გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 184-აპ 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც:
თ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2წ. ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, ორიწ. გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე მასზე კონტროლი დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
თ. ქ-ძეს დაზარალებულ ა. ტ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 აშშ დოლარის გადახდა.
ამ განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განაჩენი.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით თ. ქ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა თაღლითობა. კერძოდ, მან 2000წ. ივლისში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იგი იყო ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის ¹68-ში მდებარე ფირმა “დავითის” ხელმძღვანელი და სათანადო საგზურებით მოქალაქეებს გარკვეული საზღაურის გადახდის შემდეგ აგზავნიდა საზღვარგარეთ.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე 2000წ. ივლისში (ზუსტი იარაღი დაუდგენელია) მასთან მივიდა მ. ს-შვილი, რომელსაც სურდა საზღვარგარეთ დასაქმებით გამგზავრება. თ. ქ-ძემ მოატყუა ეს უკანასკნელი და ინგლისში გასამგზავრებლად მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვა 600 აშშ დოლარი და მიითვისა.
მანვე, 2000წ. 4 სექტემბერს ა. ტ-შვილს და უ. ბ-შვილს იტალიაში დასაქმების გამგზავრებით შეპირებით ნაწილ-ნაწილ გამოართვა 1800 აშშ დოლარი, მოატყუა ისინი და თანხა მიითვისა, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. ქ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას, მიუთითებს, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია და არც ჰქონია მიზნად თაღლითური გზით თანხის მითვისება. თანხის ანაზღურების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო და არა სისხლისსამართლებრივი წესით, რადგან მას თაღლითობის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. ქ-ძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ თაღლითური გზით თანხის მითვისების განზრახვა არ ჰქონია, ხოლო თანხის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
დაზარალებულმა ა. ტ-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ თ. ქ-ძეს რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა დაზარალებული მხარის საჩივარი. ამდენად, მსჯავრდებული, ფაქტობრივად, ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და რომ არა დაზარალებულის სააპელაციო საჩივარი, ამჟამად საკასაციო პალატას არ ექნებოდა საქმის განხილვის საფუძველი.
პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. ქ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი თ. ქ-ძის მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება განაჩენის მითითებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა თ. ქ-ძემ მოატყუა მ. ს-შვილი და ინგლისში გასამგზავრებლად მოსთხოვა 3000 აშშ დოალრი, ხოლო წინასწარ გამოართვა 600 აშშ დოლარი და მიითვისა. მანვე ა. ტ-შვილს და უ. ბ-შვილს იტალიაში დასაქმებით გამგზავრების შეპირებით გამოართვა 1800 აშშ დოლარი, მოატყუა ისინი და აღნიშნული თანხა მიითვისა, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა თ. ქ-ძემ მოატყუა დაზარალებულები მ. ს-შვილი, ა. ტ-შვილი და უ. ბ-შვილი, გამოართვა მათ სხვადასხვა რაოდენობის თანხა საზღვარგარეთ გამგზავრების შეპირებით, რომელიც მიითვისა.
ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სწორადაა დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულ თ. ქ-ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, სასჯელიც ჩადენილის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განაჩენი თ. ქ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.