№ბს-55(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 16 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...-ის’’ მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შპს „...-ისათვის’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის ტერიტორია, საკადასტრო კოდი ...) ნაწილით 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება, რაც შეადგენდა 2015 წლისათვის ჯამში 7299 ლარს, 2016 წლისათვის ჯამში - 7764 ლარს, 2017 წლისათვის ჯამში - 8220 ლარს, 2018 წლისათვის ჯამში - 8064 ლარს და 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 672 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ტერიტორია, საკადასტრო კოდი ..., მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება, ...ის ტერიტორია, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, 545 კვ.მ. ფართით უკანონოდ სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს „...“. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილის - 545 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2015 წლის 9 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 622 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 647 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 685 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან - 672 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გაეგზავნა წერილები, რომლებითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე შპს „...’’-ს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...“-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 სექტემბერს წარდგენილ იქნა შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე 2019 წლის 2 ივლისიდან აღარ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხეს დაკისრებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეადგენდა 2015 წლისათვის - 7299 ლარს, 2016 წლისათვის - 7764 ლარს, 2017 წლისათვის - 8220 ლარს, 2018 წლისათვის - 8064 ლარს და 2019 წლის იანვრიდან ამავე წლის 2 ივლისამდე - 4075.35 ლარს, სულ ჯამში - 35 422.35 ლარს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 4342,3 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
პალატამ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 4342,3 ლარის გადახდა, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესული იყო კანონიერ ძალაში.
პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეემოწმებინა მხოლოდ 2015 წლიდან 2017 წლის აპრილამდე და 2019 წლის 31 მაისიდან 2 ივლისის პერიოდში სახელმწიფო ქონებით არამათლზომიერად სარგებლობისათვის შპს „...“-სათვის 31080,05 (ოცდათერთმეტი ათას ოთხმოცი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 2840 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2014 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდით (წინა ნომერი ...) სახელმწიფოს საკუთრებად.
პალატის განმარტებით 2019 წლის 18 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება განახორციელა, რის შედეგადაც მითითებული ქონების შპს „...“-ის (ს/ნ ...) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა. 2019 წლის 18 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შპს „...“-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რისი ფოტოგადაღებაც ადგილზე დათვალიერებისას განხორციელდა. ადგილზე დათვალიერების ოქმზე დართული, 18 მარტით დათარიღებული ფოტოების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე დაწყობილი იყო სამშენებლო მასალა. 2018 წლის 28 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მფლობელობის თაობაზე შეადგინა აქტი, რომლითაც მითითებული ქონების ნაწილის - 545 კვ.მ ფართის შპს „...“-ის (ს/ნ ...) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი დააფიქსირა, კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, შპს „...“-ს ჰქონდა ქვის საამქრო და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს იყენებდა დამზადებული მასალის, ასევე, სხვადასხვა სამშენებლო მასალის დასაწყობად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2018 წლის 7 ივნისსა და 27 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „...“-ს წერილებით მიმართა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლის შესაბამისად თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ნაწილით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდის მოთხოვნით. შპს „...“-ის 2018 წლის 15 ივნისის წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ შპს „...“-მა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით სარგებლობა 2017 წლის მაისიდან დაიწყო.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 11 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ნაწილის - 545 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის მიზნით აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის №005121918 დასკვნის მიხედვით, თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან საკვლევად წარდგენილი 545 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 622 ლარს 2015 წლის 9 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, 647 ლარს - 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, 685 ლარს - 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 672 ლარს - 2018 წლიდან დასკვნის შედგენამდე.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 28 მაისის აქტი და 2019 წლის 18 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი ადასტურებდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილით შპს „...“-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სარგებლობის ფაქტს მხოლოდ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. დასახელებული დოკუმენტები არ ასახავდა 2018 წლის მაისამდე და 2019 წლის მარტის შემდეგ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით შპს „...“-ის მიერ სარგებლობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა მათთან ერთობლიობაში იურიდიული პირის განმარტება მიწის ნაკვეთით სარგებლობის პერიოდზე იძლეოდა შესაძლებლობას დადგენილიყო, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილით შპს „...“ სარგებლობდა 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 31 მაისამდე.
პალატის განმარტებით 2018 წლის 28 მაისის აქტისა და 2019 წლის 18 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დგინდებოდა იურიდიული პირის მიერ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კონკრეტული ნაწილის - 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას კონკრეტულად რამდენი კვადრატული მეტრით სარგებლობდა შპს „...“. პალატამ აღნიშნა, რომ იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოს მონაცემების მიხედვით, მასზე მონიშნული, სავარაუდოდ, 2018 წლის 8 მაისის აქტით „...“-ის მიერ დაკავებულად მითითებული ფართი მოიცავდა გზის მიმდებარე ტერიტორიასაც, რომელიც მისი მდებარეობიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ავტოსადგომად ყოფილიყო გამოყენებული არა მხოლოდ „...“-ის, არამედ ნებისმიერი პირის მიერ, ამასთან, ორთოფოტოზე მითითებული იყო, რომ ამ ფართს ფლობდა დ. ბ-ი და არა „...“.
პალატამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფარგლები უნდა დადგენილიყო მოპასუხის განმარტების შესაბამისად და დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო მოპასუხის მიერ მხოლოდ 140 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 31 მაისამდე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის №005121918 დასკვნის მიხედვით, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან საკვლევად წარდგენილი 545 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წელს შეადგენდა 685 ლარს, ხოლო 2018 წლიდან - 672 ლარს, ამ ნაკვეთის ნაწილისათვის - 140 კვ.მ ფართისათვის 2017 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათლით (8 თვისათვის) გადასახდელი თანხა შეადგენდა 1407,7 ლარს (176 ლარი * 8 თვე), ხოლო 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით (17 თვე) გადასახდელი თანხა იყო 2934,6 ლარი (172,6 ლარი * 17 თვე). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 4342,3 ლარის გადახდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. აღნიშნული დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და როგორც სააპელაციო პალატის, ისევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გაზიარებული.
კასატორის მოსაზრებით უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მოპასუხის მიერ სადაო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს, იყო სააგენტოს მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმები და ფოტომასალა. ოქმი წარმოადგენს ერთგვარ ფაქტების კონსტატაციას, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს.
კასატორის მოსაზრებით, ყველა იმ სამართალურთიერთობაში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. მტკიცების, მტკიცების გაქარწყლების, ნებისმიერი შეცილებისა თუ განხორციელებული ქმედების დასაბუთების მაღალი სტანდარტი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოზეა გადატანილი. სახელმწიფოში მოიაზრება ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების სახით წარმოდგენილი სუბიექტები, მოცემულ შემთხვევაში კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიჩნეულია, როგორც დავის მონაწილე ძლიერ მხარედ და მას მაღალი სტანდარტი უწესდება, ლოგიკურია, მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც ასევე მაღალი სტანდარტისაა, როგორც კანონშესაბამისობის, ასევე სანდოობის კუთხით. ამდენად, კასატორის მითითებით, იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება, რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა და განკარგვა და რომლის ყოველდღიური საქმიანობა ასეთი ქმედებების ადმინისტრირებაა, ბუნებრივია ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად და აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა სასამართლოში.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს გადაწყვეტილება, მიუთითოს გაზიარებული მტკიცებულებების თაობაზე და განმარტოს რატომ არ გაიზიარა სხვა მტკიცებულება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კასატორმა მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელთაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე სახელმწიფო ქონების ნაწილით არამართლზომიერი სარგებლობის გამო შპს „...“-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება შემდეგი ოდენობით: 2015 წლისათვის - 7299 ლარი, 2016 წლისათვის - 7764 ლარი, 2017 წლისათვის - 8220 ლარი, 2018 წლისათვის - 8064 ლარი, 2019 წლის იანვრიდან ამავე წლის 2 ივლისამდე - 4075.35 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 4342,3 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე სარგებლობდა მხოლოდ 140 კვ.მ მიწის ნაკვეთით 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 31 მაისამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია: ა) მოპასუხის სარგებლობაში არსებული ფართობის მოცულობა სრულ პერიოდზე (2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 2 ივლისამდე); ბ) 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით და 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 2 ივლისამდე პერიოდში სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის საკითხი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ტერიტორია (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 2840 კვ.მ., ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია 2014 წლის 23 დეკემბერს (ს.ფ 16-17).
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005121918 დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 2840 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 545 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დამკვეთის მიერ ორთოფოტოზე მონიშნული) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 9 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საორიენტაციოდ შეადგენდა 622 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საორიენტაციოდ შეადგენდა 647 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 545 კვ.მ. მიწის ნაკვთზე 685 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე მთლიან 545 კვ.მ. ფრთობზე საორიენტაციოდ შეადგენს 672 ლარს.
საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 28 მაისის აქტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „...“. ამავე აქტში მითითებულია, რომ მოპასუხე სარგებლობს ნაწილით, გახსნილი აქვს ქვის საამქრო და დამზადებული, ასევე სხვადასხვა სამშენებლო მასალები განთავსებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც მოიცავს 545 კვ.მ ფართობს.
საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 18 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია ობიექტის მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის ტერიტორია ს/კ ..., ასევე აღნიშნულია, რომ ობიექტი დაკავებულია შპს „...“-ის მიერ.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება სარგებლობის ფაქტი აქტის/დათვალიერების ოქმის შედგენის დროისათვის. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შპს „...“ სარგებლობდა უძრავი ქონების მხოლოდ 140 კვ.მ-ით 2017 წლის მაისიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში იძლევა იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ შპს „...“ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ნაწილით - 140 კვ.მ მიწის ნაკვეთით 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 31 მაისამდე.
საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „...“ მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობდა ზემოაღნიშნულ პერიოდამდე და ამავე პერიოდის შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 545 კვ.მ უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი. კასატორის მიერ მითითებული აქტი, ფოტომასალა და დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას, რის გამოც მართებულად არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე