№ბს-1184(გ-21) 9 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები - სს „ს..“ (ს/ნ ...), სს „გ..“ (ს/ნ ...)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები: მ. ვ-ი, მ. მ-ი, გ. ლ-ე, ვ. ს-ე
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს..ის“ და სს „გ..ს“ წარმომადგენელმა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ე) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. ვ-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებისა და მ. ვ-ის განცხადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სს „კ..“, რომლის აქციათა 63.34%-ის მფლობელ აქციონერებს წარმოადგენენ მოსარჩელეები, არის 1998 წლის 10 აპრილს რეგისტრირებული კომპანია და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რეესტრების წარმოება. სს „კ..ს“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრები იყვნენ: ვ. ს-ე, მ. მ-ი და გ. ლ-ე, ხოლო კომპანიის დირექტორი იყო მ. ვ-ი. აღნიშნული პირები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ 2015 წლის 14 ივლისს. სს „კ..ს“ მაჟორიტარი აქციონერებისათვის კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი ახალი პირების დანიშვნაში ხელის შეშლის მიზნით, ზემოთ დასახელებულმა პირებმა წარმოადგინეს სს „კ..ს“ აქციონერთა 2012 წლის 3 აგვისტოს კრების ოქმი, რომელზე დაყრდნობითაც გნაცხადეს, რომ ცვლილებას ესაჭიროებოდა ხმათა 75%. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, რომლის საგანიც არის 2012 წლის 3 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობა. საქმეზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება შემდეგი ფორმულირებით: „სს „ს..ის“ და სს „გ..ს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს სს „კ..ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი - №...) 2012 წლის 03 აგვისტოს აქციონერთა კრების №1 ოქმის მოქმედება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის და გამოწვევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას; აეკრძალოს სს „კ..ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი - №...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „კ..ს“ (საინდენტიფიკაციო კოდი - №...) 2012 წლის 13 აგვისტოს აქციონერთა კრების №1 ოქმის საფუძველზე ნებისმიერი სარეგისტრაციო ან სხვა სახის მოქმედების განხორცილება.“
მიუხედავად გამოყენებული უზრუნველყოფისა, მ. ვ-იმა 2019 წლის 20 დეკემბერს განცხადება წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა 2012 წლის 3 აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა სამჯერ შეაჩერა საქმის წარმოება, თუმცა 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით განცხადება დააკმაყოფილა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სს „ს..ისა” და სს ,,გ..ს” სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 23 დეკემბრის №..., 2020 წლის 23 იანვრის №..., 2020 წლის 24 თებერვლის №..., რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 26 მარტის №..., 2020 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. ვ-ის 2019 წლის 20 დეკემბრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს მ. ვ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს „კ..ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და წესდების ცვლილებების რეგისტრაციის აღდგენა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ვ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ვადად განისაზღვრა 1 თვე, ხოლო 2020 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებითა და 2020 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა დამატებით გაგრძელდა 1 თვით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ვ-ის №... მოთხოვნა სს „კ..ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სადავო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით კი უარი ეთქვა სს „კ..ს“ აქციონერების სს „გ..ს“, სს ,,ს..ის“ წარმომადგენელს - გ. ო-ეს 2019 წლის 27 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალებას.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. კერძოდ კი, სააქციო საზოგადოების, ისევე როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობების, საზოგადოების მართვის საკითხები, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის რეგისტრაციის, საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის საკითხები სამართლებრივად წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობებს, რომლებიც კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი). ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული, საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან; გასაჩივრებული აქტები არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დეფინირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე (სს „ს..ისა“ და სს ,,გ..ს“ სარჩელი) განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეების ინტერესი არის არა დამატებით კიდევ ერთი კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, არამედ მოსარჩელეების ინტერესია, რომ პასუხი გაეცეს მათ ადმინისტრაციულ სარჩელს იმ თვალსაზრისით, რომ საჯარო რეესტრმა თავისი უკანონო ქმედებებით ხელოვნურად შეუშალა ხელი მოსარჩელეებს სამოქალაქო დავის ფარგლებში მიღწეული უფლების რეალიზებაში. განსახილველი დავის გადაწყვეტისას, მოსარჩელეების ნების შესაბამისად, მნიშნველოვანია დადგინდეს, სახეზე გვაქვს თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ე) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. ვ-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებისა და მ. ვ-ის განცხადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ. ვ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება სს „კ..ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი - ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა 1 თვე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა დამატებით 1 თვე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ისევ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციო წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა დამატებით 1 თვე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის შესახებ), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2/22900-2015) საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №... და №... გადაწყვეტილებებისა და რეგისტრაციის შესახებ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული ... გადაწყვეტილება და აღდგა აღნიშნულ რეგისტრაციებამდე არსებული მდგომარეობა.
ამავე გადაწყვეტილებით (2020 წლის 26 მარტის №...), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების (საქმე №2/22575-19) საფუძველზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება სს „კ..ს“ 2012 წლის 3 აგვისტოს აქციონერთა კრების №1 ოქმის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის და გამოწვევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის ნაწილში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს „კ..ს“აქციონერების სს „გ..ს“ და სს „ს..ის“ წარმომადგენელს - გ. ო-ეს 2019 წლის 27 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის №... (23.12.2019) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. ანალოგიური სახის საკანონმდებლო რეგულაცია მოქმედებს დღეისათვის მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის ანუ იმის გამო, რომ მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, არამედ - სადავო სამართალურთიერთობის საჯაროსამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „ს..ის“ (ს/ნ ...) და სს „გ..ს“ (ს/ნ ...) სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმებით. სამეწარმეო საქმიანობა კი „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებული კერძოსამართლებრივი საქმიანობის ფორმაა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.2013წ. განჩინება საქმეზე №ბს-844-828(გ-12); 26.09.2019წ. განჩინება საქმეზე №ბს-867 (გ-19)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს..ის“ და სს „გ..ს“ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე