Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-711(კ-21) 15 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - რ. შ-ი, ე. ნ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. შ-იმა და ე. ნ-იმა 2020 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ამავე სააგენტოს მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 აპრილის №1000611662/5 და №1000643351/5 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რ. შ-ის და ე. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით რ. შ-ის და ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. შ-იმა და ე. ნ-იმა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტები გამოიცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შესაბამისად, დასაბუთებული აქტის გამოცემა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა საფუძვლით იქნა ძალადაკარგულად ცნობილი ბინადრობის ნებართვები.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე გამოაცხადა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულად, რომ მათში არ მიუთითებია შესაძლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული 11 საფუძვლიდან, კონკრეტულად რომელი საფუძვლით გაუქმდა აქტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კასატორებს ამცნო, რომ მათ სასარგებლოდ გამოტანილი ადმინისტრაციული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები ყოფილა, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, დადგინდეს ადმინისტრაციული აქტები სწორედ მითითებული საფუძვლით იყო ძალადაკარგულად გამოცხადებული თუ არა. კასატორების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ხოლო შემდეგ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ შეისწავლეს სრულყოფილად, არსებობდა თუ არა სახელმწიფო უშიშროების მოტივით მათ სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ასევე ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებები დააფუძნა იმ გარემოებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების დროს, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კასატორებისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების ძალადაკარგულად გამოცდების საფუძველი მართლაც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იყო, სერვისების განვითარების სააგენტო არ იყო შეზღუდული და საქმის გარემოებათა გამოკვლევის აუცილებლობიდან გამომდინარე ვალდებულიც კი იყო, რომ დაზუსტების მიზნით, დამატებით მიემართა შესაბამისი ორგანოსათვის და სრულყოფილად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენტური ორგანოსაგან კვლავ მოეთხოვა ინფორმაცია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კასატორებისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზანშეწონილობის დადგენისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კასატორი - რ. შ-ი საქართველოში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკმაყოფილებდა ასეთი ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რ. შ-ისა და ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ-ისა და ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 29 აპრილის №1000611662/5 და №1000643351/5 გადაწყვეტილებებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს მიერ რ. შ-ისა და ე. ნ-ის მიმართ გაცემული მუდმივი საინვესტიციო ნებართვის შესახებ 2018 წლის 28 დეკემბერსა და 2 ივლისს გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის მოტივით. ამდენად, შესაფასებელია არსებობდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების (ან ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების) საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური, თანმიმდევრული, უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ისევე როგორც მისი მოქმედების ვადის შეწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის როგორც მინიჭების, ასევე მისი მოქმედების ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ. სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს უარი არ უნდა იქნეს გაგებული სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო პრინციპების დარღვევად, პირიქით, რიგ შემთხვევებში უარყოფითი გადაწყვეტილება შესაძლოა ბინადრობის ნებართვის მაძიებლის დაცვის ინტერესით იქნეს განპირობებული.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს (ნებართვის გაცემის დროისთვის (2018 წელი) აღნიშნული თანხის ოდენობა შეადგენდა 300000 ლარს). საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს მითითებული კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში.

ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის არამხოლოდ მინიჭების, არამედ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მასზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2018 წლის 28 დეკემბრის N1000643351 და 2018 წლის 02 ივლისის N1000611662 გადაწყვეტილებებით რ. შ-ისა და ე. ნ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეცათ საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის N1000611662/5 და N1000643351/5 გადაწყვეტილებებით მოსარჩელეთა მიმართ გაცემული მუდმივი საინვესტიციო ნებართვები გამოცხადდა ძალადაკარგულად, რაც გასაჩივრდა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ის და ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ასევე დადგენილია, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 29 აპრილს (N1000611662/5) და 2020 წლის 29 აპრილს (N1000643351/5) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რ. შ-ისა და ე. ნ-ის მიმართ გაცემული მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ხოლო ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 28 ივლისის №ბს-711(კ-21) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა შესახებ ის ინფორმაცია, რის საფუძველზეც სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა მათ მიმართ გაცემული ნებართვები. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას წარმოდგენილი ინფორმაციის არსებობის პირობებში, შესაბამისად სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენის გამო, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიმართ გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. შ-ისა და ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის დეკემბრის განჩინება;

3. რ. შ-ისა (..., პასპორტის №...) და ე. ნ-ის (..., პასპორტის №...) დაუბრუნდეთ 20.07.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით ბ. ბ-ის (პ/№ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70% - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა