Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1106(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „მ..“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მესამე პირი - შპს „თ..“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ..-მ“ 2018 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 5 მარტის №683 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის სადავო განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 5 მარტის №683 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „მ..-ს“ შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტოს 2018 წლის 5 მარტის №683 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ..-მ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „თ..“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს „მ..-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ..-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ..-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „მ..-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ..-მ“, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის მიუთითეს ორი პირობის ერთდროულად არსებობის აუცილებლობაზე, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს ნორმატიული აქტი, რაც ართმევს შესაძლებლობას ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს. სასამართლოებმა მიუთითეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ პირველი პირობის არსებობას (ნორმატიული აქტი გაუქმდა) და სახეზე არ იყო მეორე პირობა - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაზიანება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმაში მითითებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაციის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის. რაც შეეხება სხვა სახის (ამკრძალავი, მავალდებულებელი ან შემზღუდავი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოსაცხადებლად საჭირო არ არის ერთდროულად ნორმაში მოცემული ორივე პირობის არსებობა და მხოლოდ ის, რომ ნორმატიული აქტი შეიცვალა ან გაუქმდა, სრულიად საკმარისია აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის. დასახელებულ გარემოებაზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და მოპასუხის დავალდებულებას გამოსცეს ახალი აქტი სადავო განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შპს „მ..-ს“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ..-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისთვის - შპს „მ..-სთვის“ გაფრთხილების გამოცხადების კანონიერება წარმოადგენს, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომლის მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. დასახელებული წესის 27-ე მუხლი მე-10 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია ხელშეკრულების დასადებად მიწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში არ არის გათვალისწინებული ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულება. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტებისათვის დგინდება გონივრული, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, სადავო პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №7 ბრძანების მიღებამდე მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია, როცა პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო, ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ SYMANTEC-ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, შპს „თ..ის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მ..“, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, დაევალა ელექტრონული სისტემის საშუალებით, წარედგინა დაზუსტებული დანართი №2, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად, 3 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოო ვადად განისაზღვრა 5 სამუშაო დღე, არაუგვიანეს 2017 წლის 29 დეკემბრისა. შპს „მ..-ს“ დადგენილ ვადაში დაზუსტებული ასეთი დანართი არ წარუდგენია, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა შპს „მ..-ს“ დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურიდან.

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 5 მარტს მიღებული №683 განკარგულებით, შპს „მ..-ს“ მიეცა გაფრთხილება. გაფრთხილებას საფუძვლად დაედო შპს „მ..-ს“ სატენდერო პროცედურიდან დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, რაც გაფრთხილების მიცემის მომენტისათვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №7 ბრძანებით (გამოქვეყნდა 2018 წლის 20 მარტს) ცვლილება შევიდა 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლში, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამდენად, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, ამ საფუძვლით დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს აღარ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სადავო შემთხვევაში, შპს „მ..-ს“ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცა მხოლოდ გაფრთხილება და იგი შავ სიაში არ დარეგისტრირებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის დეფინიციის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როდესაც გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა მხოლოდ ნორმატიული აქტის გაუქმება ან შეცვლა სრულად არ ქმნის მითითებული ნორმით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის მოცემულობას. კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტის გაუქმებასთან ან შეცვლასთან ერთად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სახეზე უნდა იყოს მეორე პირობაც, კერძოდ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ადმინისტრაციული აქტის მოქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ამასთან ზემოაღნიშნული ორივე პირობა კუმულატიურად უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა არ წარმოადგენს მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში კი, შპს „მ..-ს“ გაფრთხილების შესახებ მიღებული სადავო განკარგულება ზიანს არ აყენებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მიმართულია კონკრეტული კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს ,,მ..-სკენ“ და მისი ძალადაკარგულად გამოცხადებაც მხოლოდ მოსარჩელე მხარის ინტერესს წარმოადგენს, ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის №683 განკარგულება ზიანს და მით უფრო მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს და არც შეიძლება მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და არსებობდა შპს „მ..-ს“ გაფრთხილების მიცემის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ქმნიდა მისი გაფრთხილების შესახებ განკარგულების გამოცემის კანონისმიერ საფუძველს. ამასთანავე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გაფრთხილება აღსრულებულია. სადავო განკარგულების კანონიერების პირობებში კი, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ამავე განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნის შესახებ, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად

.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „მ..-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - შპს „მ..-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 14 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე