გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 182-აპ 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა ადვოკატ ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განაჩენი ჯ. ბლადაძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის განაჩენით ჯ. ბ-ძეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ”, “ე” ქვეპუნქტებით დაენიშნა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მას განაჩენის აღსრულება გადაევადა გამოჯანმრთელებამდე, როგორც ნარკომანს კი შეეფარდა იძულებითი მკურნალობა.
ჯ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების _ 1,69 გრ “ჰეროინის”, 2,06 გრ “მარიხუანას”, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის, ოთხი პისტოლეტის, ორი ხელყუმბარის, საბრძოლო ვაზნების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ჯ. ბ-ძის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მას განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარი ეთქვა და მოსახდელად დაეტოვა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ქ-ძე სადავოდ არ ხდის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენს მისი დასაბუთებულობის და კანონიერების ნაწილში, მაგრამ ითხოვს განაჩენის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის მოტივით.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ქ-ძემ მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალმდებლის მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-შვილმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ ჯ. ბ-ძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებას საფუძვლად დაუდო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯ. ბ-ძის მძიმე ავადმყოფობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ პროკურორის საჩივრის საფუძველზე უსაფუძვლოდ ცნო განაჩენის აღსრულების გადავადება იმ მოტივებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ზერელედ დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, არ დაკითხა ექსპერტები და ამავე დროს არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ჯ. ბ-ძეს ავადმყოფობის მოტივით ადრე გადავადებული ჰქონდა განაჩენის აღსრულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებები განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაევადოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ იგი დაავადებულია ფსიქიურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას _ მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნით მსჯავრდებულ ჯ. ბ-ძეს აღენიშნება ქვედა კიდურების ტროპიკული წყლული, ფურენკულიოზი-ჩირქოვანი გამონადენით, ქრონიკული ლიმფოსტაზია, პირველი და მეორე ხარისხის კიდურების ფუნქციის მოშლა, “ც” ქრონიკული ჰეპატიტი _ ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ექსპერტიზის დასკვნით და აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ზ. ა-ძის განმარტებით ჯ. ბ-ძის დაავადებები მძიმე კატეგორიას განეკუთვნება და მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებში, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაუშვებელია. აჭარის ა/რ ფტიზიოპულმონოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ჯ. ბ-ძე ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას გადის ხსენებულ საავადმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. დამატებითი გამოკვლევის შედეგად მას გამოუვლინდა ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზი სისხლიანი ხველებით, სუნთქვის მე-2 და 3-ე ხარისხის უკმარისობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის მის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდას, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2002 წ. 10 სექტემბრის განაჩენის აღსრულება ჯ. ბ-ძის მიმართ უნდა გადავადდეს მის გამოჯანმრთელებამდე ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
სარეზოლუზიო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის განაჩენის აღსრულება ჯ. ბ-ძეს გადაევადოს მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.