Facebook Twitter

ბს-914(კ-20) 17 თებერვალი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ 14.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასულებელი დირექტორის 09.06.2017წ. N21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 12.07.2017წ. N8 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მ. მ-ეს უარი ეთქვა სასწავლო დაფინანსებისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა კომისიისათვის მ. მ-ეის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკონკურსო კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხელახლა მსჯელობის და მ. მ-ეისთვის დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2018წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.06.2017წ. N21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 12.07.2018წ. N8 სხდომის ოქმი მ. მ-ეის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასტიპენდიო კონკურსი მოიცავდა 3 ეტაპს: პირველ ეტაპზე ხორციელდებოდა ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში ატვირთვული განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება, მეორე ეტაპი გულისხმობდა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივ შეფასებას, ხოლო მესამე ეტაპი იყო გასაუბრება. სამი ეტაპის შედეგად მ. მ-ე შეფასდა 65,8 ქულით, საიდანაც გასაუბრების ეტაპზე მიღებული ქულა შეადგენდა - 28,2-ს. მიღებული ჯამური ქულით მ. მ-ემ სამართლის მიმართულების რეიტინგში დაიკავა მე-17 ადგილი და ვერ მოიპოვა დაფინანსება. განსახილველ შემთხვევაში სადავოა კომისიის 12.07.2017წ. სხდომის ოქმის კანონიერება რეალობის არასწორად ასახვის მოტივით. მოსარჩელის განმარტებით, გასაუბრების ეტაპზე მისთვის შეკითხვები არ ყოფილა იმ სახით დასმული, რითაც კომისიის წევრებს შესაძლებლობა ექნებოდათ შეეფასებინათ მ. მ-ე ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. მისივე განმარტებით, საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ისაუბრა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამასა და მოლოდინებთან, ასევე მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებასთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისია, მისი შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადამოწმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვას. პალატამ აღნიშნა, რომ მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე, მაგრამ ასეთი ვითარება მხარეთა ახსნა-განმარტებას არ ართმევს მტკიცებულებით ძალას, მხოლოდ ავალებს სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასოს მხარის ახსნა-განმარტება. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გასაუბრების მიმდინარეობის, დასმული შეკითხვებისა და მათზე გაცემული პასუხების ამსახველი არც ერთი დოკუმენტი, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის ოქმი, რომელიც არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ერთმევა შესაძლებლობა, შეაფასოს დასმული შეკითხვების შემხებლობა კონკურსის კრიტერიუმებთან. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ოქმის დანიშნულება და მისი წარმოების სამართლებრივი მიზანია სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე. პალატამ მიიჩნია, რომ დაფინანსების მიზნით გამართული კონკურსის მე-3 ეტაპის, გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს სწორედ მოპასუხე მხარეს და არა მოსარჩელეს. მოპასუხეს, როგორც გასაუბრების ჩამტარებელ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა მეტი მტკიცების საშუალებებით, მათ შორის, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერის ან სხვა საშუალებების დახმარებით, გაებათილებინა მეორე მხარის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სრულიად უცნობია კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვების ფორმულირება, გაურკვეველია მ. მ-ეის ყველა კრიტერიუმით შეფასების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ კონკურსი გამოცხადდა და ჩატარდა ნორმატიულად დადგენილი წესის შესაბამისად. საკონკურსო პირობები, კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მ. მ-ეისთვის წინასწარ იყო ცნობილი. საკონკურსო კომისიის თითოეულმა წევრმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად შეაფასა კონკურსანტები, რის საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სასტიპენდიო პროგრამა არ ითვალისწინებდა კომისიის ცალკეული წევრების მიერ ქულის მინიჭების დასაბუთებას. კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება კომისიის წევრების მიერ, კონკურსის თითოეულ ეტაპზე ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად წინასწარ დადგენილი შეფასების ფორმების შესაბამისად და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრის ფარგლებში მინიჭებული ქულების ჯამიდან მიღებულ საშუალო ქულას, რაც უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. მ. მ-ეის შეფასება განხორციელდა წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად, რაც სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსანტის მიერ ერთ კითხვაზე გაცემული პასუხის შედეგად არ გამოირიცხება მისი რამდენიმე კრიტერიუმით შეფასების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ცენტრი არ ახდენს გასაუბრების აუდიო და ვიზუალურ ჩაწერას ან კონკურსანტისთვის დასმული შეკითხვების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში ასახვას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რადგან მსგავსი ჩანაწერის წარმოების ნორმატიული ვალდებულება ორგანოს არ ჰქონია. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას მინიჭებული ქულის, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის დადგენა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლოს კონტროლი არ მოიცავს დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის შეფასებას. ამდენად, გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ჩაწერის შემთხვევაშიც სასამართლო არ იქნებოდა უფლებამოსილი შეეფასებინა კონკურსანტისთვის დასმული კითხვების რელევანტურობა შესაფასებელ კრიტერიუმთან. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს (სუსგ 13.02.2018წ. N37-37(კ-18)).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს 13.02.2018წ. Nბს-37-37(კ-18) განჩინების მითითება არ არის რელევანტური. მართალია აღნიშნული განჩინების მიხედვით კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს მ. მ-ესთან ჩატარებული გასაუბრებისა და მისთვის კონკრეტული შეფასების მინიჭების მართლზომიერება და არა მიზანშეწონილობა. სააპელაციო პალატამ თავადვე მიუთითა, რომ იგი არ არის კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადამოწმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლიდან სრულ გამორიცხვას. ამდენად, სუსგ 13.02.2018წ. Nბს-37-37(კ-18) განჩინებაზე მითითება არ ადასტურებს დივერგენციას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია, შემფასებლის უფლებამოსილება შებოჭილია სქემაში მოცემული კრიტერიუმებით, სქემაში მოცემული ცნებებისათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა შეფასების თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (სუსგ 24.12.2021წ. Nბს-590(კ-20)). კონკურსის ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღების მოთხოვნა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირს უნდა გაევლო სამი ეტაპი: პირველ ეტაპზე ხორციელდებოდა ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში ატვირთვული განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება, მეორე ეტაპი გულისხმობდა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივ შეფასებას, ხოლო მესამე ეტაპი იყო გასაუბრება. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მესამე ეტაპის - გასაუბრების შედეგები მ. მ-ესთან მიმართებით. საქმის მასალების მიხედვით, გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები იყო: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდებოდა ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10. საქმეში დაცულია აგრეთვე სადავო 12.07.2017წ. N8 ოქმი, რომლის თანახმად, დადგინდა საცხოვრებელი ხარჯის ზღვრული ოდენობები ქვეყნების მიხედვით, გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა 10 მიმართულების წარმომადგენლები, მათ შორის 20 კონკურსანტი სამართლის დარგიდან და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტები, მათ შორის სამართლის მიმართულებიდან - 10 კონკურსანტი. დანართის მიხედვით მ. მ-ეს მიენიჭა ჯამური 65,8 ქულა, რითაც სამართლის მიმართულების რეიტინგში დაიკავა მე-17 ადგილი და ვერ მოიპოვა დაფინანსება. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც სადავო ოქმი და არც საქმეში წარმოდგენილი რომელიმე სხვა დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას მ. მ-ესთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ. არ ირკვევა დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსი თუ ფორმულირება, რის გამო გაურკვეველია მ. მ-ესთან ჩატარებული გასაუბრების შეფასების საფუძვლები, დასმული კითხვების შემხებლობა შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან.

მ. მ-ეის მითითებით, მას დაუსვეს მხოლოდ 5 ფორმალური შეკითხვა, საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარმოუდგენია. არ არსებობს გასაუბრების მიმდინარეობის დეტალურად ამსახველი რაიმე დოკუმენტი, რის გამო კონკურსის კანონიერების შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვერ დგინდება კანდიდატებისთვის, მათ შორის მ. მ-ეისთვის დასმული შეკითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. კომისიის წევრების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებით ქულების ინდივიდუალურად დაწერა, არ ქმნის გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება და თითოეული კონკურსანტისათვის უპირატესობის მინიჭება (სუსგ 05.10.2017წ. Nბს-365-362(კ-17)), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია . ამასთანავე, მართალია ზოგადად არ გამოირიცხება ერთ კითხვაზე მიღებული პასუხით კონკურსანტის რამდენიმე კრიტერიუმით შეფასების შესაძლებლობა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გაურკევევლია დასმული კითხვისა და მიღებული პასუხის ფორმულირებები, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 5 კითხვით ცენტრმა შეძლო მ. მ-ეის შეფასება შვიდ კრიტერიუმში, რომელთაგან ზოგიერთი კრიტერიუმი თავის თავში ერთ კითხვაზე მეტს აერთიანებდა, ასევე შეუძლებელია იმის დადგენა დასმული კითხვები რამდენად იყო შემხებლობაში გასაუბრების შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან. ის, რომ გასაუბრების მიმდინარეობის დეტალური აღწერის შემცველი ოქმი სხვა კონკურსის ფარგლებშიც არ დგება, არ ადასტურებს სადავო აქტის კანონიერებას და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრაქტიკა არ არის სასამართლოს განმარტებების სისწორის შეფასებისას განმსაზღვრელი.

კასატორის მოსაზრება, რომ მ. მ-ეის შეფასება მართლზომიერად განხორციელდა არ ეფუძნება რაიმე ფაქტობრივ საფუძველს ან დასაბუთებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცული მესამე ეტაპის - გასაუბრების ქულების ამსახველი ცხრილის შესწავლისას იკვეთება ქულათა არაერთგვაროვნება, მათ შორის მკვეთრი სხვაობა, მაგ.: რამდენიმე შემთხვევაში ერთსა და იმავე კითხვაზე ზოგ შემფასებელს მინიჭებული აქვს 4 ქულა, ხოლო სხვას - 1. საქმეში დაცული შეფასების ფორმების მიხედვით, 4 ქულით პირი ფასდება იმ შემთხვევაში, უკეთუ იგი დასმულ შეკითხვაზე პასუხობს პროფესიონალური ენით, დამაჯერებლად, არგუმენტირებულად, ხოლო 1 ქულა კონკურსანტს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი შემოიფარგლება ზოგადი ტრაფარეტული ფრაზებით, არ ასახავს ინდივიდუალურ პოზიციას. მართალია შეფასებისას სუბიექტური ფაქტორები არ გამოირიცხება, თუმცა ქულებს შორის მკვეთრი სხვაობა შეფასების სათანადოობას ნაკლებ სარწმუნოს ხდის. შეფასების გამოხატვას მხოლოდ ქულებში შეუძლია არასწორი შთაბეჭდილება შექმნას პროცესის ობიექტურობასა და სანდოობაზე, თუ მათი გამოყენება დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდება, მით უფრო მაშინ, თუ მინიჭებულ ქულებს შორის არსებითი სხვაობაა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მ. მ-ეს პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ, შესაბამისად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმებისას შეზღუდულია ცენტრის საკასაციო საჩივრის ფარგლებით (სსკ-ის 404.1 მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი