საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1252(კ-20) 1 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ჩ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 25 მარტს მ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 24 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ. ჩ-ა ცნობილ იქნა დედამისის - ნ. უ-ეის პირველი რიგის მემკვიდრედ და მას გადაეცა სამკვიდრო ქონება ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/12 ნაწილი (16,5 მ.კვ).
მ. ჩ-ამ 2014 წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მემკვიდრეობის საფუძველზე მიღებულ უძრავ ნივთზე, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 99.00 კვ.მ ფართზე (ზონა: თბილისი, სექტორი: ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2014 წლის 7 ნოემბერს ქ.თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ ...ს ქ. №...-ის მდებარე უძრავ ნივთზე განმცხადებლის საკუთრების უფლება არ დასტურდებოდა და ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შემდგომ, დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში, გაირკვა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ავტორებს დაშვებული ჰქონდათ ტექნიკური შეცდომა და სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მისამართად, ნაცვლად ...ს ქ.№...-ისა, მიუთითეს ...ს ქ. №.... ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა დადგენილი ვადის ამოწურვამდე და 2014 წლის 21 ნოემბერს მ. ჩ-ამ თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი ...ს ქ.№..., თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულ სამკვიდრო მოწმობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ 13/05.2014 წლის №... წერილში მითითებულია ...ს ქუჩა №31.
2014 წლის 25 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უფლების ობიექტზე 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი: ...). აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საჩივრით გასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის 2015 წლის 25 თებერვლის №45373 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 თებერვლის №45373 გადაწყვეტილების, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 2/12 უძრავი ქონების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 ნოემბრის №029/446 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განახორციელოს მოსარჩელის სახელზე ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 2/12 ნაწილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით მ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ამ.
კასატორის განმარტებით, 2014 წლის 4 ნოემბრამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს მ. ჩ-ას მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ხოლო მოსარჩელის მიერ უფლების რეალიზაციის დაწყების მცდელობისთანავე, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, რითაც მ. ჩ-ას მოესპო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინაიდან 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით უფლების ობიექტზე უკვე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება.
2017 წლის 6 თებერვლის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N14/12633 ინფორმაციით დასტურდება, რომ თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულია თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის (შემდგომში ქ. თბილისის მერიის) 1960-2004 წლების და კალინინის რაიონის აღმასკომის (შემდგომში მთაწმინდის რაიონი), ...-კრწანისის რაიონის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 1960-2013 წლების დოკუმენტები, რომლებიც სისტემატიზირებულია თარიღების და დოკუმენტების სახეობების მიხედვით. ამავდროულად, 2017 წლის 20 მარტის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N14/30229 ინფორმაციით დასტურდება, რომ თბილისის ორჯონიკის რაიონის საფინანსო განყოფილების 1966-1968 წლების სახლთმფლობელთა საინვენტარო წიგნში, ...ის ქუჩა N...-ის (ახლანდელი ...ს ქუჩა) მისამართზე ირიცხებიან მოქალაქეები: მ. უ-ე, მ. ქ.-ს ასული ხ-ი, მ. ნ.-ს ძე უ-ე, ვ. ა.-ს ასული ვ-ა, ქ. ა.-ს ასული ტ-ა-ბ-ი და მე. ქ.-ს ასული ხ-ი, რომლებიც ფლობდნენ მიწის ნაკვეთს და იხდიდნენ გადასახადებს. თბილისის კალინინის რაიონის საფინანსო განყოფილების 1972-1974 წლების სახლთმფლობელთა საინვეტარო წიგნებში ...ის ქუჩის (ახლანდელი ...ს ქუჩა) სახლი N...-ის მისამართზე ირიცხებიან შემდეგი მოქალაქეები: ნ. ნ.-ს ასული უ-ე, მ. ქ.-ს ასული ხ-ი-უგრელიძე, მ. ნ.-ს ძე უ-ე, ვ. ა.-ს ასული ვ-ა და ქ. ა.-ს ასული ტ-ა-ბ-ი, რომლებიც ფლობდნენ მიწის ნაკვეთს და იხდიდნენ გადასახადს. ამასთანავე თბილისის ორჯონიკის რაიონის საფინანსო განყოფილების 1960-1965 წლების საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საინვენტარო წიგნებში, ...ის ქუჩა სახლი N... (ამჟამად ...ს ქუჩა) მისამართზე მცხოვრები მოქალაქეების შესახებ საფინანსო ჩანაწერები არ არის დაცული.
კასატორის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების 30-ე მუხლში ნათლად არის მითითებული, რომ „თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე-ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებული მონაცემებით მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას-ერთეულს უკეთდება აღნიშვნა „დანგრეულია’’.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. საჯარო რეესტრი, როგორც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განმახორციელებელი საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის უფლების არა მხოლოდ ფიქსაციის, არამედ - უფლების წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობა იწვევს, მარეგისტრირებელი ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21.4 მუხლი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 24 მაისის სამემკვიდრეო მოწმობის თანახმად, მ. ჩ-ა არის ნ. უ-ეის პირველი რიგის მემკვიდრე და სამკვიდრო ქონება მოიცავს საცხოვრებელი სახლის 2/12 ნაწილს, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქ. .... დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს სახლთმფლობელობის თანასაკუთრებას.
2014 წლის 04 ნოემბერს მ. ჩ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 მაისის №... ინფორმაცია, ორთოფოტო, ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია, ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი.
2014 წლის 7 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, არსებულ 99.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენა, რადგან წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე მ. ჩ-ას საკუთრების უფლება არ დგინდებოდა.
2014 წლის 21 ნოემბერს დაინტერესებულმა პირმა დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, სადაც მიუთითა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული უძრავი ნივთის მისამართი და ასევე დაურთო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია. საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით, უძრავი ნივთის ფართობია 99 კვ.მ და მასზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა.
2014 წლის 25 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებული იყო სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 თებერვლის N45373 გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ჩ-ას მამკვიდრებლის - ნ. უ-ეის უფლება დგინდება ქ. თბილისში, ...ს ქ. N ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე, რომელიც განთავსებულია 385 კვ.მ მიწის ნაკვეთის მხოლოდ 2/12 ნაწილზე, ხოლო მ. ჩ-ას მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 99 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მ. ჩ-ას მიერ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთი წარმოადგენს სახლთმფლობელობის თანასაკუთრებას, ხოლო მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე, სადაც არ არის განლაგებული შენობა-ნაგებობა. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მ. ჩ-ას მიერ, მიუხედავად საკადასტრო აზომვით ნახაზზე მისამართის შესწორებისა, ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი აზომვით ნახაზზე დატანილი და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას სადავო ქონებასთან მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე - მ. ჩ-ა ვერ ადასტურებს კანონით დაცულ უფლებას ან ინტერესს სადავო ქონების (ქ. თბილისი, ...ს N ...-ის მიმდებარედ მდებარე 99 კვ.მ.) მიმართ, შესაბამისად, არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მესამე პირზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციით, კერძოდ, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ასევე საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე 31.12.2020 წ. საგადახდო დავალება №10300018991 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ჩ-ას (...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება.
3. მ. ჩ-ას (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2020 წ. საგადახდო დავალება №10300018991 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე