Facebook Twitter
საქმე #ბს-598(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2019 წლის 25 თებერვალს უცხოური საწარმოს ფილიალმა „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უცხოური საწარმოს ფილიალი „...ი“ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოს მთავრობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება ტრანშეის გაჭრა და მილების ჩაწყობა, ტრანშეები ივსება ქვიშა-ხრეშით, ხოლო ამოღებული გრუნტის გატანა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ ადგილას, სადაც იყრება აღნიშნული მასა, რომელსაც არანაირი ღირებულება და მით უფრო, სამეწარმეო დანიშნულება არ გააჩნია.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ შედგენილ იქნა #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფილიალს „...ს“ დაედო სახდელი 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შეეხებოდა სწორედ ტრანშეიდან ამოღებული მიწის მასის გატანას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ადგილას და იგი არ იყო დაკავშირებული საწარმოს მიერ ამ მიწის მასის რეალიზაციასთან ან რაიმე სახის მოგების მიღებასთან.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 ივნისის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, შემდგომ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, თუმცა ფილიალის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის #16044 ბრძანებისა და #... საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ, მოპასუხეებად განისაზღვრნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის #16044 ბრძანება და #... საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასაქონლო ზედნადებში მონაცემთა უტყუარად დაფიქსირების ვალდებულება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, იგი საგადასახადო მიზნებისათვის, მეწარმის უფლება-ვალდებულების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირებისას შეიძლება წარმოიშვას და განსაზღვრულია მასზე რეაგირების წესი, რომლის დაცვა გადასახადის გადამხდელის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საწარმოს, რომელიც ახორციელებდა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც (სამუშაოები), თავის მხრივ, მოიცავდა შესაბამისი საქონლის (გრუნტი) ტრანსპორტირების ვალდებულებას კონკრეტული ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე. ამასთან, ხსენებული ოპერაცია (საქონლის ტრანსპორტირება) წარმოადგენდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის ნაწილს და ემსახურებოდა მეწარმის საბოლოო სამეწარმეო მიზნებს, რაც, თავის მხრივ, ჯდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული „სამეწარმეო საქმიანობის“ დეფინიციაში და წარმოადგენდა სამეწარმეო საქმიანობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა უცხოური საწარმოს ფილიალმა „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ის გარემოება, რომ კონკრეტული საქონელი - არხებიდან ამოღებული მიწის მასა, სამეწარმეო საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი და ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენას. კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობად, ვინაიდან ასეთი საქმიანობის მიზანი უნდა მოიცავდეს მისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით არაა განმარტებული სამეწარმეო საქმიანობა, შესაბამისად, ამ ტერმინის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესები. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პირის სამართალდამრღვევად ცნობამდე უნდა დადგინდეს, მისი საქმიანობა განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, კანონით დადგენილი წესით განუსაზღვროს პირს ჯარიმა. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არხებიდან ამოღებული მიწის მასა არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის, არ ხდებოდა მისი რეალიზაცია, შესაბამისად, ამ ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მისდგომია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის #16044 ბრძანებისა და #... საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის უდავო იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კომპანია ახორციელებს საქართველოს მთავრობის და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წყლის მილების ჩასადებად ხდება არხების გაჭრა, არხები ივსება ღორღით და ქვიშით, ხოლო ამოღებული მიწის მასის გატანა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ ადგილას, სადაც იყრება აღნიშნული მასა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივნისს, 12:35 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა შეადგინა #... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც, ს. ლ-ა ახდენდა უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (გრუნტი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უცხოური საწარმოს ფილიალს „...ს“ შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 5000 ლარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ზედნადების სავალდებულო წესით გამოწერის შემთხვევები, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი. მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების თანხლებით. ამასთან, სასაქონლო ზედნადებში შევსებული უნდა იყოს ყველა რეკვიზიტი და იგი უნდა გამოიწეროს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საწარმოს, რომელიც ახორციელებდა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც (სამუშაოები) თავის მხრივ მოიცავდა შესაბამისი საქონლის (გრუნტი) ტრანსპორტირების ვალდებულებას კონკრეტული ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე. ამასთან, ხსენებული ოპერაცია (საქონლის ტრანსპორტირება) წარმოადგენდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის ნაწილს და ემსახურებოდა მეწარმის საბოლოო სამეწარმეო მიზნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან უცხოური საწარმოს ფილიალს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 21.05.2021წ. #1621601614 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, ხოლო 04.10.2021წ. #1633341864 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარის ოდენობით, სულ - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უცხოური საწარმოს ფილიალის „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება;
3. უცხოური საწარმოს ფილიალს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.05.2021წ. #1621601614 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და 04.10.2021წ. #1633341864 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის, სულ - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი


ბ. სტურუა