Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-878(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ. შ-ნ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. შ-ნმა 2019 წლის 26 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №1000682220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შ. შ-ნის მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, შ. შ-ნის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 სექტემბრის №1000682220 გადაწყვეტილება „შ. შ-ნის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. შ-ნისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, შ. შ-ნმა მომართა სააგენტოს შრომითი კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ვინაიდან მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს, 2019 წლის 21 აგვისტოს N... ხარვეზის წერილებით დაევალა, რომ 2019 წლის 30 აგვისტომდე წარედგინა: 1. შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის - შპს „...“-ს (...) წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია და ასევე დაევალა წარედგინა დამსაქმებელი კომპანიიდან ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. განმცხადებლის 2019 წლის 29 აგვისტოს N178048 განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ამავე წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა დამატებითი ვადა მოთხოვნული დოკუმენტის წარმოსადგენად ამავე წლის 6 სექტემბრამდე. 2019 წლის 03 სექტემბერს N180323 განცხადებით შ. შ-ნმა წარადგინა 2019 წლის 03 სექტემბრის N21-11/95009 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2019 წლის 16 მაისიდან 28 აგვისტომდე პერიოდში შპს „...ს“ ბრუნვა შეადგენდა 96611.5 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 96611.5 ლარს. ამასთან, განცხადებით წარდგენილი იყო ცნობა შპს „...დან“, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებული უცხოელების საერთო ჯამი შეადგენდა ცხრას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მითითება და განმარტა, რომ აქტში არ იყო დასაბუთებული, თუ რა შეფასება მიეცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 3 სექტემბრის N21-11/95009 წერილს, აგრეთვე არ იყო დასაბუთებული აღნიშნული წერილი რატომ არ იქნა მიჩნეული ხარვეზით დადგენილი გარემოების აღმოფხვრის საკმარის მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ კომპანიაში დასაქმებული იყო ცხრა უცხოელი, აქედან მხოლოდ მოსარჩელე იყო შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველი, ვინაიდან უმეტესობას უკვე ჰქონდათ სხვადასხვა კატეგორიის ნიბადრობის ნებართვა. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა წარედგინა ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წლიური ბრუნვის თაობაზე, განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი იყო მხოლოდ სამი თვის ბრუნვა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. განსახილველ შემთხვევაში კი, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შპს „...ში“ დასაქმებული იყო 9 უცხოელი, ხოლო კომპანიის ბრუნვა 3 თვის განმავლობაში წარმოადგენდა მხოლოდ 96611.5 ლარს. რაც შეეხება სასამართლოსა და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მსურველი მხოლოდ მოსარჩელე იყო, აღნიშნულ გარემოებას სააგენტო არ ეთანხმება, ვინაიდან კანონში არსებულ ჩანაწერში, კერძოდ, მსურველ უცხოელში, იგულისხმება როგორც განმცხადებელი, აგრეთვე ბინადრობის ნებართვის მქონე პირიც. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკარგავს ბინადრობის ნებართვას, ამოირიცხება ბინადრობის ნებართვის მსურველ პირთა სიიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დადგენილ ვადაში, განმცხადებელმა არ წარმოადგინა დოკუმენტები სრულყოფილად და ვერ შეავსო ხარვეზი, განცხადება დარჩა განუხილველი. აღნიშნული დასაბუთება აისახა სააგენტოს 2019 წლის 9 სექტემბრის N1000682220 გადაწყვეტილებაში, რომელშიც გარკვევით მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში გამცხადებელს არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის N36/919-20 გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და სრულად უნდა ეთქვას მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 სექტემბრის N1000682220 გადაწყვეტილებით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ შ. შ-ნის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული დავალებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დატოვოს განუხილველად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან; საქმის გადაწყვეტისათვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წრდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 20 აგვსისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის გაცემის მოთხოვნით. სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით შ. შ-ნს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სააგენტოში 2019 წლის 30 აგვისტომდე, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელს მიეთითა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლსა და მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა დამსაქმებელი კომპანიის - შპს ,,...ს“(ს/ნ ...) წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაციის წარედგინა შემოსავლების სამსახურიდან, ასევე, შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.

დადგენილია, რომ შპს ,,...მ“ 2019 წლის 26 აგვისტოს წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის სახით აცნობა, რომ კომპანიაში 2019 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობა შეადგენდა ცხრა პირს, რომელთა შორის იყო შ. შ-ნიც. შ. შ-ნის 2019 წლის 29 აგვისტოს N178048 განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს N... წერილით დადგენილი ხარვეზის ვადა გაგრძელდა 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

2019 წლის 3 სექტემბერს შ. შ-ნმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთოდა 2019 წლის 03 სექტემბრის N21-11/95009 ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შპს ,,...ს“ არა წლიური, არამედ სამი თვის ბრუნვის შესახებ, რომლის მიხედვით 2019 წლის 16 მაისიდან 29 აგვისტომდე კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 96611.5 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 96611.5 ლარს (ინფორმაცია ,,...ს“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან.)

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 №1000682220 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით შ. შ-ნის 2019 წლის 20 აგვისტოს N1000682220 განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დარჩა განუხილველად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რადგან მოსარჩელემ მისთვის განსაზღვრულ ვადაში მიმართა სააგენტოს და წარადგინა 2019 წლის 03 სექტემბრის N21-11/95009 ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შპს ,,...ს“ სამი თვის ბრუნვის შესახებ, თუმცა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი მტკიცებულების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თობაწე. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია იმის შესახებ, თუ რა მტკიცებულბების წარდგენა დაევალა შ. შ-ნს, ასევე, ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, თუმცა, აქტი არ შეიცავს მსჯელობას და შესაბამის დასაბუთებას რატომ არ იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხარვეზის შევსებად. შ. შ-ნის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლო წესით საქმის განხილვისას დაფიქსირებული პოზიცია, რომ მოსარჩელეს უნდა წარედგინა ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის და არა სამი თვის ბრუნვის თაობაზე, ვერ იქნება მიჩნეული 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებად, რამდენადაც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში დაფიქსირებილი, შპს ,,...ს“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 16 მაისი, შესაბამისად, კომპანიის ფინანსური ბრუნვის ათვლის წერტილად სწორედ ეს თარიღი იქნა მიჩნეული, ამდენად გაურკვეველია როგორ იყო შესაძლებელი კომპანიის ერთი წლის ფინანსური ბრუნვის მონაცემების წარგდენა, როდესაც სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია 2019 წლის მაისშია დაფუძნებული, აქედან გამომდინარე სააგენტოს მიერ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ იქნა შემოსავლების სამსახურის ცნობაში დაფიქსირებული მონაცემი კომპანიის წლიურ ფინანსურ ბრუნვად ჩათვლილი.

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას. თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელებულა; კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ ემყარება შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 09.08.2021წ. №12673 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა