№ბს-566(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ..“; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „მ..ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 მაისს შპს „გ..მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 28 იანვრის №60/16 გადაწყვეტილების „შპს ,,გ..სა“ და შპს ,,მ..ს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ“ ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ..ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 28 იანვრის №60/16 გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუსაზღვრავს თუ რამდენად იყო შპს ,,გ..ის“ მიერ განხორციელებული გამავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ზარები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების სფეროში, რისთვისაც სავალდებულო იყო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ შპს „გ..სა“ და შპს „მ..ს შორის დავის განხილვის მიზნით, შპს „გ..ის“ პროგრამულ კომუტატორებზე და სერვერებზე ზარების განხორციელების რეალურ დროში კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს, ასევე კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის (CDR) ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ შპს „გ..“ იღებს ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავს გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ..ის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: ...). განხორციელებული ზარების ჩანაწერში არ ჩანდა საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი. ფაქტობრივად, შპს „გ..მ“ არ იცის შემკვეთი აბონენტის ნომერი, რომელთანაც უნდა დააკავშიროს დასაკავშირებელი აბონენტი (პირობითად „ბ“ ნომერი). კომისია პირობითად განიხილავს საქართველოში დარეკვის მსურველ საზღვარგარეთ მყოფ აბონენტს „ა“ აბონენტად, ხოლო ვისთანაც სურს მას დაკავშირება „ბ“ აბონენტად. აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი. აქედან გამომდინარე, კომისიამ მითითებული სქემით ზარის განხორციელება მიიჩნია სამართალდარღვევად.
კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გერმანიაში მყოფი აბონენტი, სატელეფონო ნომრით - ... 2015 წლის 7 დეკემბერს 19:28:35 საათზე სტანდარტული წესით ახორციელებდა სატელეფონო ზარს საქართველოში (... აკრეფით და არა „გ..ის“ მიერ განმარტებული სქემით), რა დროსაც, არ გამოვლენილა მომხარებლისათვის ე.წ. „ქოლბექის“ მიწოდების ფაქტი. ეს სატელეფონო ზარი მიიღო ტრანზიტულად თურქეთში „გ..ის პარტნიორმა კომპანიამ, შეცვალა „ა“ ნომერი და გაუგზავნა თავის სერვის ცენტრის „ა“ ნომრით (...) „გ..ს“, ამ უკანასკნელმა კი ასევე შეცვალა „ა“ ნომერი და ზარი დასასრულებლად გაუგზავნა შპს „მ..ს“ თავისი სერვის ცენტრის ნომრით (...), როგორც ადგილობრივი ზარი.
კასატორის მითითებით, კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრულ ტარიფები. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაკავშირებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის შპს "მ..ისთვის" მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაციისთვის დადგინდა 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ერთი წუთი; ხოლო იმავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სხვა ავტორიზებული პირების მიერ სხვა მოძრავი ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისთვის დადგინდა 0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი. კასატორს მიაჩნია, რომ შპს „გ..მ“ მომსახურება/სქემა შექმნა ქვედა ზღვრული ტარიფის, 20 ცენტი -1 წუთზე, თავიდან არიდების მიზნით.
კასატორი უთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც, მისი შეფასებით, დგინდება შპს „გ..ის“ მიერ შპს „მ..ის“ ქსელში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების ფაქტი და ასევე, გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნორმის გამჭვირვალედ გადაცემის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
კასატორის მითითებით, ილახება ასევე მესამე პირის - შპს „მ..ის“ კანონიერი ინტერესიც, ვინაიდან, შპს „მ..ის“ მიმართ მოწინააღმდეგე მხარის დავალიანება 2016 წლის 11 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 27,024,64 აშშ დოლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „გ..“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც გააჩნია ავტორიზებული საქმიანობის სხვადასხვა სახეები, მათ შორის, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. ამასთან, შპს „გ..“ კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №42/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურს ინდექსით ...(2000 სააბონენტო ნომერი) ქ. თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად და კომისიის 2008 წლის 17 ივლისის №413/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურს ... საინფორმაციო- საცნობარო მომსახურების გასაწევად.
შპს ,,გ..მ“ 2015 წლის 26 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და აცნობა, რომ კომპანია აპირებდა ახალი სერვისის დანერგვას, კერძოდ, კონტაქტ ცენტრში ვებ სერვისის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე - ადგილობრივი/საერთაშორისო ზარების და კონფერენციების განხორციელებას. ამასთან, კომპანიის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი სერვისის არსი, რომლის თანახმად, შემოსული შეკვეთის საფუძველზე, სადაც ტექსტის სახით მითითებული იქნებოდა ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირების სასურველი დრო, შპს ,,გ..“ კონტაქტ ცენტრიდან განახორციელებდა გამავალ ზარებს შემკვეთისა და დასაკავშირებელი აბონენტის ნომრებზე, რის შემდეგაც განხორციელდებოდა ამ ზარების შეერთება. ამდენად, კომპანია უზრუნველყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო მხოლოდ გამავალ ზარებს საკუთარი ტექნიკური საშუალებების და შეერთებების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გ..მ“ ითხოვა განმარტება ხსენებული სერვისის განხორციელებისთვის თუ რა დამატებითი პირობების შესრულება იყო აუცილებელი მათი მხრიდან და წარმოადგენდა თუ არა მითითებული ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 6 თებერვლის წერილით შპს ,,გ..ის“ დირექტორს აცნობა, რომ კომპანიის მიერ აღწერილი სერვისი ექვემდებარებოდა ავტორიზაციას და წარმოადგენდა კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის ისეთ ავტორიზებად სახეს, როგორიც იყო ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, კერძოდ, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
შპს „გ..სა“ და შპს „V..“-ს შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურება მოიცავდა შემდეგს - შპს „V..“-დან შპს „გ..ში“ შესული შეკვეთის (რომელშიც ტექსტის ფორმატში მითითებულია ზარის შემკვეთის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და კავშირის განხორციელების სასურველი დრო) საფუძველზე, შპს „გ..ის“ კონტაქტ ცენტრიდან ხორციელდებოდა გამავალი საერთაშორისო ზარები შპს „V..“-ის მომსახურების შემკვეთის მიმართულებით. ასევე, შეკვეთაში მითითებული დასაკავშირებელი აბონენტის მიმართულებით, რის შემდეგ შპს „გ..ის“ კონტაქტ ცენტრის ბაზაზე ხორციელდებოდა აღნიშნული ზარების შეერთება. ამასთან, შეკვეთების შეგროვებას და ტექსტური ფაილების გადაცემას შპს „გ..ისთვის“ უზრუნველყოფდა შპს „V..”.
შპს ,,გ..მ“ 2015 წლის 28 აპრილს საჩივრით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, აცნობა, რომ ხსენებულ სერვისს ახორციელებდნენ 2015 წლის 2 მარტიდან, თუმცა მობილური ოპერატორების მხრიდან მათ ქსელში საერთაშორისი ტერმინაციაზე ეჭვის გაჩენის გამო, სერვისი დროებით შეჩერებული ჰქონდათ, ვინაიდან შპს ,,მ..ის“ მხრიდან ზარების გარკვეულ რაოდენობას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისოდან დასრულების კატეგორია, შპს ,,გ..მ“ მოითხოვა უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი მ..ის მოთხოვნა მათ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ.
შპს ,,მ..მა“ 2015 წლის 5 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიისგან თანხმობა, რათა შპს ,,გ..ისთვის“ შეეწყვიტა ურთიერთჩართვა ამ უკანასკნელის მიერ შემდეგი სამივე პირობის დაკმაყოფილებამდე: ა) შპს ,,გ..ის“ მიერ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე; ბ) შპს ,,გ..ის“ მიერ შპს ,,მ..ის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენამდე; გ) შპს ,,გ..ის“ მიერ შპს ,,მ..თან“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე. შპს ,,მ..მა“ ასევე მოითხოვა განმარტება, თუ რამდენად იყო შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან შპს ,,გ..ის“ მიერ საერთაშორისო ზარების შემოტანა/დასრულება ადგილობრივი ნომრით, ხოლო, თუკი მოცემული სქემით საერთაშორისო ზარის დასრულება არ ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ ასეთი ზარი მიჩნეული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო თუ ადგილობრივ ზარად.
შპს ,,გ..სა“ და შპს ,,მ..ს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ფარგლებში 2015 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომის №38 საოქმო დავალების თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ეთხოვა შპს ,,გ..ის“ საქმიანობის ტექნიკური მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს იმავე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის 2015 წლის 9 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ეცნობა მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმად, დადგინდა შპს ,,გ..ის“ მუშაობის სქემა, კერძოდ, მითითებული სქემის მიხედვით, შპს „გ..ის“ პარტნიორი ოპერატორი იღებდა საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახდენდა ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში, ხოლო შპს „გ..“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებდა 2 გამავალ ზარს. ამასთან, შპს ,,გ..ისთვის“ არ იყო ცნობილი ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი, რის გამოც კომპანიის მიერ დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი (საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 28 იანვრის №60/16 გადაწყვეტილების თანახმად იმ საფუძვლით, რომ შპს ,,გ..“ არ ახორციელებდა გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირებას, ხოლო შპს ,,მ..ს“ უნდა უზრუნველეყო მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება, კომისიამ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო შპს „მ..ის“ განცხადება შპს ,,გ..სთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგი პირობებით, კერძოდ, ა) წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი სატელეფონო ზარის განხორციელების სქემით შპს ,,გ..ის“ მიერ სატელეფონო ზარის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში დასრულება წარმოადგენდა საერთაშორისო ზარის დასრულებას; ბ) შპს ,,მ..ს“ უნდა უზრუნველეყო მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება; გ) მხარეებს უნდა უზრუნველეყოთ 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს ,,გ..ის“ მიერ შპს ,,მ..ის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება ოფერტით განსაზღვრული პირობებით. შპს „გ..ს“ ასევე დაევალა შპს ,,მ..ის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებამდე შპს ,,მ..ის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შპს ,,მ..თან“ ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, შპს ,,გ..ს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიღების მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.
ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი. ხოლო, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება არის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ შპს „გ..ის“ მიერ სადავო სერვისის, სქემის, პირობებში ზარის განხორციელება ხდებოდა შემდეგი პროცესით - შპს „გ..“ პარტნიორი უცხოური კომპანიისაგან ტექსტური შეტყობინების საფუძველზე იღებდა შეკვეთას, რომელშიც მითითებული იყო ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირებისათვის სასურველი დრო, რის შემდეგაც კომპანიის ქოლ-ცენტრიდან, ქოლცენტრის ნომრით ხორციელდებოდა ერთის მხრივ ადგილობრივი გამავალი ზარი გამოსაძახებელ აბონენტთან, ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო გამავალი ზარი (პარტნიორი კომპანიიის გავლით) შემკვეთ აბონენტთან, რისი საშუალებითაც შემკვეთი აბონენტი უკავშირდებოდა დასაკავშირებელ აბონენტს. ანუ პროცესი ითვალისწინებდა არა, შპს „გ..ის“ ნომერზე/ცენტრში ზარის შემოსვლას, არამედ ინიცირების საფუძველზე, შპს „გ..ის“ მიერ, საკუთარი ნომრ(ებ)ით, ორი გამავალი ზარის განხორციელებას და შემდგომ მათ შეერთებას, როგორც ეს მითითებულია შპს „გ..ის“ მიერ კომისიისათვის 2015 წლის 26 იანვრის წარდგენილ წერილში, რომლის პასუხადაც, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღწერილი სერვისი ექვემდებარებოდა ავტორიზაციას და წარმოადგენდა კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის ისეთ ავტორიზებად სახეს, როგორიც იყო ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, რისი უფლებაც მოცემულ შემთხვევაში მას გააჩნდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ მომხდარა გარემოებების სრულყოფილი შესწავლა და შეფასება. ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალებულება განესაზღვრა თუ რამდენად იყო შპს ,,გ..ის“ მიერ განხორციელებული გამავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ზარები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების სფეროში, რისთვისაც სავალდებულო იყო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა. ამასთან, სადავო შემთხვევის მე-13 მუხლის რეგულირების სფეროში მოქცევის პირობებში რამდენად ირღვეოდა ნომრის გამჭვირვალედ გადაცემის პრინციპი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკასაციო საჩივარზე 05/06/2020 წ. საგადახდო დავალება №1591368223-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (204953050) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05/06/2020 წ. საგადახდო დავალება №1591368223-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი