საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-344(კ-20) 1 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ა. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ივლისს ი. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა-დახასიათებაში და საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებული იყო, რომ მის მამკვიდრებელზე აღრიცხულია ტექინვენტარიზაციის არქივში ბორჯომში, ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი. მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა-დახასიათების მიხედვით აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეების გრაფაში მ. ს-ა გადახაზულია, შესაბამისად მითითებული დოკუმენტი ვერ იქნება დაინტერესებული პირისათვის უფლების დამდგენი. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია და მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულია ა. ბ-ეზე, ხოლო საჯარო რეესტრის მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თანამესაკუთრე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ნაწილის მესაკუთრეა ი. ა-ა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის შეჩერების შესახებ N...გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ბ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ამ.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საქმეზე წარმოდგენილია 1956 წლის 17 მაისის გენერალური გეგმა, სადაც მითითებულია, რომ ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N...-ში (ახლანდელი ...ის ქუჩა N...) მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენს 201,60 კვ.მ-ს. აქედან ბ. ა-ი ს.-ს ძეს ეკუთვნის 130,20 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 71,40 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ა. მ-ა ს.-ს ასულს. აღნიშნული უძრავი ნივთის დოკუმენტაციაში ასევე დაცულია 1971 წლის 19 იანვრის N9 ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლიდან ბ. ა-ი ს.-ს ძეს ეკუთვნის 37 კვ.მ ფართი. დოკუმენტაციაში ასევე დაცულია 1975 წლის 19 სექტემბრის N367 ცნობა, რომლიდანაც დასტურდება, რომ აღნიშნული სახლიდან ა. მ-ა ს.-ს ასულის სახელზე აღრიცხული იყო ერთი ოთახი - 19,2 კვ.მ, რომელიც გადასწორებულია და მის ნაცვლად დაფიქსირებულია - 15,27 კვ.მ, ასევე აივნის ფართობი - 5,8 კვ.მ, რომელიც გადასწორებულია და მითითებულია 4,9 კვ.მ. 2017 წლის 27 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, საჯარო რეესტრს გაცემული აქვს N... ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მ. ს.-ს ასულ ა-ას ეკუთვნის ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩაზე მდებარე ქონება (ერთი ოთახი - 15,27 კვ.მ და 4,9 კვ.მ ფართობის მქონე აივანი - დანგრეული).
კასატორის განმარტებით, "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 10.7 მუხლის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემებით უძრავ ნივთზე აღრიცხული სარგებლობის უფლება ძალადაკარგულია, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ ინფორმაციის (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გაცემისას აღნიშნული უფლება არ მიეთითება. მოცემულ შემთხვევაში, თუკი გაუქმებულია მ. ს.-ს ასული ა-ას სარგებლობის უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, ბუნდოვანია რატომ გასცა საჯარო რეესტრმა 2017 წლის 27 ივლისს N... ცნობა, ცნობა-დახასიათებები და საინვენტარიზაციო გეგმები, რომელთა საფუძველზეც გაიცა 2017 წლის 8 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა, მ. ს.-ს ასული ა-ას სამკვიდრო ქონებაზე. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, საჯარო რეესტრი სრულიად უკანონოდ უზღუდავდა მოსარჩელეს საკუთრების უფლებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელის სახელზე კუთვნილი წილის რეგისტრაციის საფუძველია არა მხოლოდ უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვა თვითნებურად დაკავებულად 1994 წლამდე და ცნობა-დახასიათება, არამედ, ის გარემოებაც, რომ დადასტურებულია ამ მიწაზე დანგრეული შენობის არსებობაც. ამასთანავე, სახეზეა უფლების დამდგენი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაცემულია საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტული უძრავი ქონება მოსარჩელემ მიიღო მემკვიდრეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ა-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის N...გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა, 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიღებული, ბორჯომის რაიონში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე არ დგინდებოდა მამკვიდრებლის უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს ი. ა-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო საამზომველო კომპანია შპს „...ის“ დასკვნა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა, ფოტოსურათები, ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა.
2018 წლის 30 მაისის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის N...გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით (29.03.2018წ. N... ცნობა-დახასიათება) სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე მ. ა-ი გაუქმებულია (გადახაზულია). ამდენად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე არ დადგინდა მამკვიდრებლის უფლება. დაინტერესებულ პირს დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის დაზუსტება ან/და უფლების დამდგენი დოკუმენტის დამატებით წარდგენა.
2018 წლის 2 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებით ი. ა-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
2018 წლის 30 მაისის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის N...გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ი. ა-ას წარმომადგენელმა, რომლის 2018 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, რა თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია დადასტურდეს, ი. ა-ას მიერ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს თუ არა სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ცვლილებების განსახორციელებლად.
საქმის მასალების თანახმად, 1987 წლის 22 სექტემბრის ტექნიკური პასპორტის თანახმად, ბორჯომის რაიონში, ...ის ქუჩა N...-ში (...ის ქუჩა N...-ში) მდებარე უძრავ ნივთზე, 1990 წლის 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია რ. ა.-ს ასული შ-ას საკუთრების უფლება. შენიშვნაში მითითებულია, რომ მასალებში ერთ-ერთ ტექნიკურ პასპორტზე (აღრიცხვის თარიღი მითითებული არ არის), მფლობელთა სიაში ასევე მითითებულია მ. ს.-ს ასული ა-ი.
1975 წლის 19 სექტემბრის N367 ცნობაში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მ.მ ს.-ს ასული ა-ის სახელზე აღრიცხული იყო 15,27 კვ.მ ფართობის მქონე ერთი ოთახი (19,2 კვ.მ გადახაზულია) და 4,9 კვ.მ ფართობის მქონე ერთი აივანი (5,8 კვ.მ გადახაზულია). ჩანაწერებში ასევე ფიქსირდება, რომ ა-ის სახლი სიძველის გამო დანგრეულია, ერთ-ერთ სართულებრივ გეგმაზე (ცვლილების თარიღი 1972 წელი) დაფიქსირებული მ. ს-ა გადახაზულია და მიწერილია „დანგრეულია“.
2017 წლის 7 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ი. ა-ა, როგორც გარდაცვლილი ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, უფლებამოსილია სრულად მიიღოს საკუთრებაში უძრავი ქონება (მდებარე: ბორჯომის რაიონში, ...ის ქუჩა N...-ში), რომელიც ეკუთვნოდა ა. ა-ის დედას - მ. ა-ას. უძრავი ქონება შედგება საცხოვრებელი სახლის 15,27 კვ.მ ფართობის მქონე ერთი ოთახისაგან (19,2 გადახაზულია) და 4,9 კვ.მ ფართობის მქონე ერთი აივნისაგან (5,8 კვ.მ გადახაზულია), მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი ვერ მიიჩნევა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს, უდავოდ დგინდებოდა, რომ სამკვიდრო ქონება (ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მ.მ ს.-ს ასული ა-ის სახელზე აღრიცხული 15,27 კვ.მ ფართობის მქონე ერთი ოთახი (19,2 კვ.მ გადახაზულია), ასევე 4,9 კვ.მ ფართობის მქონე ერთი აივანი (5,8 კვ.მ გადახაზულია), სიძველის გამო დანგრეული იყო და ამრიგად, სამკვიდროს გახსნის დროს სამკვიდრო ქონება აღარ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას 2018 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ა-ას საკასაციო საჩივარზე გ. ჯ-ეს 30.12.2019წ. საგადახდო დავალებით №22650614 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჯ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
3. გ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ა-ას საკასაციო საჩივარზე 30.12.2019წ. საგადახდო დავალებით №22650614 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე