გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 183-აპ 5 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ჟ. დ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივლისის განაჩენი ჟ. დ-ძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ჟ დ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 360-ე მუხლის პირველი ნაწილით. ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ჟ. დ-ძეს დაეკისრა დაზარალებულ ო. ზ-ძისა და შ. ზ-ძისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის, შესაბამისად, 85 და 108 ლარის ანაზღაურება.
განაჩენით ჟ. დ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა თვითნებობა და სხვისი ქონების განზრახ განადგურება.
კერძოდ, 1999წ. 23 დეკემბერს სოფელ ხელვაჩაურის საერთო კრების გადაწყვეტილებით ო. ზ-ძეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით გამოუყვეს 0,10 ჰა მიწის ფართობი, რომელიც მას მიუზომეს 2000წ. 23 მარტს.
2000წ. 11 აპრილს ჟ. დ-ძე მივიდა რა ო. ზ-სათვის გამოყოფილ ზემოთ ხსენებულ მიწის ფართობში, განზრახ დაუნგრია ღობე, რომელიც ასევე განზრახ გაუნადგურა და გადაუყარა წყლის საწრეტ არხში, მიწა კი მიითვისა და დათესა ერთწლიანი კულტურები. თავისი ამ მოქმედებით დაზარალებულ ო. ზ-ძეს მიაყენა მნიშვნელოვანი _ 85 ლარის ზიანი. მანვე ჩაიდინა თვითნებობა. კერძოდ, 1997წ. 25 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხელვაჩაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საერთო კრების გადაწყვეტილებით შ. ზ-ძეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შარაბიძეებში საკარმიდამოდ გამოუყვეს 0.25 ჰა მიწის ფართობი, რომელიც მას მიუზომეს 1997წ. 22 დეკემბერს. ამის თაობაზე იცოდა ჟ. დ-ძემაც. მიუხედავად ამისა, 2000წ. 27 ივლისს, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, არ შეუშვა შ.ზ-ძე საკარმიდამო ნაკვეთში იმ მოტივით, რომ მიწა იყო მისი მამაპაპისეული და მისი განკარგვის უფლება თავისად ჰქონდა დაგულვებული, რასაც დღემდე ახორციელებს. ჟ. დ-ძემ თავისი ამ ქმედებით შ. ზ-ძეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 108 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ჟ. დ-ძის ბრალდებიდან ამოირიცხა ო.ზ-ძის მიმართ 2000წ. 28 მარტს ჩადენილი თვითნებობის ეპიზოდი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ჟ. დ-ძე ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას, მიუთითებს, რომ მას თვითნებობა არ ჩაუდენია და მისი ქმედებით არავის არ მიუღია მნიშვნელოვანი ზიანი. იგი თვლის, რომ ზ-ებს კანონის დარღვევით გამოუყვეს მიწის ნაკვეთი, რის გამოც მათ ოჯახებს შორის კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციაა შექმნილი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ჟ. დ-ძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ე.ქ-ამ მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ჟ.დ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის, ასევე 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ პირის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გამოძიება და სასამართლო ზიანის განსაზღვრისას დაეყრდნენ მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირების – ო. და შ. ზ-ების ჩვენებას, მაშინ, როდესაც ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელი იყო ან ექსპერტიზის ჩატარება და ზიანის გამოანგარიშება, ანდა სპეციალისტის მიერ რეალურად არსებული მდგომარეობის შემოწმება და სათანადო ცნობის გაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ: “სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ო.ზ-ძის ჩვენებას 2000წ. 21 აპრილს ღობის დანგრევის შედეგად მასზე მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილში, რადგანაც ის ფაქტი, რომ ჟ.დ-ძემ მიწის ნაკვეთის მისაკუთრების მიზნით დაარბია ღობე და ბოძები იქვე არხში გადაყარა, არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც აღნიშნული წაბლის ხის ბოძების განადგურებად ან დაზიანებად. არც ის ფაქტი, რომ ხის ბოძები ო. ზ-ძეს ადგილზე არ დახვდა, ვერ იქნება სამოქალაქო სარჩელის დასაბუთების საფუძველი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სამოქალაქო სარჩელიდან უნდა ამოირიცხოს სარჩელის ნაწილი _ 130 ლარი”. იმავე განაჩენით სასამართლომ ჩათვალა, რომ ო. ზ-ძემ განიცადა 85 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ ღობის დარბევა და ბოძების არხში გადაყრა ვერ იქნება მიჩნეული წაბლის ხის ბოძების განადგურებად ან დაზიანებად. მიუხედავად ამისა, ჟ. დ-ძე ამ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული ეს საკითხი, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის ოდენობა და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
სასამართლომ ჟ. დ-ძე ისე ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ ამ ეპიზოდშიც არ ყოფილა გამოკვლეული მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიებით აღნიშნული გარემოება სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს ჟ.დიდმანიძის ბრალეულობის საკითხი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ჟ.დ-ძემ წარმოადგინა აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ზ-ებსა და დ-ებს შორის არის არაჯანსაღი დამოკიდებულება, ამიტომ შეიძლება ზ-ების სხვა ადგილებით დაკმაყოფილება. ამას ითვალისწინებს დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობაც. ეს საკითხიც დამატებით გამოძიების დროს უნდა იქნეს გარკვეული და შეფასებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ჟ. დ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი არის უკანონო, ამიტომ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს დამატებით გამოძიებას, რა დროსაც გარკვეულ უნდა იქნეს წინამდებარე განჩინებაში მითითებული გარემოებები, მიღებულ შედეგებს კი უნდა მიეცეს შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განაჩენი ჟ. დ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ პროკურატურას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.