Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-310(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჯ. ი-ნ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჯ. ი-ნმა მისი კანონიერი წარმომადგენელის ჩ. ი-ნის (მამა) მეშვეობით 2019 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №1000654803 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ჯ. ი-ნის მიმართ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ი-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №1000654803 გადაწყვეტილება ჯ. ი-ნისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ი-ნის განცხადების არსებითი განხილვის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის N1000654803 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კონკრეტულად - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად. აღნიშული წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი; კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვან პირთა მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება მათი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე. მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირის მიერ არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე განცხადების წარდგენისას, მოითხოვება ორივე მშობლის (თუ არასრულწლოვანს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს - შესაბამისი მშობლის, ხოლო თუ არასრულწლოვანს არცერთი მშობელი არ ჰყავს - მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა. განსახილველ შემთხვევაში, მინდობილი პირის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება ჯ. ი-ნისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე. განცხადებაში კანონის შესაბამისად მიეთითა მშობელთა მონაცემები და აგრეთვე წარადგინეს თანხმობები, რომლებშიც მამად განისაზღვრა ჩ. ი-ნი, პასპორტის ნომრით ..., დაბადების თაიღი: ..., მოქალაქეობა - ჩინეთი, ხოლო დედად - რ. ჰ-უ, დაბადების თარიღი: ..., პასპორტის ნორმით ..., მოქალაქეობა - ჩინეთი. კანონიერი წარმომადგენლობის დადგენის მიზნით, ჯ. ი-ნს 2018 წლის 22 თებერვლის N1000654803/7 წერილებით დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები: კერძოდ, მშობელთან (დედასთან) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის 22 თებერვლამდე. ჯ. ი-ნის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, აღნიშული ვადა გაგრძელდა მიმდინარე წლის 15 მარტამდე. მიუხედავად ამისა, განმცხადებლის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი.

კასატორის განმარტებით,

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სააგენტოს დავალების შესაბამისად, მოსარჩელემ დადგენილ ვადაში უზრუნველყო თავის მშობელ დედასთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ჩინეთის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული და საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული 2019 წლის 18 იანვრის N887 ნოტარიული დამოწმებით, რომელიც თითქოსდა ადასტურებდა მეორე მშობელთან (დედასთან) ჯ. ი-ნის ნათესაურ კავშირს. კასატორი მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებდა ხარვეზით დადგენილ წინაპირობას. კერძოდ, თანხმობის წერილში, აგრეთვე, განცხადების ფორმაში, დედად მითითებულია - რ. ჰ-უ, დაბადების თარიღი: ..., პასპორტის ნორმით ..., მოქალაქეობა - ჩინეთი, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში დედად ფიქსირდეოდა რ. ჰ-უ, შესაბამისად, სააგენტო დოკუმენტების შეუსაბამობის გამო, არსებითად ვერ განიხილავდა განცხადებას, სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობდა სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №1000654803 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ისევე როგორც ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საინვესტიციო ნებართვა, რომელიც სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით გაიცემოდა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის, მე-2 პუნქტი (მოქმედებდა სადავო აქტის მიღების დროს) ადგენდა განცხადების განხილვის პროცესში სააგენტოს უფლებამოსილებას, მიეწვია განმცხადებელი და მიეღო მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისათვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წრდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯ. ი-ნის (დაბ.: ...წ.) წარმომადგენელმა ზ. მ-ემ 2019 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა, იმ საფუძვლით, რომ ჯ. ი-ნის მამის - ჩ. ი-ნის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 სექტემბრის №1000621626 გადაწყვეტილებით გაცემული იყო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №1000654803/7 წერილით ჯ. ი-ნის წარმომადგენელს ეცნობა, რომ მის განაცხადს არ ერთვოდა ჯ. ი-ნის მეორე მშობელთან (დედასთან) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 2019 წლის 22 თებერვლამდე, რომელიც განმცხადებილის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №1000654803/7 გადაწყვეტილებით გაგრძელდა 2019 წლის 15 მარტამდე. დადგენილია, რომ ჩ. ი-ნმა 2019 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარუდგინა 2019 წლის 18 იანვრის N887 ნოტარიული დამოწმება, რომლის თანახმად, ჰ. რ-ნ არის ჯ. ი-ნის (ს.ფ. 153-161) დედა. აღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №1000654803 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის (მეორე მშობელთან, დედასთან, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯ. ი-ნის განცხადება საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, იმ პირობებში როდესაც განმცხადებლის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს წარდგენილი იქნა დამატებითი მტკიცებულება, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშული მტკიცებულება და მისი გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის თაობაზე. წარდგენილი განცხადების მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მტკიცებულების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია იმის შესახებ, თუ რა მტკიცებულბების წარდგენა დაევალა განმცხადებელს ასევე, ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, თუმცა, აქტი არ შეიცავს მსჯელობას და შესაბამის დასაბუთებას რატომ არ იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხარვეზის შევსებად.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო პალატის მიერ ნორმის არასწორ განმარტებასა და იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცბულება არ იძლეოდა ხარვეზის შევსების და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თუ წარდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებდა ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას. თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელდა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ ემყარება შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ საქმეზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, არ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, მიიღო დაუსაბუთებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 07.04.2021წ. №05454 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა