საქმე №ბს-824(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 6 ნოემბერს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ი/მ ი. ხ-ის მიმართ.
სარჩელის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 262 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახორციელებს ზედამხედველობას ბიზნესოპერატორებზე (სასაკლაოებზე) ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებებზე). ამავე კოდექსის შესაბამისად, ვეტერინარული ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის დროსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ი. ხ-ის შორის 2018 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №133 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, სააგენტომ აიღო ვალდებულება საწარმოსათვის გაეწია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების გაწევის ვადებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებით განსაზღვრული ვეტერინარული ზედამხედველობა, ხოლო მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მომსახურების გაწევისათვის გადაეხადა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული საფასური. ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე გაწეულ მომსახურებაზე დგებოდა შედარების აქტი და ანგარიშსწორება წარმოებდა ყოველთვიურად, შედარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში ი/მ ი. ხ-ის ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების 0,2 პროცენტის ოდენობით. სასაკლაოზე გაწეული მომსახურების 2019 წლის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მომსახურების საფასურმა შეადგინა 679 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, ი/მ ი. ხ-ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, სრულად არ იქნა გადახდილი გაწეული მომსახურების საფასური, რის გამოც ი. ხ-ისთვის 678,55 ლარის ოდენობით გაწეული მომსახურების საფასურის დავალიანების ანაზღაურების, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით ჯარიმის 446,50 ლარის გადახდისა და 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 678,55 ლარის 0,2 პროცენტის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო ი. ხ-ის (პირადი №...) საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ... ს.კ. ....
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ი/მ ი. ხ-ის მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 878,55 ლარის გადახდა, საიდანაც 678.55 ლარი წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, ხოლო 200 ლარი პირგასამტეხლოს; მასვე დაეკისრა 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 678.55 ლარის 0.1 პროცენტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 446.5 ლარიდან მოპასუხეს დაეკისრა 200 ლარი, ხოლო 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 678.55 ლარის 0.2 %-ის, მოპასუხისათვის დაკისრებულ იქნა 0.1%.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა და შესაბამისად, სახეზეა მისი შემცირების წინაპირობები.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას მსგავს საქმეებზე ახალქალაქის, ხაშურის და ბოლნისის რაიონული სასამართლოების მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, პალატამ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო ხასიათის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წყვეტს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერების საკითხს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეთა შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 446.5 ლარიდან მოპასუხეს დაეკისრა 200 ლარი, ხოლო 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 678.55 ლარის 0.2 %-ის, მოპასუხისათვის დაკისრებულ იქნა 0.1%. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, რაზეც წარმოდგენილია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართებულობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანი და გონივრულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.09.2021წ. №16740 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.09.2021წ. №16740 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა