Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-13(კ-22) 7 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. მ. ა. ა. ო-ნ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 23 თებერვალს ა. მ. ა. ა. ო-ნმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 8 იანვარს, ა. მ. ა. ა. ო-ნმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტაცია: საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე დროს სააგენტოსათვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ეცნობა, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის პირველ ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ა) პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; ბ) საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; გ) პირი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში; დ) პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში, გაუქმებული ავიარეისების გამო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2021 წლის 8 თებერვლამდე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N1000737261 გადაწყვეტილებით ა. მ. ა. ა. ო-ნის განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული რის გამოც მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N1000737261 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ა. მ. ა. ა. ო-ნისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ. ა. ა. ო-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის N1000737261 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის 2021 წლის 8 იანვრის N1000737261 განცხადების ხელახალი განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია კანონი უნდა შესრულდეს იმპერატიულად, მაგრამ შესრულება უნდა იყოს გონივრული და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი უნდა შეფასდეს კომპლექსურად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის (მათ შორის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის) და მტკიცებულებების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეს, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო უცხოელების მიერ ნებართვებთან დაკავშირებით სავარაუდოდ არსებული დაბრკოლებები და განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ერთჯერადი ვადის გასვლისთანავე განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა ა. მ. ა. ა. ო-ნის განცხადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა — იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით ა. მ. ა. ა. ო-ნს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სააგენტოში წარედგინა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე დროს სააგენტოსათვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2021 წლის 8 თებერვლამდე.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სააგენტოსა და საქართველოში ბინადრობის მოპოვების მსურველს შორის კომუნიკაციის სპეციალური წესი. კერძოდ, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა. ამასთან მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი, რომელზეც ფიქსირდება მისივე ხელმოწერა ,,ჩავიბარე და ვეთანხმები", აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტგვერდზე. განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის (გასაუბრებაზე მოწვევა, შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება) მოძიება შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე განცხადების სარეგისტრაციო ნომრისა და კოდური სიტყვის გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის განმარტებით, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილის, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. მ. ა. ა. ო-ნს უარი უთხრა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე დროს სააგენტოსათვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). აღნიშნული წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია, სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 8 იანვარს, ა. მ. ა. ა. ო-ნმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N1000737261/7 გადაწყვეტილებით ა. მ. ა. ა. ო-ნს ეცნობა, რომ დამატებით წარსადგენი იყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე დროს სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ეცნობა, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის პირველ ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ა) პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; ბ) საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; გ) პირი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში; დ) პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში, გაუქმებული ავიარეისების გამო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2021 წლის 8 თებერვლამდე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება. სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის N1000737261 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ა. მ. ა. ა. ო-ნის განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ა. მ. ა. ა. ო-ნმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელის სამსახურისა და ხელფასის ცნობა, სსიპ საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. მართალია ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ხარვეზის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა 2021 წლის 24 მარტს გაცემული სამსახურისა და ხელფასის ცნობა, ასევე, 2021 წლის 25 თებერვლის შპს „...ს“ ცნობა ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლითაც ტურისტული კომპანია ადასტურებს, რომ მსოფლიო პანდემიის გამო ფრენები არ შესრულებულა და გადადებულია ყველა ავიარეისი საქართველოს მიმართულებით. ცნობის გაცემის დღის მდგომარეობით, საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია სპეციალური ნებართვით, რაც ართულებს საზღვრის დატოვებას და კვლავ დაბრუნებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ ა. მ. ა. ა. ო-ნის მიერ წარმოდგენილი ცნობა იძლევა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს. შპს ,,...ს“ 2021 წლის 25 თებერვლის ცნობა წარდგენილია სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს და არა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ დოკუმენტის წარმოდგენის პირობებში მოპასუხის მხრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საკითხი არსებითად უნდა იქნეს განხილული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებზე და განმარტავს, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების გამო, მთავრობის მიერ აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდა უცხოელთა მიმართ ბინადრობის გაცემის წესში გასათვალისწინებელი გარემოებები. კერძოდ, განისაზღვრა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პირობები. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არ მქონე პირი დაადასტურებდა ზემოთ მოცემული წესით დადგენილი საფუძვლების არსებობას, მისი ქვეყანაში ყოფნა კანონიერად იქნებოდა მიჩნეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განკარგულებით დადგენილ პერიოდში, როცა უცხოელის განცხადებას თან ერთვის განცხადების განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი, გარდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტისა, არ შეიძლება ხარვეზის დადგენისას მისი შეუვსებლობის შემთხვევაში უარი ეთქვას განცხადების განხილვაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ა. მ. ა. ა. ო-ნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.11.2021წ. №19799 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.11.2021წ. №19799 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე