Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-223(კს-21) 18 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ბ-ე ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლე, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - შპს „ა..“, შპს „ქ..“, სს „ო..ს“ უფლებამონაცვლე სს „უ..“ და რკ კოოპერატივი „ქვ.“

თავდაპირველი მოსარჩელეები - შ. ხ-ის უფლებამონაცვლე ვ. ხ-ი, ნ. ბ-ეის უფლებამონაცვლე პ. ბ-ე, ე. ბ-ი, მ. ბ-ი, მ. ს-ე, ზ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის უფლებამონაცვლე ვ. ხ-ის, ნ. ბ-ეის უფლებამონაცვლე პ. ბ-ეის, ე. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-ეის, ზ. ლ-ეის, გ. ბ-ეის ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების დავალებისა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლის, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლე), რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან.

2021 წლის 18 იანვარს აპელანტმა გ. ბ-ეემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის ორი კვირით გაგრძელება იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში.

2021 წლის 25 თებერვალს აპელანტის გ. ბ-ეის წარმომადგენელმა - ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ეის წარმომადგენლის - ნ. გ-ეის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ეემ (ნ. გ-ეის, ო. ლ-ეის სავარაუდო უფლებამონაცვლემ, დ. წ-ას, გ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე კ. ჩ-ეის, ა. პ-ეის უფლებამონაცვლე კ. პ-ეის უფლებამონაცვლემ).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების შემცველი გზავნილი ფოსტის კურიერმა 2021 წლის 9 თებერვალს რეალურად ჩააბარა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს - ქ. ჯ-ის, თუმცა ვინაიდან კურიერები ხშირად მიდიან აღნიშნულ მისამართზე და ზეპირად იციან მისამართზე მცხოვრებთა ვინაობა, საფოსტო გზავნილზე კურიერმა შეცდომით მიუთითა ადრესატის - გ. ბ-ეის წარმომადგენლის - ნ. გ-ეის შვილის სახელი და გვარი მ. ხ-ი).

გ. ბ-ეის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ სასამართლოს გზავნილი გ. ბ-ეის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს 2021 წლის 25 თებერვალს გადასცა ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი 7 დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2021 წლის 25 თებერვლიდან და არა 2021 წლის 10 თებერვლიდან (სასამართლო გზავნილის ჩაბარებიდან). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლები და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხსენებული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტ გ. ბ-ეეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა საჩივრის იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც იყო საქმეში.

2021 წლის 18 იანვარს, აპელანტმა გ. ბ-ეემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის ორი კვირით გაგრძელება იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, 7 (შვიდი) დღით გაუგრძელდა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს. გზავნილი 2021 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (შვილს) - მ. ხ-ის, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისი ხელმოწერით (ტ.9, გვ.146). შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2021 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო და 2021 წლის 16 თებერვალს (სამშაბათს) ამოიწურა. აპელანტმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. სასამართლო მხარის ყურადღებას გაამახვილებს ამავე კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილი მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.

საქმეში დაცული, გ. ბ-ეის მიერ ნ. გ-ეის სახელზე გაცემული მინდობილობის (ტ. 7, ს.ფ. 275) თანახმად, ნ. გ-ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2009 წლის 11 მაისიდან, განუსაზღვრელი ვადით. მინდობილობა ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 8 თებერვალს (ტ.9, გვ.145). საკასაციო პალატა, შპს ,,...ის“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე (ტ.9, გვ.146) მითითებით, აღნიშნავს, რომ შეტყობინების კომენტარის თანახმად, გზავნილის ჩამბარებელ პირად მითითებულია მ. ხ-იი, ბარათზე მითითებულია როგორც მ. ხ-იის პირადი ნომერი, ასევე დაფიქსირებულია მისი ელექტრონული ხელმოწერა. ამავე ბარათით ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნება წარმოადგენს ადრესატის - ნ. გ-ეის ოჯახის წევრს (შვილს).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ამ გარემოების გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის - ქ. ჯ-იის მიერ ჩაბარების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,...ის“ გზავნილის ჩაბარების №... შეტყობინების ბარათზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ფოსტის კურიერის ბრალეულობის ან ადრესატის ნაცვლად სხვა პირის მიერ ხელმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრის მიერ 2021 წლის 9 თებერვალს ჩაბარების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2021 წლის 16 თებერვალს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და მიიღო დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე