკადასტო კოდით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლება. 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელეებმა N... განცხადებით მიმართეს აღიარების კომისიას და მოითხოვეს საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა, კერძოდ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... IV მ/რ, N25 კორპ. მიმდ., საერთო ფართობი - 586.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.
კომისიის 2017 წლის 24 აპრილის N... საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი 7) განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და კომუნალური გადახდის ქვითრები. შესაბამისად, კომისიის ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განცხადების განხილვა გადაიდო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, თუმცა განმცხადებლებს აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ანალოგიური შინაარსის განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის N... წერილობითი მიმართვით, გადმოიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ განცხადებებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილებით უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით აღიარების თაობაზე და ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. კერძოდ, პირველადი განცხადების განხილვის დროისათვის არ დადასტურდა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, შენობის კონტურზე (საერთო ფართობი - 91.00 კვ.მ.).
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ზ. ს-ეის მიერ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, რადგან მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ წარმოადგენდა ავტოფარეხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისია მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდებოდა წარმოდგენილი განცხადებების არსებითად განხილვის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც, დადგენილი იქნა, რომ განმცხადებლებს კომისიის 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ და 2011 წლის 6 იანვარს გაცემული N5025 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედება; კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იქნა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლება. გამომდინარე აქედან, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა წარმოდგენილი განცხადებების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან არ არსებობდა ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი გამოკვლევის საგანი შეიძლება გამხდარიყო. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კერძოდ, მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ასევე - ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლება და აღნიშნულ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი N25-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე 91 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მითითებული მიწის ნაკვეთის გაზრდის მიზნით მოსარჩელეებმა მიმართეს როგორც აღიარების კომისიას, ასევე საჯარო რეესტრს. მოსარჩელეების მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი 2016 წლის 17 მაისის N... განცხადების განხილვისას, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 აპრილის N... საოქმო გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და კომუნალური გადახდის ქვითრების წარდგენა, თუმცა კომისიისთვის წარდგენილი არ იქნა დავალებული დოკუმენტები (ტომი 2, ს.ფ. 35, ს.ფ. 149-151).
ისიც დადგენილია, რომ 2017 წლის 5 მაისს ზ. ს-ემ ... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ქ. თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი N25-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 678 კვ.მ.-ს და აღნიშნულ განაცხადს დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ორთოფოტო, ფოტოსურათები, კომუნალური გადახდის ქვითრები, საკუთრების უფლების მოწმობის ასლი, ლეგალიზაციის პროექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...2017 წლის 01 მაისის N21 კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ქ.თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი N25-ის მიმდებარედ, ზ. ს-ე და თ. ე-ი 2000 წლიდან ფლობდნენ, სარგებლობდნენ 678 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც აშენებული ჰქონდათ 91 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. განცხადებას ასევე ერთვოდა ლ. ბ-იის, ნ. დ-ისა და პ. ყ-ის 2017 წლის 04 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებდნენ, რომ ზ. ს-ე და თ. ე-ი 2000 წლიდან ფლობდნენ და სარგებლობდნენ უძრავი ქონებით, კერძოდ მიწის ნაკვეთით (ფართით 678 კვ.მ.) და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობით (საცხოვრებელი ფართით 91 კვ.მ.). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის ... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ თუ სურდა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნა, უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი მხოლოდ იმ ფართზე, რომლის ლეგალიზებაც სურდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის ... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 112, ს.ფ. 113).
2017 წლის 27 ივნისს ზ. ს-ემ ... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ქ. თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი N25-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა, რომლის ფართობი შეადგენდა 586 კვ.მ.-ს. განცხადებას თან ერთვოდა 2017 წლის 15 მაისის ... გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტი, კერძოდ კი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმ ფართის (586 კვ.მ.) მითითებით, რომლის ლეგალიზებასაც ითხოვდა. ასევე მიუთითა, რომ დანარჩენი დოკუმენტაცია ეხილათ ... საქმეში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის N... წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ზ. ს-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი N25-ის მიმდებარედ (ტომი 1, ს.ფ. 114-118; ს.ფ. 124).
2019 წლის 21 იანვრის №154 გასაჩივრებული განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ზ. ს-ეისა და თ. ე-ის 2016 წლის 17 მაისის N... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის N... წერილობითი მიმართვით კომისიაში გადაგზავნილი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებები იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიამ განცხადება არ განიხილა მხოლოდ იმ მოტივით, რომ სახეზე არ იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მისთვის გადაგზავნილ განცხადებაში მოსარჩელეები მიუთითებდნენ ... განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, რომელსაც ერთვოდა კომისიის მიერ სადავო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარსადგენი მტკიცებულებები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მტკიცებულებათა შეფასების გარეშე არ აძლევდა საკითხის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, კომისია ზ. ს-ეისა და თ. ე-ის განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან კომისიის მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, 2019 წლის 21 იანვარს ისე იქნა მიღებული №154 განკარგულება, რომ არ გამოკვლეულა წარდგენილი იყო თუ არა მისივე 2017 წლის 24 აპრილის N... საოქმო გადაწყვეტილებით მოთხოვნილი მტკიცებულებები, იმ პირობებში როდესაც 2017 წლის 5 მაისის ... განცხადებაზე დართული იქნა კომუნალური გადახდის ქვითრები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...2017 წლის 01 მაისის N21 კრების ოქმი, ხოლო 2017 წლის 27 ივნისს ზ. ს-ემ ... განცხადებით წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 586 კვ.მეტრ ფართზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება, უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ ის, რომ 2010 წლის 21 ოქტომბრის N... საოქმო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზ. ს-ეისა და თ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებითა და დასაბუთებული არგუმენტაციით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა